×

14 მაისი, 2022

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელი ეროვნული კონფერენცია

დღეს თამარობაა, თამარ მეფის ხსენების დღე. მეფისა, რომლის სახელსაც უკავშირდება ქართული სახელმწიფოსა და ქართული კულტურის ოქროს ხანა და რომელიც ქართულმა ეკლესიამ, სამშობლოსა და სარწმუნოების წინაშე განსაკუთრებული ღვაწლის გამო, წმინდანად შერაცხა. ყველას გილოცავთ ამ ღირსშესანიშნავ დღეს!
სიმბოლურია, რომ ჩვენი პარტიის - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქალთა ორგანიზაცია სწორედ ამ დღეს, თამარ მეფის ხსენების დღეს ფუძნდება.
საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში ქალები ყოველთვის განსაკუთრებულ როლს ასრულებდნენ. მხოლოდ იმის ხსენება რად ღირს, რომ საქართველო ქრისტიანობას სწორედ ქალმა, წმინდა ნინომ აზიარა. სამშობლოსა და სარწმუნოებისთვის თავდადების ყველაზე თავგანწირული მაგალითიც ქალის სახელს, წმინდა ქეთევან დედოფალს უკავშირდება. საუკუნეების მანძილზე, ქალებს საქართველოში შეჰქონდათ უდიდესი წვლილი ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და სარწმუნოების დაცვაში, ჩვენი ქვეყნისა და მისი კულტურის განვითარებაში. ამ თვალსაზრისით, ძალზე მდიდარია ჩვენი უახლესი ისტორიაც.
დღესაც, საქართველოს ქალები, განურჩევლად მათი ეროვნებისა, განსაკუთრებულ როლს ასრულებენ ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. გამორჩეულია მათი როლი განათლებისა და მეცნიერების სფეროში, ქალებს უდიდესი წვლილი შეაქვთ ქართული კულტურის განვითარებაში, ისინი მსოფლიოს მასშტაბით ასახელებენ ჩვენს ქვეყანას სპორტულ ასპარეზზე, ქალებს უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვთ საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროს მართვაში, საჯარო სამსახურში, ქართული ეკონომიკის განვითარებაში.
პოლიტიკაში ქალების აქტიურ მონაწილეობას, დამეთანხმებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ამისათვის, ჩვენმა პარტიამ გასული წლების განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია გენდერული კვოტების შემოღება, რომლის საფუძველზეც როგორც საქართველოს პარლამენტში, ისე მუნიციპალურ საკრებულოებში ქალების წარმომადგენლობა არსებითად გაიზარდა. თუმცა, გვესმის, რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალების კიდევ უფრო აქტიური როლის უზრუნველსაყოფად მეტია გასაკეთებელი.
სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენი პარტიის ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებაც. პარტიის ქალი წევრების პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის ხელშეწყობა, პარტიის ქალ წევრებს შორის კომუნიკაციის, თანამშრომლობისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარების ახალი ინსტრუმენტების შექმნა, პარტიის საერთაშორისო ურთიერთობებში პარტიის ქალი წევრების როლის გააქტიურება იქნება ამ ორგანიზაციის უმთავრესი ამოცანები. ამასთან, ცხადია, მმართველი პარტიის ქალთა ორგანიზაციის წარმატებულ მუშაობას შეუძლია მნიშვნელოვანი წვრილი შეიტანოს, ზოგადად, ქვეყანაში ქალების გაძლიერებასა და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში მათი როლის გააქტიურებაში.
გვაქვს ამბიციური გეგმები და ამ გეგმების განხორციელებაში ჩვენი პარტიის ქალთა ორგანიზაციას წარმატებები მინდა ვუსურვო. - ირაკლი კობახიძე

დიდი პატივია ჩემთვის თქვენს წინაშე გამოსვლა ამ ძალიან მნიშვნელოვან დღეს.
ქართველები სამართლიანად ვამაყობთ ქალების უნიკალური, მე ვიტყოდი, სრულიად განსაკუთრებული როლით ჩვენს ისტორიასა და დღევანდელობაში. იმ წვლილით, რაც მათ მიუძღვით კულტურის, მეცნიერების, განათლების სპორტის, პოლიტიკური ცხოვრებისა და ზოგადად, სახელმწიფოებრიობის განვითარებაში.
წმინდა ნინო, ჩვენი განმანათლებელი და დედოფალი ნანა, მეფე თამარი და ქეთევან წამებული, ბარბარე ჯორჯაძე თუ მარო მაყაშვილი, ნონა გაფრინდაშვილი თუ ელისო ვირსალაძე, თუ მრავალი სხვა ძლიერი, დამოუკიდებელი, განათლებული, შემოქმედი, მებრძოლი ქალის სახელი ნებისმიერი ქვეყნის ისტორიას დაამშვენებდა.
ამიტომ, ჩვენ სამართლიანად ვამაყობთ იმითაც, რომ თამარის ეპოქა, შემდეგ საქართველოს პირველი რესპუბლიკა იყო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი, რომელმაც, ბევრ თანამედროვე დასავლურ სახელმწიფოზე ადრე, პოლიტიკური, სამოქალაქო, ეკონომიკური და საოჯახო უფლებების კუთხით სქესთა თანასწორობა დაადგინა და ქალებს საარჩევნო ხმის უფლება მიანიჭა.
რა თქმა უნდა, ეს სახელები და ფაქტები, ქალის როლისადმი ჩვენი ტრადიციული დამოკიდებულება არ ნიშნავს, რომ დავივიწყოთ: სასურველი ვითარების მისაღწევად ჯერაც ბევრი შრომაა საჭირო. ქალთა უფლებების, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი მონაწილეობის საკითხები ჯერ კიდევ არ არის საბოლოოდ გადაწყვეტილი, დარეგულირებული არც ჩვენს ქვეყანაში და არც მთელ მსოფლიოში, ყველაზე განვითარებული დემოკრატიების ჩათვლით.
თანასწორობის უზრუნველყოფა კვლავაც ყველა ჩვენგანის, თითოეული ქალისა და მამაკაცის საქმეა. ჩვენმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, რომლის შექმნასა და გამარჯვებაში, აქვე აღვნიშნავ, ქალები ასევე აქტიურად მონაწილეობდნენ, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაიწყო სამართლებრივი თუ ინსტიტუციური რეფორმების გატარება ქალთა როლის გაძლიერებისთვის; შემუშავდა და დაიხვეწა კანონმდებლობა ქალთა დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად, ხარისხიანი ჯანდაცვისა და ღირსეული დასაქმების ხელშეწყობა, კვოტირების მექანიზმის შემოღება ამ ღონისძიებათა მხოლოდ მცირე ჩამონათვალია.
დღეს, „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებით, ამ მიმართულებით კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადავდგამთ. ჩვენი დედების და დების, ქალიშვილებისა და მეუღლეების ხმათა გაძლიერება, რასაკვირველია, ძალზე სასიხარულო და მისასალმებელი მოვლენაა ჩვენი პარტიისთვის, ზოგადად შიდაპარტიული დემოკრატიისა და თანასწორობის გაძლიერებისათვის. და მე მჯერა, რომ ის მიზნები, რომელთა მიღწევის ამბიციაც ამ ორგანიზაციას აქვს - ქალთა წინაშე მდგარი გამოწვევების დღის წესრიგში მეტად გამოკვეთა და გადაჭრა, ქალთა მონაწილეობის გაძლიერება, გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა - ასევე კარგია მთლიანად ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის.
ასე რომ, კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ღირსშესანიშნავ მოვლენას. პირადად ჩემი და საქართველოს მთავრობის სახელით სრულ თანადგომას გპირდებით და თქვენი, ჩვენი საერთო მიზნის მიღწევას და წარმატებას გისურვებთ! - ირაკლი ღარიბაშვილი

განსაკუთრებით მივესალმები აქ შეკრებილ ძლიერ ქალებს, რომლებიც ყოველდღიური საქმიანობით აძლიერებენ ჩვენს გუნდს და ქვეყანას. აქტიურად არიან ჩართულები ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში და საკუთარი წვლილი შეაქვთ საქართველოს შეუქცევადი დემოკრატიული განვითარების პროცესებში.
ეს ღონისძიება მნიშვნელოვანი მოვლენაა თანამედროვე ქართული პოლიტიკის, ჩვენი პარტიისა და ქართულ პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის ისტორიაში.
დღეს ფუძნდება „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაცია, რასაც წინ უძღოდა დიდი სამუშაოები და ნაყოფიერი შეხვედრები რეგიონებსა და თბილისში, ჩვენი გუნდის წევრ ქალებთან ერთად.
საქართველოს პოლიტიკაში ქალთა ჩართულობას დიდი ისტორია აქვს.
შორეულ წარსულს, თამარ მეფესა და რუსუდანს რომ არ გადავწვდე, საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა მსოფლიოსა და ევროპაში, რომლის 1921 წლის კონსტიტუცია ქალთა და მამაკაცთა საარჩევნო და არა მარტო საარჩევნო, ყველანაირ თანასწორობას უზრუნველყოფდა.
სამწუხაროდ, დამოუკიდებლობის დაკარგვიდან დღემდე, ქმედითი და არსებითი ნაბიჯები ამ მიმართულებით აღარ გადადგმულა, თუმცა, „ქართული ოცნება“ არის ის პოლიტიკური გუნდი, რომელმაც მთელი რიგი ცვლილებები განახორციელა ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაძლიერების მიმართულებით და შესაძლებელი გახადა, მეტი ქალი ჩართულიყო ქვეყნის საკანონმდებლო ცხოვრებაში.
ევროკავშირის წევრობა მხოლოდ ეკონომიკურ თუ საკანონმდებლო თავსებადობას არ გულისხმობს, ეს ნიშნავს პროგრესულ ღირებულებებზე დაფუძნებულ პოლიტიკურ კულტურასა და ქალთა სათანადო ჩართულობას პოლიტიკაში.
პატრიარქალურ საზოგადოებაში ქალებს ორმაგი ძალისხმევის გაწევა უწევთ. დღემდე ყველაზე განვითარებულ დემოკრატიებშიც კი, იშვიათობაა აუნაზღაურებელი, უხილავი საშინაო შრომის ხილვადობის გაზრდა, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბევრგან არსებობს ანაზღაურების კუთხით არსებული დისბალანსი ქალებსა და მამაკაცებს შორის და არაერთი სხვა უთანასწორობა.
ამ საკითხების გადაწყვეტა შეუძლებელია, თუკი თავად ქალები არ იქნებიან გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე.
დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაცია ღირსეულად და წარმატებით იმუშავებს ყველა იმ გამოწვევის დასაძლევად, რაც ჩვენს ქვეყანაში დგას ქალების წინაშე.
თქვენ, ახალ სტანდარტს დანერგავთ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ კულტურაში და აუცილებლად მიაღწევთ დიდ წარმატებას!
წარმატებას, რომელიც თითოეულ თქვენგანს ეკუთვნის და რომლის მისაღწევადაც, მეც, პირადად, ყოველთვის გვერდში დაგიდგებით!
გამარჯვება ჩვენს ძლიერ ქალებს, გამარჯვება ჩვენს გუნდს! - კახა კალაძე

მოგესალმებით თქვენ, ჩვენი პარტიის წევრებს, იმ ქალებს, ვისი წვლილიც ჩვენს სხვადასხვა გამარჯვებაში არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ის გამარჯვებები, რაც ჩვენ ყველამ ერთად მოვიპოვეთ, ამ პარტიამ, არაერთი წლის მანძილზე, არის თქვენი თავდაუზოგავი შრომის შედეგი და მინდა დავიწყო დიდი მადლობით. თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც მრავალრიცხოვანი ხართ ამ დარბაზში. ამავდროულად, ჩვენ ვიცით და ეს საზოგადოებამაც უნდა იცოდეს, ვინც დღეს გვისმენს, ხართ მცირერიცხოვანი იმიტომ, რომ თქვენ ბრძანდებით დელეგატები, და თქვენ წარმოადგენთ უამრავ ქალს, რომელიც რეგიონებში დარჩა და თქვენ წარმოგგზავნათ დამფუძნებელ ყრილობაზე. მათაც, რასაკვირველია, მთავრობისა და პარტიის სახელით მივესალმები.
როდესაც ჩვენ მოვდიოდით ქვეყნის სათავეში, ეს იყო დრო, როცა ქალი პოლიტიკოსის ღირსება და როგორც ასეთი, ქალი პოლიტიკოსი იყო ფეხქვეშ გათელილი სააკაშვილის ბინძური პოლიტიკის წყალობით, და რეალურად, ქალ პოლიტიკოსს არავინ აღიქვამდა სერიოზულად. ის იყო მხოლოდ ქილიკისა და დაცინვის საგანი. ასევე, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, არ არსებობდა არავითარი სამართლებრივი ნორმა, თუ არ ჩავთვლით ერთ-ორ მოკრძალებულ კანონს, რომელიც უცხოელების ზეწოლის ქვეშ იყო მიღებული წინა ხელისუფლების მიერ და რომელიც უზრუნველყოფდა ჩვენს უფლებებს ოჯახში, ჩვენს უფლებებს სამსახურში და ჩვენს უფლებებს პოლიტიკაში. როდესაც ნაციონალურმა მოძრაობამ მოქალაქეობა ჩამოართვა ბიძინა ივანიშვილს, ის მხოლოდ და მხოლოდ ამის გამო ვერ გახდა ჩვენი პარტიის პირველი თავმჯდომარე და სწორედ მან, კაცმა პოლიტიკოსმა აქცენტი გააკეთა ქალ პოლიტიკოსზე და ეს თავმჯდომარე იყო ქალი თავმჯდომარე, ქალბატონი მანანა კობახიძე. მე ვიტყოდი, სწორედ ასე, ფეხბედნიერად დაიბადა ეს პარტია, ქალი თავმჯდომარისადმი ნდობის საფუძველზე. არავის ეწყინება, მაგრამ ეს მე უნდა ვთქვა და ყველაზე კარგად ვიცი, როგორც მოწმემ, პირველ წელს ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნისა, ერთადერთი მამაკაცი, ვისაც სჯეროდა, რომ ქალებისთვის კვოტა აუცილებელია (რომელიც ხელს უწყობდა, რომ ქალი კანდიდატები ყოფილიყვნენ და პარტიული სია ყოფილიყო დაბალანსებული), ეს გახლავთ სწორედ ბიძინა ივანიშვილი. მე ამას არ ვამბობ იმიტომ, რომ ეს ასე უნდა ითქვას, ეს ნამდვილად ასე იყო. შემდეგ უკვე ამ სულისკვეთებით პარტიამ გააგრძელა და ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობისას, 2014 წლის წლის 19 ივნისს მე, როგორც იუსტიციის ქალ მინისტრს, მისი დელეგირებით, წილად მხვდა პატივი, თქვენი ყველას სახელით, თქვენი გოგონა შვილების სახელით, ხელი მომეწერა იმ კონვენციისთვის სტრასბურგში, რომელი კონვენციის ხელმომწერიც არ არის დღემდე ზოგიერთი ევროპული ქვეყანაც კი. ეს გახლავთ სტამბოლის კონვენცია. სტამბოლის კონვენციის ხელმოწერის შემდეგ, გაიხსნა ძალიან რთული, 3-წლიანი პერიოდი იმისთვის, რომ იმ მოწვევის პარლამენტს 2017 წელს მისი რატიფიცირება მოეხდინა.
ჩვენ, საქართველოს მთავრობამ 24 ძალიან დიდი საკანონმდებლო პაკეტი შევიტანეთ პარლამენტში და შევცვალეთ არაერთი აქტი. სწორედ ასე დავამარცხეთ დუმილი. როდესაც გვჩაგრავენ, როდესაც გვცემენ, როდესაც არის ოჯახში ან ოჯახს მიღმა ძალადობა, დუმილი აღარ არის წესი. ეს სწორედ სტამბოლის კონვენციამ და „ქართული ოცნების“ მიერ გატარებულმა რეფორმებმა მოიტანა. რასაკვირველია, ეს არ არის საკმარისი, ამიტომაც სულ ახლახან, ბატონ ირაკლი კობახიძის ლიდერობით, პარლამენტმა მიიღო კვოტების შესახებ კანონი. ძალიან ხშირად შემოქმედი ქალები მეკითხებიან, როგორც იურისტს, მათ ამჟამინდელ სამინისტროს ხელმძღვანელს, კი მაგრამ რისთვის არის ეს კვოტები საჭირო?! ეს კვოტები, ნორმალურ მდგომარეობაში საჭირო რასაკვირველია, არ არის. მაგრამ ჩვენ ეს კვოტები გვჭირდება და მე, როგორც ქალი წევრი ამ პარტიის, ყველა წევრ იმ დეპუტატს, ვინც ხმა მისცა ამ კანონს, ვუხდი ძალიან დიდ მადლობას. შეიძლება ვიღაცამ გვითხრას, რაში გჭირდებათ კვოტები, თქვენ ხომ უკვე ხართ ვიცე-პრემიერ მინისტრი, თქვენ ხომ უკვე ხართ პარლამენტში, თქვენ ხომ უკვე ხართ საკრებულოში, უკვე ხართ მერი. ჩვენ ეს კვოტები მაინც გვჭირდება. ჩვენ ეს კვოტები გვჭირდება ახალგაზრდა ქალებისთვის, ვინაიდან მაინც პოლიტიკა ქალებისთვის დახურულია. რაც არ უნდა იყოს პარტიაში სულისკვეთება კანონი ყველაზე დიდი გარანტიაა. ამიტომაც ჩვენ, ჩვენმა პარტიამ ქალებს ფართოდ გაგვიღო პოლიტიკის კარები და მე მართლაც არ დავიღლები, რომ ვთქვა მადლობა. ეს კვოტები ჩვენ გვჭირდება და ამ კვოტებს გამოიყენებს ყველა ის ახალგაზრდა ქალი, რომელიც ამ ორგანიზაციაში შემოვა.
და ბოლოს, კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ, ჩვენი პარტიის ქალებს, რომლებიც აქ ბრძანდებით, რომლებიც ტელევიზიით გვიცქერთ და გვისმენთ, იმ თავდადებული შრომისთვის. ეს შრომა არ არის უბრალოდ შრომა, ეს არის შრომა ბოროტების წინააღმდეგ, ბრძოლა მშვიდობისათვის, ბრძოლა იმ ბავშვებისათვის, ვინც ჩვენი ადგილი უნდა დაიკავოს, მაგრამ მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი არიან ისინი, ვინც არ ჩანან კადრში, ისინი, ვინც არ ჩანან პარტიაში. ორი კატეგორია მინდა გამოვყო, რის გარეშეც არ მინდა დღეს ეს ტრიბუნა დავტოვო. პირველნი არიან ჩვენი თანამებრძოლი მამაკაცების მეუღლეები. მე მინდა მათ ვუთხრა მადლობა გამძლეობისთვის. მათ ვუთხრა მადლობა მოთმინებისთვის იმიტომ, რომ არ არსებობს წარმატებული კაცი პოლიტიკაში, თუ მის ზურგს უკან არ დგას ღირსეული, მოთმინებით აღვსილი ქალი, რუდუნებით ოჯახს რომ უვლის და თავისი კარიერაც რომ აქვს, ან შვილებს ზრდის. ამიტომაც მადლობა მათ და ბოდიშს ვუხდით მათ ყველა იმ შეურაცხყოფისთვის, რასაც ისინი ჩვენს მაგივრად იღებენ და ასევე, მადლობა მინდა ქალბატონებს გადავუხადო, თითოეულ თქვენ ოჯახის წევრს, თქვენ მეუღლეებს, ჩემს მეუღლეს, ვუთხრა მადლობა იმიტომ, რომ ისინი არიან ის კაცები, ვისაც, როდესაც შეურაცხყოფას გვაყენებენ, უწევთ ამისი მოთმენა, ჩვენი მხარდაჭერა და თუ ჩვენ დღეს ვართ მცირეოდენით მაინც წარმატებულები, ეს პირველ რიგში ამ კაცების დამსახურებაა. მადლობა ყველას. - თეა წულუკიანი

დღეს ჩვენ ვაერთიანებთ ქალებს და იქმნება ახალი პოლიტიკური რეალობა, სადაც აუცილებლად გავიზიარებთ ერთმანეთის წარმატებებს და ერთად დავძლევთ იმ გამოწვევებს, რომლებიც ჯერ კიდევ გვაწუხებს.
გიყურებთ ამდენ ძლიერ ქალს და მინდა, კიდევ უფრო მეტი ქალი იკავებდეს სოფლებსა და ქალაქებში წარმომადგენლობით და აღმასრულებელ პოზიციებს.
დღევანდელი გაერთიანებით ახალ შესაძლებლობას მივცემთ ქალებს და განსაკუთრებით, გოგონებს, იმისთვის, რომ ჩაერთონ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში.
წლების წინ მეც ამ გუნდმა მომცა შესაძლებლობა, ვყოფილიყავი აქტიურად პოლიტიკურ ასპარეზზე და ამასთან ერთად, არ ვთქვი უარი ცხოვრებაში ჩემთვის ყველაზე მთავარზე, ოჯახზე, მე შევძელი შემეთავსებინა საყვარელი საქმე ყველაზე ძვირფას, მრავალშვილიან ოჯახზე ზრუნვასთან ერთად, ჩვენი გუნდი თქვენთან ერთად კიდევ ძალიან ბევრი ქალის წარმატების გამზიარებელი და ხელშემწყობი იქნება.
მაშ ასე, დღეს ვერთიანდებით ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო მეტი წარმატებისთვის და ქალების ახალი შესაძლებლობებისთვის პოლიტიკაში. - ნინო ლაცაბიძე

ძლიერი ქალები საქართველოს ისტორიაა და საქართველო თანასწორობის ქვეყანაა. მაშინ როდესაც ქალი მეფე, მეოცე საუკუნის დასაწყისში პირველი პარლამენტარი ქალები, მტრის წინააღმდეგ მებრძოლი გმირი და უამრავი წარმატებული ქალი ჩვენი ისტორიის ნაწილია, ქალების გაძლიერებაზე ზრუნვა, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო ლეგიტიმური მიზანია.
ადამიანი ყველა სახელმწიფოსთვის ყველაზე დიდი ღირებულებაა და თუ ჩვენი მოსახლეობის 50%-ზე მეტს წარმოადგენენ ქალები და ისინი განსაკუთრებული უნარების, შესაძლებლობების და მონაცემების არიან, ისინი უნდა მონაწილეობდნენ პროცესებში.
თქვენ, აქ მსხდომი ქალები და ასიათასობით სხვა ქალი, თქვენ-თქვენი მიმართულებებით წარმატების მაგალითი ხართ, მოტივაცია სხვებისთვის და სახელმწიფოსთვის რეალური შესაძლებლობა, რომ თქვენი ძალა და ენერგია იყოს გამოყენებული.
და როდესაც შესაძლებლობის განვითარებას განსაკუთრებული საფუძველი სჭირდება და როდესაც ქალების და კაცების თანაბარი შესაძებლობა კონსტიტუციით არის უზრუნველყოფილი, რატომ არ უნდა გამოვიყენოთ დამატებითი შესაძლებლობები ამ ჩვენი უნარების განსავითარებლად.
დღეს ქალთა ორგანიზაციის დაფუძნება კიდევ ერთი დეკლარირება არის ჩვენი მხრიდან, რომ გაცხადებული მიზანი- ქალების გაძლიერების უკვე შიდაპარტიულ სტრატეგიას და პრიორიტეტს წარმოადგენს.
ჩვენ ამ ორგანიზაციაში კარებს ვხსნით, რა თქმა უნდა, ყველა ჩვენი ერთგული, ძალიან მშრომელი და ძალიან მაგარი ქალისთვის და ასევე ყველა მხარდამჭერი ქალისთვის , ვინც იზიარებს იმ იდეოლოგიას , რომელსაც ჩვენი პოლიტიკური გუნდი ატარებს.
ამ ორგანიზაციის დაფუძნებით ჩვენ ვეუბნებით ყველას, რომ ჩვენს რიგებშივე გავაძლიერებთ ქალებს, რომ მათ წარმატებას შევუწყობთ ხელს და გენდერული თანასწორობა იქნება ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი.
ქალების პოლიტიკაში მონაწილეობა არ არის მხოლოდ რაოდენობა. ეს უნდა იყოს ქალების ჩართულობა და მათი შინაარსობრივი მონაწილეობა და რაოდენობა უნდა აისახოს სწორედ ამაში.
წარმატებები ჩვენ და ჩვენი გაძლიერებით წარმატებები ჩვენს ქვეყანას. - ნინო წილოსანი