×

28 მარტი, 2022

მამუკა მდინარაძის ბრიფინგი

• სამწუხაროდ ბევრი სპეკულაცია მოჰყვა საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ ნორმებს, თითქოს ეს ცვლილება შეეხება კომპეტენციების გამიჯვნის ნაწილში გარკვეულ საკითხებს. ეს არ არის სწორი ინფორმაცია, ნორმაში ცვლილება შეეხება იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ჰქონდეს საშუალება კომპეტენციების გამიჯვნის შესახებ იმსჯელოს, მიიღოს გადაწყვეტილება და ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ ყველამ იცოდეს თავისი კომპეტენციის ფარგლები.


• ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მოგვმართა მმართველ გუნდს, ის მოგვიწოდებს აღარ მივმართოთ სასამართლოს სარჩელებით, რაც წარმოუდგენელი და უპრეცედენტო მოვლენაა. მათი ლოგიკით, ვისაც რა მოუნდება შეუძლია დააბრალოს მმართველ გუნდს და მის წარმომადგენელს და მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა სარჩელიც კი არ უნდა შეიტანონ თავისი უფლებების დასაცავად. ეს არასამთავრობო ორგანიზაცია ამბობს, რომ ეს ქმედება არის კოორდინირებული, ანუ, სასამართლოში შედის სარჩელები იმასთან დაკავშირებით, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენელს ვიღაცამ ტყუილი დააბრალა. ვპირდები, რომ ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი იქნება, რომელიც გადაწყვეტს რომ ნაცმოძრაობას ამგვარად დაუჭიროს მხარი თუ, თავად პოლიტიკოსი ნაცმოძრაობიდან, ეს ქმედებები და მსგავსი საკითხები კიდევ უფრო კოორდინირებული იქნება. ჩვენ მათ ნებისმიერ დაბრალებაზე, სამწუხაროდ ვერ მოვიცლით და ვერ მოვახდენთ რეაგირებას, მაგრამ სარჩელები კიდევ უფრო მეტი შევა იმ ტყუილებთან დაკავშირებით, რასაც ისინი ყოველდღიურად კადრულობენ. ნურავის ექნება იმის ილუზია, რომ ყველა მათი ტყუილი უბრალოდ გატარდება.


• სამწუხაროდ კოორდინირებული მცდელობა, რომ ეს ქვეყანა ომში ჩაითრიონ გრძელდება, რასაც ჩვენ მთელი წინა პერიოდის განმავლობაში ვსაუბრობდით, ეს დადასტურდა სამწუხაროდ უკრაინის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის გუშინდელი განცხადებით. დღეს ნაცმოძრაობის ბელადმა სასამართლო პროცესზე კიდევ ერთხელ დაადასტურა ეს, მან თქვა - მე აქ იმიტომ ჩამოვედი, რომ ვიცოდი ეს მომენტი დგებოდა და ეს მომენტი დადგა. ამაზე მოუწევს პასუხის გაცემა მისი პარტიის თითქმის ყველა წარმომადგენელს დარწმუნებული ვარ და ამას ვერსად გაექცევიან.


• ეს ქვეყანა და მისი ხელისუფლება  ყველანაირად შეეცდება, რომ იყოს მშვიდობა. ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს დებს და ძმებს, აფხაზებს და ოსებს მივმართავთ, არანირი საშიშროება იმასთან დაკავშირებით, რომ საომარი მოქმედებების შესახებ იფიქროს საქართველოს ხელისუფლებამ, დეოკუპაციისთვის არ არსებობს და თუ ვინმე მიზანმიმართულად ასეთ პროვოკაციულ ინფორმაციას ავრცელებს, ეს არის მხოლოდ იმ ნარატივის გაგრძელება, რაც ნაცმოძრაობას და მის სხვა დანაყოფებს აქვთ ამ პერიოდში და რასაც ისინი ცდილობენ უკრაინაში რუსეთის წარმოებული ღია აგრესიის კვალდაკვალ და პარალელურად.