×

24 დეკემბერი, 2021

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება

დღეს გაიმართა პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა, სადაც, არსებითად, განხილულ იქნა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკადრო საკითხი.

პირველ რიგში, გაცნობებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ. გადაწყვეტილების მიზეზს კახა თავად განმარტავს. ჩვენი მხრივ, მე „ქართული ოცნების’’ პოლიტიკური გუნდის სახელით, კახას ვუხდით დიდ მადლობას პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ძალიან რთულ პერიოდში ღირსეული საქმიანობისთვის. კახას გადაწყვეტილება მთელი გუნდისთვის, რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია, თუმცა, მას პატივს ვცემთ. შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს პოლიტსაბჭომ ცნობად მიიღო. ბუნებრივია, კახა რჩება ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთ ლიდერად და პარტიის პოლიტსაბჭოს წევრად და ის იმუშავებს ძალიან მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ პროექტზე, რის შესახებაც მოგვიანებით გაგიზიარებთ დეტალურ ინფორმაციას.

პარტიის პოლიტიკური საბჭოს და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე პარლამენტს წარედგინება შალვა პაპუაშვილის კანდიდატურა. შალვას განსაკუთრებული წარდგენა ბუნებრივია არ სჭირდება. შეგახსენებთ, რომ ის არის სამართლის დოქტორი, სადოქტორო დისერტაცია დაცული აქვს გერმანიაში, ზაარლანდის უნივერსიტეტში. შალვა წლების მანძილზე მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციებში, აგრეთვე უნივერსიტეტებში პროფესორის თანამდებობაზე. დღემდე შალვა იყო განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წარმატებული თავმჯდომარე და აქტიურად იყო ჩართული მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესებში, მათ შორის, შარშან მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა წარმატებული საარჩევნო რეფორმა. შალვა პარტიაში იკავებდა სტრატეგიული კომუნიკაციის მდივნის თანამდებობას და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა პარტიის შესაბამისი ფუნქციის გაძლიერებაში, მათ შორის ჩვენი პარტიის საარჩევნო წარმატებაში. წარმატებებს ვუსურვებ შალვას პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე.

აგრეთვე, გაცნობებთ, რომ პარტიის პოლიტიკური საბჭოს და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე პარლამენტს წარედგინება გიორგი ამილახვარის კანდიდატურა. გიორგის დღემდე ეკავა ამ კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა და მას აქვს განათლებისა და მეცნიერების სფეროში საქმიანობის ძალიან ფართო გამოცდილება. შესაბამისად. ჩვენი აზრით ის არის უალტერნატივო კანდიდატურა ამ თანამდებობაზე, ამ თანამდებობაზე წარმატებას ვუსურვებ გიორგის.

ბოლოს, გაცნობებთ, რომ პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს შემადგენლობის გაძლიერების შესახებ. კერძოდ, პოლიტსაბჭოს შემადგენლობას დაემატება ჩვენი პოლიტიკური გუნდის ორი წევრი:

- პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი და

- „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე და ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი ჩიქოვანი.

წარმატებებს ვუსურვებ ანრის და ირაკლის!