×

17 ოქტომბერი, 2022

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა.

უმრავლესობის წევრებმა მოისმინეს პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ანგარიშები გერმანიასა და რუანდაში ვიზიტებთან დაკავშირებით.

პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ უმრავლესობის წევრებს გააცნო ინფორმაცია გერმანიის დედაქალაქ ბერლინში, ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის (PES) საერთაშორისო კონგრესის შესახებ, რომელსაც „ქართული ოცნების“ დელეგაცია პარტიის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით დაესწრო.

ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა კონგრესზე მიღებულ რეზოლუციას, სადაც ხაზგასმულია, რომ ეს პოლიტიკური ოჯახი მხარს უჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, რაც მნიშვნელოვანი გზავნილია.

პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა რუანდის დედაქალაქ კიგალში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტზე შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, რომელმაც მონაწილეობა მიიღო საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 145-ე ასამბლეის მუშაობაში.

აღინიშნა, რომ ვიზიტის დროს სხვადასხვა ქვეყნების დელეგაციებთან გამართულ შეხვედრებზე საუბარი შეეხო არაღიარების პოლიტიკას, რაც უმნიშვნელოვანესი ეროვნული ინტერესია.

უმრავლესობის წევრებმა მიმდინარე სასესიო კვირის პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს.

18 ოქტომბერს, დეპუტატები „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ.

19 ოქტომბერს, პარლამენტი იურიდიული დახმარების სამსახურისა და აუდიტის სამსახურის 2021 წლის ანგარიშებს მოისმენს.

20 ოქტომბერს, „მინისტრის საათის“ ფორმატში დეპუტატები საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს მოუსმენენ.