×

11 მარტი, 2022

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება

პირველ რიგში, კიდევ ერთხელ მსურს გამოვხატო სოლიდარობა უკრაინის სახელმწიფოსა და უკრაინელი ხალხის მიმართ.

აუცილებლად უნდა გამოვეხმაუროთ რადიკალური ოპოზიციის მოღალატეობრივ ქმედებებსა და კამპანიას, რომელიც განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კიდევ უფრო გააქტიურდა.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველო არის მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, სადაც ოპოზიცია რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომს იყენებს საბაბად საპროტესტო აქციებისთვის და შიდა და საგარეო ასპარეზზე ქვეყნისათვის დამაზიანებელი კამპანიის წარმოებისთვის. დეტალებს რომც არ ჩავუღრმავდეთ, უკვე ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ნათლად ადასტურებს რადიკალური ოპოზიციის მოღალატეობრივ და ანტისახელმწიფოებრივ ბუნებას.

სწორედ ამგვარი მოღალატეობრივი სულისკვეთებითა და ქმედებებით ჩააბარეს მათ 2008 წელს ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი რუსეთს, ხოლო მოგვიანებით ევროსაბჭოს რეზოლუციის მხარდაჭერით რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებაში ქართული ჯარი დაადანაშაულეს, ახლა კი, როგორც ჩანს, ესეც არ ყოფნით და საქართველოს მდგომარეობის კიდევ უფრო მეტად, მაქსიმალურად დამძიმება სურთ.

რადიკალური ოპოზიციის მოღალატეობრივი კამპანიის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი იყო ხატია დეკანოიძის მდარე სიცრუით გაჯერებული გამოსვლა ერთ-ერთ უკრაინულ ტელეარხზე, სადაც ის საქართველოს მოქმედი ხელისუფლების პრორუსულ ხელისუფლებად წარმოჩენას ცდილობდა, საქართველოს რუსეთის სასარგებლო პოლიტიკის წარმოებაში ადანაშაულებდა და მეტიც, საქართველოს უკრაინელების მკვლელობის მხარდაჭერაში დასდო ბრალი.

ასევე სამარცხვინო და მოღალატეობრივი იყო ნაციონალური მოძრაობის კუთვნილი ტელევიზიის - „მთავარი არხის“ წარმომადგენლის გუშინდელი გამოსვლა ნედ პრაისის პრესკონფერენციაზე, რომელიც ასევე სიცრუეზე იყო აგებული და საქართველოს სახელმწიფოს და ხელისუფლების იმიჯის დაზიანებას ისახავდა მიზნად.

აშკარაა, რომ რადიკალურ ოპოზიციას, მეხუთე კოლონას ნაციონალური მოძრაობის სახით, ამოძრავებს ერთადერთი მიზანი, ერთი მხრივ, სანქციების დაწესებით დაამძიმოს საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა და მეორე მხრივ, საქართველო რამენაირად ჩართოს ომში.

როგორც ცნობილია, ამ მიზნის გამჟღავნებას ისინი საჯაროდ ვერ ბედავენ, თუმცა, დავით უსუფაშვილს გუშინ წამოცდა ის, რაც არის რადიკალური ოპოზიციის მთავარი ამოცანა. კერძოდ, მან გუშინ, პრაქტიკულად, განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება უნდა ჩაერთოს ომში რუსეთთან.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება იდგება ჩვენი სახელმწიფოს და ხალხის ინტერესების სადარაჯოზე და არ დაუშვებს არც ომში ქვეყნის ჩართვას და არც ჩვენი მოსახლეობის ეკონომიკური ინტერესებისთვის გაუმართლებელი, გამოუსწორებელი ზიანის მიყენებას.

საზოგადოებას მოვუწოდებთ, სათანადოდ შეაფასოს რადიკალური ოპოზიციისა და მისი კუთვნილი ტელევიზიების მოღალატეობრივი და ანტისახელმწიფოებრივი კამპანია და გამოიჩინოს მაქსიმალური განსაკუთრებული სიფრთხილე მათი პროვოკაციების მიმართ.