×

22 ოქტომბერი, 2021

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გივი მიქანაძის ბრიფინგი

გვსურს, საზოგადოების ყურადღება კვლავაც გავამახვილოთ კონკრეტულ პოლიტიკურ სუბიექტებთან აფილირებულ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების საქმიანობაზე. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩვენ საზოგადოებას ბრიფინგი წარვუდგინეთ ინფორმაცია პირველი ტურის წინ, კერძოდ, 9 და 29 სექტემბერს, რომლის საფუძველზე საჯარო წყაროებით მხილებულ იქნა 20 ადგილობრივი ორგანიზაცია, რომლებიც დარეგისტრირდა ცესკოს მიერ. ამ ორგანიზაციათაგან 15 აფილირებული არის ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან, 3 - ევროპულ საქართველოსთან, ხოლო 2 - პარტია „საქართველოსთვის“. აღნიშნული ბრიფინგების შემდეგ, რიგმა ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებმა, პირდაპირ ეთერში განაცხადეს, რომ ეს იყო ქართული ოცნების მხრიდან მათი დისკრედიტაცია და ზეწოლა სამოქალაქო საზოგადოებაზე. ერთ-ერთი, ვინც მსგავსი განცხადებებით გამოირჩეოდა, გახლდათ ბ-ნ ვასილ ურუშაძე, პლატფორმა 20/20-ის ხელმძღვანელი. ორიოდე დღის წინ, კი მთელი საზოგადოება გახდა მოწმე, როგორ წარადგინა ვასილ ურუშაძე ნიკანორ მელიამ თავის გუნდის წევრად და თბილისის მერიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამსახურის ხელმძღვანელობის კანდიდატად. ამით დადასტურდა, რომ ბ-ნ ურუშაძე და პლატფორმა 20/20, რომელიც როგორც 2020, ასევე 2021 წლებში გამოირჩეოდა არჩევნების მადესკრიდიტირებელი კამპანიის წარმოებით და ისინი არიან პირდაპირ დაკავშირებული ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან. ჩვენ არაერთხელ საჯაროდ მოვითხოვეთ, რომ ჩვენ მიერ პოლიტიკურ სუბიექტებთან აფილირებულ ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებს განეხორციელებინათ დაფინანსების წყაროს იდენტიფიცირება, რაც დღემდე მათ არ განუხორციელებიათ. გამომდინარე იქიდან, რომ ბ-ნ ურუშაძე ოფიციალურად დასახელდა ოპოზიციური პარტიების გუნდის წევრად, მოვითხოვთ პლატფორმა 20/20-მა საჯაროდ წარმოადგინოს დაფინანსების წყარო, რომლითაც მათ განახორციელეს არჩევნებზე მონიტორინგი და პროექტი „ხმის მცველი“. იმის გათვალისწინებით, რომ დადასტურდა პლატფორმა 20/20-ის კავშირი ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან, შესაძლოა მათი საქმიანობა განხილული იყოს, როგორც უკანონო შემოწირულობა. შესაბამისად, მოვუწოდებთ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, დაინტერესდნენ აღნიშნული ფაქტით.