×

31 ოქტომბერი, 2021

„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის შალვა პაპუაშვილის ბრიფინგი

უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადავუხადო ეუთო/ოდირს, ევროპარლამენტს და მათი სახით ყველა საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებელს იმ საქმისთვის, რომელიც მათ გაწიეს თვითმმართველობის არჩევნების დროს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მათი მონაწილეობა უზრუნველყოფდა, მათ შორის იმ პოლარიზებულ გარემოში, რომელზეც მათაც ისაუბრეს, ობიექტური შეფასების არსებობის შესაძლებლობას.

ეუთო/ოდირის, ისევე, როგორც ევროპარლამენტარების დასკვნა იყო უაღრესად პოზიტიური, რაც შეეხება თვითმართველობის არჩევნებს ზოგადად, განსაკუთრებით კი მის მეორე ტურს, ჩვენ მოვისმინეთ მათი შეფასებები, რომ ეს იყო კარგად ადმინისტრირებული და კონკურენტულ გარემოში ჩატარებული არჩევნები, როდესაც კანდიდატებს შეეძლოთ თავისუფლად კამპანიის წარმოება, ადმინისტრირება იყო ძალიან გამართული, ვნახეთ შექების სიტყვები საარჩევნო ადმინისტრაციის და ცესკოს, ისევე როგორც რეფორმირებული კანონმდებლობის მიმართ. ხმის მიცემის პროცედურასთან და დათვლასთან დაკავშირებით იყო ძალიან პოზიტიური შეფასებები. ასევე მნიშვნელოვნად პოზიტიურად იქნა შეფასებული საარჩევნო რეფორმის შედეგად შემოღებული ხელახალი დათვლის მექანიზმი. აღინიშნა, რომ ამან და განსაკუთრებით იმ გარემოებამ, რომ უბნების ხელახალმა გადათვლამ და თქვენ იცით, რომ თითქმის 22% საბოლოო ჯამში იქნა გადათვლილი, დაადასტურა არჩევნების შედეგები. აქედან გამომდინარე, ეს იყო ძალიან პოზიტიური მექანიზმი. ასევე ხაზი გაესვა სიების გამართულობას და ცენტრალური საარჩევნო კომისიის პროფესიონალიზმს.

მნიშვნელოვანია ასევე ის ნეგატიური საკითხები, რაზეც იყო საუბარი. კერძოდ, ჩვენმა პარტნიორებმაც აღნიშნეს პოლარიზაციის პრობლემატიკა, რომელზეც დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ პოლარიზაცია სამწუხაროდ ავნებს ქართულ დემოკრატიას და მნიშვნელოვანია, რომ პოლარიზაციის ხარისხი შემცირდეს, ნეგატიური რიტორიკა, რომლითაც გამოირჩეოდნენ ამ შემთხვევაში განსაკუთრებით ოპოზიციის წარმომადგენლები.

საუბარი იყო ასევე ორ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელზეც ჩვენ ასევე ვსაუბრობთ. ერთი, ეს არის და ჩვენ გვქონდა ამაზე კვლევაც და პრეზენტაციაც, რომ დამკვირვებლების დიდი რაოდენობა იყო პირდაპირ მიკერძოებული და წარმოადგენდა ოპოზიციურ პარტიებს. იცით, რომ 30 000 დამკვირვებლიდან პირდაპირ იდენტიფიცირება გავაკეთეთ, რომ დაახლოებით 8 000 დამკვირვებელი წარმოადგენდა იმ 20-ზე მეტ ადგილობრივ ორგანიზაციას, რომელიც პირდაპირ დაკავშირებული იყო „ნაციონალურ მოძრაობასთან“. გახსოვთ პლატფორმა 2020, ორგანიზაცია „სირცხვილია“ და ა.შ. რომელიც პირდაპირ დაკავშირებული არიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ამასაც ხაზი გაუსვა ეუთო/ოდირმა. სამწუხაროდ, ჩვენი არასამთავრობო სექტორისთვის არ არის კარგი, როდესაც ეუთო/ოდირის ანგარიშში ხდება ასეთი საკითხის ასახვა, როდესაც დამკვირვებლები იქცეოდნენ ისე, როგორც პარტიის წარმომადგენლები და ვფიქრობ, რომ არასამთავრობო სექტორმა ამ საკითხზე შიგნით უნდა იმუშაოს.

მეორე საკითხი, რომელზეც ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ, ეს გახლავთ ტელევიზიების მიკერძოებულობა. ეუთო/ოდირმა კიდევ უფრო დაამძიმა საკუთარი შეფასება, ვიდრე ეს იყო წინა შუალედურ ანგარიშში, რომელიც პირველი ტურის შემდეგ გამოქვეყნდა და პირდაპირ თქვა, რომ ზოგი ტელევიზია თავისი მიკერძოებით იქცეოდა როგორც ღია პარტიული აქტივისტი, ან ეს იყო ღია პარტიული აქტივიზმი.

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ აქედან გამომდინარე, ამ არჩევნების შემდეგ, უნდა შევხედოთ ჩვენს კიდევ უფრო დემოკრატიულ განვითარებას ყველა მის ასპექტში. ეს შეეხება, როგორც საარჩევნო სისტემას, ისე მედიას, არასამთავრობო სექტორს. ყველამ გულდასმით და ყურადღებით უნდა მიიღოს ეს ანგარიში და შესაბამისი დასკვნები გამოიტანოს.

მნიშვნელოვანია ერთი გარემოება - ობიექტური საერთაშორისო დამკვირვებლების მოსაზრებების გაცნობამდე, ნაციონალურმა მოძრაობამ ერთი საათით ადრე დააანონსა, რომ ისინი კვლავ აპირებენ აქციების მოწყობას. ესეც, კიდევ ერთხელ აჩვენებს, სწორედ იმას, რაზეც ეუთო/ოდირიც საუბრობს, რომ პოლარიზაცია, სხვისი აზრის მიუღებლობა და ზოგადად, ობიექტური ჭეშმარიტების აღიარების შეუძლებლობა, რომელიც ახასიათებს ნაციონალურ მოძრაობას, ვნებს საერთო ჯამში, ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესს. არც კი დაელოდნენ სადამკვირვებლო მისიების შეფასებას, თავისი აღქმებით, დამოკიდებულებით, თავისი სურვილებით ხელმძღვანელობენ და დღეს დაანონსეს აქცია.

კიდევ ერთხელ, მადლობა მინდა გადავუხადო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს მათი პოზიტიური შეფასებისთვის, რომელიც შეეხება არჩევნებს ზოგადად და განსაკუთრებით, არჩევნების მეორე ტურს. ამ მანდატით გაძლიერებული, ჩვენი შედეგები არის უაღრესად კარგი. თქვენ ნახეთ, რომ ქართულმა ოცნებამ დამაჯერებლად გაიმარჯვა 64-დან 63 მუნიციპალიტეტში. ერთი წლის განმავლობაში ჩვენ უკვე მესამედ მივიღეთ ხალხისგან ნდობის მანდატი, ჩვენ მოვიგეთ საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნები, მოვიგეთ ოპოზიციის მიერ გამოცხადებული რეფერენდუმი და ასევე, თვითმმართველობის მეორე ტურის ღირებულებითი არჩევანი. ჩვენმა საზოგადოებამ უყურა იმ ერთ წლიან ხელოვნურ დაძაბულობას, რომელსაც ოპოზიცია ქმნიდა, შეაფასა მათი და ჩვენი ქმედებები და გამოიტანა თავისი ვერდიქტი. ამ ნდობას ჩვენ ვიღებთ, როგორც ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე ჩვენს მიერ გამოცხადებული პოლიტიკის მოწონებას და წინასაარჩევნოდ წარდგენილი ჩვენი პროგრამების განხორციელების მანდატს. საზოგადოებამ გააკეთა მკაფიო არჩევანი და ეს არჩევანი ყველამ უნდა მიიღოს.