×
×

17 ოქტომბერი, 2020

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის სიტყვით გამოსვლა წალენჯიხაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ალექსანდრე მოწერელიას წარდგენაზე

ჩვენ ვართ მომავალზე ორიენტირებული, ჩვენ წარვადგინეთ გამოცდილი გუნდი, ბატონი გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით და ჩვენ მზად ვართ, თქვენთან ერთად, თქვენი მხარდაჭერით, მომავალზეც ავიღოთ პასუხისმგებლობა.

თითოეული მოქალაქე დემოკრატიული არჩევნების დროს ფიქრობს, რისი გაკეთება შეძლო ამ გუნდმა და რის გაკეთებას შეძლებს ის მომავალში. ნებისმიერი სფერო რომ ავიღოთ, ჩვენ მზად ვართ, რომ შედარება გავაკეთოთ იმასთან, რაც 2012 წელს ჩავიბარეთ, რაზეც თქვენ გადმოგვეცით 2012 წელს პასუხისმგებლობა. „ქართული ოცნების“ სახელისუფლებლო გუნდმა ყველაზე უკეთ შეძლო ქვეყანაში მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფა. ყველაზე უკეთ შეძლო ზრუნვა ადამიანზე, მისი უფლებების დაცვაზე, რა ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში და როგორია დღეს ამ კუთხით ვითარება: ყოველწლიურად 5 ათასზე მეტი საქართველოს მოქალაქე თავის სახელმწიფოს წინააღმდეგ აგზავნიდა საჩივარს ევროსასამართლოში, დღეს ეს რიცხვი რვაჯერ არის შემცირებული და დარჩენილ რაოდენობაშიც ძალიან ბევრია ისეთი შემთხვევები, რომელიც წინა ხელისუფლების დროს მომხდარ დანაშაულს და დარღვევებს ეხება. მოგეხსენებათ, ევროსასამართლოს წლები სჭირდება, რომ საქმეები სრულად განიხილოს. რა იყო ჯანდაცვაში? ჯანდაცვა იყო სრულად პრივატიზებული და მოქალაქეებს ელემენტარული მკურნალობისთვის უწევდათ სესხების აღება, სახლების გაყიდვა, დანაზოგების დახარჯვა, დღეს ახლა, როდესაც ჩვენ აქ ვხვდებით წალენჯიხაში, 7 მილიონზე მეტი შემთხვევა აქვს დაფინანსებული ჯანდაცვაში სახელმწიფოს, 60 ათასზე მეტი ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე და ჯანმრთელობა მხოლოდ ერთმა პროგრამამ - „ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამამ“ გადაარჩინა.

განათლების სფეროში ჩვენ უზრუნველვყავით ხელშესახები პროგრესი და ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას. ორნახევარჯერ და მეტჯერ არის გაზრდილი დაფინანსება, გავზარდეთ პედაგოგების ანაზღაურება, ავაშენეთ ახალი სკოლები და ახლაც მიმდინარეობს არაერთი სკოლის მშენებლობა და რეაბილიტაცია. ინფრასტრუქტურის სფეროში სამჯერ მეტი საგზაო ინფრასტრუქტურა არის გაკეთებული ამ წლების განმავლობაში წინა ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ჩვენ გვაქვს ხელშესახები წარმატებები საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში, თქვენი მხარდაჭერით, ჩვენ შევძელით ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება ევროკავშირთან, შევძელით თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების და რეჟიმის მიღწევა და შევძელით უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მიღება. ეს ნიშნავს, რომ დღეს ევროპა ენდობა საქართველოს, ენდობა მის ხელისუფლებას. სხვა ნებისმიერ მიმართულებაში ჩვენ მზად ვართ, რომ ასეთი შედარებები გავაკეთოთ, მაგრამ დღეს, ყველაზე მეტად, ჩვენს საზოგადოებას აინტერესებს მომავალი, რის გაკეთებას ვაპირებთ ჩვენ.

ჩვენი მთავარი საზრუნავი, მთავარი პრიორიტეტი მომდევნო წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა, მოქალაქეებზე ზრუნვასთან ერთად, იქნება ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. ყველა პრიორიტეტი, რომელიც „ქართული ოცნების“ სამომავლო პროგრამაში არის გაწერილი, უკავშირდება, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის გაზრდას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნას. ეს არის, პირველ რიგში, განათლება, რომელიც უფრო კონკურენტულ და უფრო ხარისხიან ცოდნას მისცემს თქვენს შვილებს, ახალ თაობას, პროფესიული განათლება, ინფრასტრუქტურული პროექტები, რაზეც პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა, და ეს 20 მილიარდი ლარი, რასაკვირველია, პირდაპირ ნიშნავს ახალ სამუშაო ადგილებს, მეტ დასაქმებულ ადამიანს. ეს არის სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა, ეს არის ბიზნეს-ინიციატივების მხარდაჭერა სხვა მიმართულებებითაც. ეს არის ჩვენი პროგრამა სამომავლოდ.

ჩვენ მთლიანად მომავალზე ვართ ორიენტირებული, თუმცა, არ დავუშვებთ, რომ ვინმემ სცადოს ჩვენი ქვეყნის წარსულში დაბრუნება. არ დავუშვებთ, რომ ისეთი უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალები მომავალში იყვნენ პოლიტიკაში, როგორიც არის „ნაციონალური მოძრაობა“ და გუშინ კიდევ ერთხელ ვნახეთ, მას შემდეგ, რაც აჭარაში ჯანდაცვის პროფესიონალებმა თავდაუზოგავი შრომით, შეძლეს კოვიდ-19-ის შემთხვევების სტაბილიზაცია, ამ უპასუხისმგებლო ძალამ ჩაატარა გუშინ ხალხმრავალი აქცია, ჩაიყვანეს ხალხი ყველა სხვა მუნიციპალიტეტიდან, ყოველგვარი წესების დაცვის გარეშე - ეს არის საზოგადოების და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება. რასაკვირველია, ამას მოყვება ის, რომ ჩვენ კვლავ მოგვიწევს, აჭარაში გავაორმაგოთ სამედიცინო რესურსები, დავტვირთოთ ორჯერ უფრო მეტად ექიმები, ექთნები და ეპიდემიოლოგები, რომ ამას არ მოყვეს კიდევ შემდეგი გართულებები. არა მხოლოდ აჭარაში, არამედ სხვა რეგიონებშიც. ასეთ პოლიტიკურ ძალასთან გვაქვს დღეს საქმე და მის სატელიტურ სისტემასთან, რომელიც დეზინფორმაციით ცდილობს, რომ ხალხს თეთრი შავად მოაჩვენოს და კარგი ცუდად დააჯეროს. არ დავუშვებთ, რომ ასეთი უპასუხისმგებლო ძალები დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. ეს არის წარსული, მათ აქვთ პრობლემები საკუთარ წარსულთან, ჩვენ კი ვფიქრობთ მომავალზე და მთლიანად მომავალზე ვართ ორიენტირებული. მე მინდა, მხარი დავუჭირო ჩვენს კანდიდატს ამ ოლქში, ბატონ ალექსანდრე მოწერელიას. რატომ უნდა ავირჩიოთ ეს ადამიანი? ის არის გამოცდილი საჯარო მოხელე, უკვე აქვს ჩამოყალიბებული ურთიერთობები და პოლიტიკური მხარდაჭერა როგორც სამთავრობო გუნდთან, ისევე საპარლამენტო პოლიტიკურ გუნდთან, პარტია „ქართულ ოცნებასთან“. მან ზუსტად იცის სად და როგორ უნდა გადაჭრას საკითხები, რომელიც თქვენს საზოგადოებას აწუხებს, შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ სწორედ ის იქნება ყველაზე ღირსეული წარმომადგენელი თქვენი ოლქიდან და ჩვენ ერთად შევეცდებით, რომ გადავჭრათ საკითხები და უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამეგრელოს, თქვენი ქალაქის, თქვენი სოფლების წინსვლა და პროგრესი.