×

02 თებერვალი, 2022

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება

როგორც მოგეხსენებათ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, გუშინ დაინიშნა პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები რუსთავი-გარდაბნის საარჩევნო ოლქში და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები ბათუმის გონიო-კვარიათის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში. არჩევნები ჩატარდება ზუსტად 2 თვეში, ამა წლის 2 აპრილს.

დღეს გაიმართა პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა, სადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული ორი არჩევნებისათვის „ქართული ოცნების“ კანდიდატების დასახელების შესახებ.

ქალაქ რუსთავსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩვენი კანდიდატი იქნება ირაკლი შატაკიშვილი. ირაკლი გახლავთ მაღალკვალიფიციური იურისტი. მას იურიდიული განათლება მიღებული აქვს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, აგრეთვე გერმანიაში, ქალაქ ნიურნბერგში. სხვადასხვა დროს, ის მუშაობდა იურისტად ქართულ და გერმანულ კერძო კომპანიებში და საქართველოს პროკურატურაში. ირაკლი შატაკიშვილს ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

ბათუმის საკრებულოს არჩევნებში ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გახლავთ რამაზ ჯინჭარაძე. რამაზ ჯინჭარაძეს აქვს საჯარო სამსახურში მუშაობის ძალზე მდიდარი, მრავალწლიანი გამოცდილება. ამჟამად, რამაზ ჯინჭარაძე იკავებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას. რამაზ ჯინჭარაძეს ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ორივე არჩევნების მოგება. რუსთავი-გარდაბნის ოლქში არჩევნების მოგება მნიშვნელოვნად გააძლიერებს საპარლამენტო უმრავლესობის რიგებს. რაც შეეხება ბათუმის არჩევნებს, მასზე დამოკიდებულია ბათუმის საკრებულოში მყარი უმრავლესობის ჩამოყალიბება, რაც აუცილებელია ქალაქის შეუფერხებელი განვითარებისათვის.

წარმატებებს ვუსურვებ ირაკლი შატაკიშვილს და რამაზ ჯინჭარაძეს არჩევნებში.