16 ოქტომბერი, 2020
პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო კახის ასეთი პოზიტიური შეფასებისთვის, და მართლაც, ვთქვა, რომ მეამაყება ამ ოთხი წლის განმავლობაში, რომ ამ თავისუფლების მოყვარე, განათლებულ მხარეს და ჩემს მშობლიურ მხარეს - ოზურგეთს წარმოვადგენდი საქართველოს პარლამენტში. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება თავისუფლების, პროგრესის და პოლიტიკის მხარეში-გურიაში. ჩვენი მხარე სავსეა ოპტიმიზმით და მომავლის იმედით. რასაკვირველია, ჩვენ გვეამაყება, რომ საზოგადოების მხარდაჭერით, ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო გავატარეთ ოზურგეთში და გურიაში. აქ მნიშვნელოვანი პროექტები გაკეთდა. თვისობრივად ახალი ეკონომიკა დაიწყო და საფუძველი ჩაეყარა ამ ყველაფერს ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის მხარდაჭერით. შავი ზღვის სანაპირო ზოლი-ეს არის მსოფლიო ტურიზმის რუკაზე სრულიად ახალი მიზიდულობის ცენტრი, სრულიად ახალი ეკონომიკა, სრულიად ახალი ეკოსისტემა და ჩვენ მზად ვართ, ათი ათასობით სტუმარს ვუმასპინძლოთ ჩვენს მხარეში, ჩვენ გვეამაყება, რომ შევძელით, ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერით, ჩვენი საამაყო თეატრის აღდგენა, ჩვენ ავაშენეთ და გავარემონტეთ ფოლკლორის ახალი ცენტრი, სადაც ჩვენი საამაყო მრავალხმიანი მუსიკა ახალ თაობებს გადაეცემა, ვამთავრებთ უკვე მუზეუმის მშენებლობას და ჩვენი კულტურა, ისტორია ახალი სახით წარდგება უკვე ახალი თაობის სტუმრების წინაშე. რაც მთავარია, ეს არის ბიზნესპროექტები, მსხვილი საინვესტიციო პროექტები, რომელიც ახალ სამუშაო ადგილებს, დასაქმებას უკავშირდება და ასეთი არაერთი მაგალითი გვაქვს ოზურგეთში და რასაკვირველია, მომავლის საზრუნავი იქნება ახალი სამუშაო ადგილები და უფრო მეტი ეკონომიკა თითოეული ოზურგეთელის ოჯახში. ჩვენ განვაგრძობთ სოფლის მეურნეობის მხარდაჭერას, განსაკუთრებით, ახალგაზრდების ბიზნესინიციატივების მხარდაჭერას. ჩვენი მიზანი არის, რომ ბიზნესში შევქმნათ ახალგაზრდა კლასი, ახალი თაობა ბიზნესში, რომელმაც უნდა განავითაროს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და აქ არიან ჩვენი საამაყო გურულები, ახალგაზრდა ადამიანები, ვინც ახალ თაობას აძლევენ ამ მნიშვნელოვან მაგალითს კონკრეტული პროექტებით, იქნება ეს სასტუმროს ბიზნესი, იქნება ეს სოფლის მეურნეობა თუ იქნება ეს მსუბუქი მრეწველობის მიმართულება. ამიტომ, ჩვენი მთავარი საზრუნავი იქნება პროფესიული განათლების, ხარისხიანი განათლების მიწოდება და ამასთან ერთად, კაპიტალის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რომ თითოეულმა ადამიანმა, ვისაც სურს ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ვისაც სურს მეტის გაკეთება, ამის შესაძლებლობა მიიღოს. შემდეგი ოთხი წელი ოზურგეთისთვის, გურიისთვის იქნება შესაძლებლობების წლები და ჩვენ მაქსიმალურად გავხსნით კარს, მაქსიმალურად გავხსნით შესაძლებლობებს ყველა ადამიანისთვის, ვისაც ეს ჭირდება. რა თქმა უნდა, განვაგრძობთ ზრუნვას თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეზე და მე კიდევ ერთხელ მსურს, ხელისუფლების სახელით, მადლობა გადავუხადო ეპიდემიოლოგებს, ექიმებს, ექთნებს, რომლებიც ახლა, ამ მომენტში მოწინავე ხაზზე დგანან პანდემიასთან ბრძოლაში, გვეამაყება, რომ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მთავრობამ ყველაზე რთულ პერიოდში ეფექტურად შეძლო ვირუსის გავრცელების შეკავება და მე მჯერა, რომ თითოეული თქვენგანის თანადგომით, ჩვენ შევძლებთ ამ ურთულესი გამოწვევის დამარცხებას ცივილიზებულ მსოფლიოსთან ერთად. რა თქმა უნდა, გურულებს ყველაზე მეტად გვაინტერესებს საქართველოს პერსპექტივა ევროკავშირში, როდის გავწევრიანდებით ნატოში და საგარეო პოლიტიკა. ამ მიმართულებით გვაქვს ხელშესახები წარმატებები და მე მაქვს თქვენი იმედი, ჩვენი საზოგადოების იმედი, რომ ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს მხარს დაუჭერს ჩვენი საზოგადოება მომავალშიც, ჩვენ მზად ვართ, თქვენტან ერთად, მომავალზეც ავიღოთ პასუხისმგებლობა.