27 მაისი, 2014
დიასპორა ჩვენი ქვეყნისთვის უდიდეს პოტენციალს წარმოადგენს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დიასპორის დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს საკუთარი უნარების, ბიზნესისა თუ საჯარო სფეროში საუკეთესო გამოცდილების გაზიარებითა და გამოყენებით ქვეყნის განვითარებაში დიდი წვლილის შეტანა შეუძლიათ.
პრემიერის განცხადებით, დიასპორა ყოველთვის უნდა გრძნობდეს სახელმწიფოს მხარდაჭერას და ხელისუფლება სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს.
„ჩვენ შევქმენით დიასპორის მიმართ ახალი სტრატეგია. მეტი კომუნიკაციის მიზნით, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, შეიქმნა თანამემამულეთა გლობალური ქსელი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია დიასპორის შესახებ ზუსტი მონაცემების უფრო ეფექტიანად შეგროვება. ამავე ქსელის ფარგლებში შეიქმნა ონლაინსკოლა. ჩვენს თანამემამულეებს მიეცემათ საშუალება, ონლაინრეჟიმის გაკვეთილებით შეისწავლონ ქართული ენა და ლიტერატურა, საქართველოს ისტორია, გეოგრაფია, ეთნოგრაფია. ამით ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით ქართულ დიასპორაში ეროვნული თვითშეგნებისა და მშობლიური ენის შენარჩუნებისთვის“, - განაცხადა პრემიერმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ხელისუფლება საზღვარგარეთ არსებული დიასპორული ორგანიზაციების დახმარებას განაგრძობს, რისთვისაც გასულ წელს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 400 000 ლარი გამოიყო.
პრემიერი მიიჩნევს, რომ ქართული დიასპორის პოტენციალი ქვეყანამ სათანადოდ უნდა გამოიყენოს. სწორედ ამიტომ ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკურ გუნდს დაავალა, დაიწყონ მუშაობა მის ინიციატივაზე, რომელიც საქართველოში ქართული დიასპორისთვის ინვესტიციების კუთხით ფინანსური შეღავათების შემოღებას გულისხმობს.
„ჩემი ოცნებაა, უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები მალე დაბრუნდნენ ისეთ სამშობლოში, როგორიც ჩვენ ყველას წარმოგვიდგენია. ჩვენი ხელისუფლება ამისთვის ყველაფერს გააკეთებს“, - განაცხადა პრემიერმა და საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამოქალაქეებს დიასპორის დღე მიულოცა.