×

14 ნოემბერი, 2022

„ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა

„ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა.

უმრავლესობის წევრებმა მიმდინარე სასესიო კვირის პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს.

15 ნოემბერს დეპუტატები მეორე მოსმენით განიხილავენ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტს, ასევე, მეორე მოსმენით „გენდერული თანასწორობის შესახებ“ და „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონებში ცვლილებას.

16 ნოემბერს, განიხილება ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის საკითხი, რომელიც ევროკომისიის ერთ-ერთი რეკომენდაციაა. გარდა ამისა, კანონმდებლები მოისმენენ სემეკი-ს, ასევე საპენსიო ფონდის 6 თვის ანგარიშს.

17 ნოემბერს განიხილება „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც 20 ნოემბრამდე, შესაბამისი შენიშვნებით უნდა გადაეგზავნოს საქართველოს მთავრობას.

18 ნოემბერს, პარლამენტი ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს და განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მიხეილ ჩხენკელს მოუსმენს.

უმრავლესობის წევრებმა ასევე ისაუბრეს სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით. ხვალ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, საპარლამენტო პოლიტიკური სუბიექტების ლიდერებს კონსულტაციების დაწყების ინიციატივით მიმართავს.​

უმრავლესობის სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ იაპონიასა და კორეის რესპუბლიკაში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი შეაჯამეს.