×

18 თებერვალი, 2021

ირაკლი კობახიძის ბრიფინგი

როგორც მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. გიორგი გახარია იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრი. სამწუხაროა, რომ მან მიიღო ასეთი გადაწყვეტილება.
ჩვენს პოლიტიკურ გუნდში ნამდვილად იყო დისკუსია ნიკანორ მელიას მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ვადებთან დაკავშირებით. გიორგი გახარიას ჰქონდა გუნდის სხვა წევრებისგან განსხვავებული პოზიცია ამ საკითხზე. თუმცა, სამწუხაროდ, არგუმენტები, რომლებიც გაამყარებდა მის პოზიციას, ჩვენ ვერ მოვისმინეთ. წყალგამყოფი იყო საკითხი, სახელმწიფომ უნდა აჩვენოს მყარად თავისი სახე, როგორც სახელმწიფომ, თუ არა. გუნდის დანარჩენი წევრებისთვის ამ კითხვაზე პასუხი იყო ერთმნიშვნელოვანი. ქვეყანა, სადაც არ არის უზრუნველყოფილი კანონის აღსრულება, მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც მას დამნაშავეები ასეთი უხეში გამოწვევის წინაშე აყენებენ, ვერ შედგება როგორც სახელმწიფო. უფრო მეტიც, სწორედ კანონის სათანადოდ არაღსრულებაა ის, რაც ხელს უწყობს პოლიტიკურ რადიკალიზაციასა და პოლარიზაციას ქვეყანაში. ჩვენი, როგორც ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, მყარად და მკაცრად დავიცვათ სახელმწიფოს ღირსება.
პრემიერ-მინისტრის გადადგომის ფონზე, შინაგან საქმეთა მინისტრმა მიიღო სრულიად ლოგიკური გადაწყვეტილება ნიკანორ მელიას დაკავების პროცესის დროებით გადადების შესახებ.
ახლა ჩვენი პოლიტიკური გუნდის ყურადღება მთლიანად იქნება კონცენტრირებული ახალი მთავრობის ფორმირებაზე.
მოვუწოდებთ ნიკანორ მელიას, დაემორჩილოს კანონს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლება უზრუნველყოფს კანონის აღსრულებას და მის დაპატიმრებას.
მთავრობის ფორმირება დაიწყება და დასრულდება კანონით გათვალისწინებულ უმოკლეს ვადებში.