×

18 ოქტომბერი, 2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას სიტყვით გამოსვლა სენაკში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ხახუბიას წარდგენაზე

მოგესალმებით, ჩემო სენაკელებო! მე აქ ბავშვობა მაქვს გატარებული და ჩემთვის უაღრესად დიდი პატივია და პასუხისმგებლობა თქვენთან ჩვენი კუთხის, სამეგრელოს, სენაკის, საქართველოს მომავალზე საუბარი. განსაკუთრებით აქ, ნოქალაქევში, არქეოპოლისში, ციხეგოჯში, რომელიც ჩვენი წარსულის ყველაზე დიდი მაგალითია - ანტიკური პერიოდიდან აქ ვითარდებოდა ცივილიზაცია; განსაკუთრებით აქ, სადაც ჩვენი ქვეყნის ერთიანობას აბსოლუტურად სულ სხვა ფასი აქვს; სენაკში, რომელმაც სამშობლოს აჩუქა სამი ეროვნული გმირი და ეს ის ხალხია, რომელთა წინაშეც ჩვენ ქედიც უნდა მოვიხაროთ და მათი ცხოვრების პრინციპები და ფასეულობები ყოველთვის უნდა გვახსოვდეს. ეს არის ის, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, განვაგრძოთ ცხოვრება წარმატებულად და გავხდეთ დიდი ევროპული ოჯახის ნაწილი, როგორც ჩვენ ჩვენს თავს ვთვლით, მაგრამ ამის გასაკეთებლად ყველამ ერთად უნდა ვიშრომოთ. ვიშრომოთ იმისთვის, რომ სენაკში ცხოვრება იყოს ზუსტად ისეთი, როგორიც შეიძლება იყოს თბილისში, დიდ ქალაქებში, ევროპაში, ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ პირველ რიგში, სისტემური ინფრასტრუქტურის წესრიგში მოყვანით. ყველა ვხედავთ, რომ ასე თუ ისე გზები მოგვყავს წესრიგში, თუმცა კიდევ ბევრი რამ არის დასასრულებელი. ყველას კარგად გვესმის, რომ წყალმომარაგება სულ უფრო და უფრო ხდება მნიშვნელოვანი პრობლემა, ისევე როგორც, საირიგაციო სისტემები, ისევე როგორც სკოლების, საავადმყოფოების მშენებლობა და რეკონსტრუქცია. ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთად და ყოველდღიურად.
საქართველოს მთავრობას, აქვს კონკრეტული გეგმა, რომელიც განსაზღვრავს, მომავალი 4 წლის განმავლობაში თითოეულ მუნიციპალიტეტში რა და რა პერიოდში უნდა გაკეთდეს.
ბოლო წლების განმავლობაში სენაკის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებში დახარჯულია დაახლოებით 70 მილიონი ლარი. შემდგომი 4 წლის განმავლობაში, სისტემურ ინფრასტრუქტურაში მთავრობა დახარჯავს 20 მილიარდ ლარს. ეს იქნება მინიმუმ ოთხჯერ, ან ხუთჯერ უფრო მეტი, ეს დამოკიდებულია მუნიციპალიტეტზე, ვიდრე ეს იყო გაკეთებული ბოლო 8 წლის განმავლობაში. მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის მუნიციპალიტეტების, სოფლების დონეზე კომფორტული პირობების შექმნა ყოველდღიური ცხოვრებისთვის. სისტემური ინფრასტრუქტურის წესრიგში მოყვანის გარდა, რაც გულისხმობს გაზს, წყალს, საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საავადმყოფოებს, ჩვენ უნდა შევქმნათ თანაბარი პირობები ქვეყნის მასშტაბით იმისთვის, რომ შრომისმოყვარე ადამიანებმა შეძლონ, ღირსეულად იშრომონ და ღირსეულად არჩინონ ოჯახები.
ამისთვის ვაკეთებთ იმ პროგრამებს, რომლითაც ვეხმარებით თითოეულ მოქალაქეს, რომელიც ბედავს და პირველ ნაბიჯებს დგამს ბიზნესში, ყველა იმ გლეხს, რომელიც ბედავს, გახდეს ძლიერი ფერმერი და აფართოებს თავის მეურნეობას და ჩვენ ამას გავაგრძელებთ. სენაკში ბევრი პროგრამაა დაწყებული. ბევრი პრობლემა იყო თხილთან დაკავშირებით, თუმცა სიტუაცია უკვე ასე თუ ისე უმჯობესდება. სენაკს სოფლის მეურნეობის მიმართულებითაც დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა სენაკი ყოველთვის იყო საგანმანათლებლო და კულტურული ცენტრი სამეგრელოში, ამიტომ, ისეთი პროექტები, როგორიც არის თეატრი, რომელიც აღდგენილია, თუმცა ჯერ არ გახსნილა, უნდა გაგრძელდეს. აქ იქნება ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პროფესიული საგანმანათლებლო ცენტრი და ჩვენ ამ პროექტსაც დაავიწყებთ. აქ ასევე უნდა იყოს სპორტული კომპლექსი, რომელსაც ავაშენებთ. ამ ყველაფერს ჩვენ დავიწყებთ 2021 წელს და ეს ყველაფერი ჩვენ უნდა დავიწყოთ და დავასრულოთ ერთად.
ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი გამოწვევაა ოკუპაცია. სამეგრელოს წარმატება არ არის მხოლოდ მეგრელების, ან საქართველოს წარმატება, ეს აფხაზეთის წარმატებაც არის და ჟიული შარტავას, გენო ადამიას და გურამ გაბისკირიას სამშობლოში, რა თქმა უნდა, ჩვენ ოკუპაციას ვერასოდეს დავივიწყებთ. ყოველთვის, რასაც ვაკეთებთ, ვშრომობთ, ახალ პროექტს ვიწყებთ, ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, ჩვენ უნდა მივაღწიოთ ქვეყნის გამთლიანებას. შეუძლებელია საქართველოს სწრაფი განვითარება, ქვეყნის მთლიანობის აღდგენის გარეშე. ოკუპაცია ყოველთვის იქნება ჩვენი წინსვლის, ჩვენი განვითარების ყველაზე დიდი შემზღუდველი ფაქტორი. ამიტომ, ჩვენ ერთად, შრომით და მშვიდობიანად უნდა მივაღწიოთ იმას, რომ აღვადგინოთ ერთიანობა ქვეყანაში.
ამისთვის რა თქმა უნდა, გვჭირდება ქვეყანაში სიმშვიდე და ამ სიმშვიდისთვის გვჭირდება 31 ოქტომბერს გამარჯვება. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ გამარჯვებას მივაღწევთ. დარწმუნებული ვარ, ირაკლი ხახუბია იქნება თითოეული სენაკელის ღირსეული ხმა ჩვენი ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში და რა თქმა უნდა, ჩვენ, ყველა ერთად, ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ამ გამარჯვებას მივაღწიოთ პირველსავე ტურში. გამარჯვებას გისურვებთ, სენაკელებო!