×

11 აპრილი, 2022

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის განცხადება

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების ძალისხმევის და ქართველი ხალხის ევროპულ ოჯახში გაწევრების მტკიცე და ურყევი სურვილის შედეგად, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთების შემდეგ, საქართველო წარმატებას აღწევს ევროინტეგრაციის პროცესში, რაც ევროკავშირის მხრიდან გაწევრიანების კითხვარის გადმოცემაში გამოიხატება.

დღეს ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ბატონმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს ოფიციალურად გადმოსცა ევროკომისიის კითხვარი, რითაც ჩვენი ქვეყნისთვის კიდევ ერთი ახალი ეტაპი დაიწყო ევროკავშირთან ურთიერთობებში.

ხელისუფლებამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია იმისათვის, რომ საქართველოს ევროპული არჩევანი შეუქცევადი გამხდარიყო:

2014 წელს ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის კომპონენტით; ამ ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს ხელისუფლებამ მნიშნველოვან შედეგებს მიაღწია ევროკავშირთან საქართველოს პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის გზაზე;

2017 წელს ამოქმედდა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. ამ წარმატებას წინ უძღოდა რეფორმების კომპლექსური პროცესი, რაც მიზნად ისახავდა ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის უფრო მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფას და დემოკრატიის კონსოლიდაციას.

საქართველოს ევროკავშირში წევრობას მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი, რაც ნათელი დასტურია იმისა, რომ ეს არის ის საკითხი, რომელის ირგვლივ ყველა უნდა გაერთიანდეს და უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ქვეყანამ წარმატებით გააგრძელოს გზა ევროკავშირის წევრობისკენ.

რაც შეეხება კითხვარის ფორმას და შინაარსს, მისი შევსებით ერთგვარად მოხდება საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და საკანონმდებლო მზაობის შეჯამება, რაც ევროკომისიას დაეხმარება მოამზადოს საბოლოო შეფასება, რომელსაც წარუდგენს ევროკაშირის საბჭოს .

ევროკომისია შეფასების მომზადებისას, რა თქმა უნდა, იხელმძღვანელებს სხვა წყაროებითაც, როგორიცაა საერთაშორისო შეფასების ანგარიშები, ასოცირების შეთანხმების შესრულების ყოველწლიური შეფასების ანგარიშები და ა.შ.

საბოლოო შედეგი დამოკიდებული იქნება, ევროკავშირთან ინტეგრაციის ფარგლებში მიღწეულ საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოების ხარისხზე და რა თქმა უნდა, იმ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე, რომელსაც მიიღებენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები ერთსულოვნად.
ის რომ საქართველო, დანარჩენ ასოცირებულ ქვეყნებთან ერთად, უპრეცედენტოდ მოკლე ვადაში იღებს გაწევრიანების კითხვარს, არის ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან საქართველოს ევროკაშირში ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერის ნათელი დასტური და ქვეყნის მიერ გატარებული წარმატებული რეფორმების აღიარება.

ქართული მხარე შეეცდება მაქსიმალურად მოკლე დროში დაუბრონოს შევსებული კითხვარი ევროკავშირის მხარეს.

დღეს ქართული სახელმწიფოსა და მისი მმართველი გუნდის ერთმანეთისგან გასამიჯნად და ვიწრო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, ქვეყნის დაზიანების ნებისმიერი მცდელობა არის მავნებლობა და ქვეყნის მტრობა!

ქართული სახელმწიფოს წარმატების ფონზე, ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი კვლავ აგრძელებს ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებით და ქმედებებით ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაზიანების მცდელობას.

მათთვის მთავარია, „ქართულ ოცნებას“ რაიმე წარმატება არ მიეწეროს და ყველაფერს აკეთებენ, იმისათვის რომ სახელმწიფოს სწორედ ის წარმატება დააკნინონ, რაზეც დგას ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანების მომავალი.

ეს კი ნიშნავს იმას, რომ ისინი ანტიდასავლურ და ანტიქართულ ინტერესებს ემსახურებიან.

ჩვენს კოლეგებს მოვუწოდებთ, რომ წარსულში სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის დისკრედიტაციის მცდელობის მსგავსად, ქვეყანას ოპოზიციაში ნუ ჩაუდგებიან.

დღეს, საქართველოს, მათ შორის პოლიტიკურ სპექტრს სჭირდება ერთიანობა.

არჩევანი კი მარტივია, ან ქართული სახელმწიფოს და საქართველოს ევროპული მომავლის მხარეს ხარ, ან საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ოპოზიციაში