×

10 სექტემბერი, 2021

თიანეთის მერობის კანდიდატის ლევან წიკლაურის წარდგენა

თიანეთს აქვს ამის ძალიან დიდი პოტენციალი - ტურიზმის, სოფლის მეურნეობის განვითარების. 2 მილიარდ 500 მილიონი ლარის ინვესტიციას ვგეგმავთ ადგილობრივი წარმოების განვითარების მიმართულებით მომდევნო 3 წლის განმავლობაში. სახელმწიფო და კერძო სექტორი ჯამში, ერთად ამ ძალიან სერიოზული, სოლიდური თანხის ინვესტიციას მოვახდენთ და ჯამში 100 ათასი მინიმუმ ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. ასევე, 1000-ზე მეტი, 1300-მდე ახალი საწარმოს დაფინანსება იგეგმება ამ პროგრამის ფარგლებში და ეს გადანაწილდება ყველა რეგიონის და ყველა მუნიციპალიტეტის მიხედვით ისე, რომ ერთ ადგილას არ იყოს თავმოყრილი ეს სიკეთე, თანაბრად გადანაწილდეს მთელს ქვეყანაზე. - ირაკლი ღარიბაშვილი

აღსანიშნავია ინფრასტრუქტურული პროექტები - გზები, რომლის მასშტაბით შეგვიძლია ვიამაყოთ, სკოლების რეაბილიტაცია, საბავშვო ბაღების მშენებლობა, სპორტული მოედნები. ცენტრალურ პარკში დაგეგმილია სულ ახალი სპორტული მოედნის მშენებლობა, რომელიც მალე დასრულდება. ეს არის ის, რაზეც უნდა ზრუნავდეს ადგილობრივი თვითმმართველობა ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით. - კახა კუჭავა

ბოლო წლების განმავლობაში ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა თიანეთში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, რის შედეგადაც, მრავალი ადამიანის ყოველდღიურობა გაუმჯობესდა და აქ ცხოვრება და ბიზნესის კეთება უფრო კომფორტული გახდა. თუმცა ჯერ კიდევ ბევრი პრობლემა გვაქვს მოსაგვარებელი, რათა თიანეთი ეკონომიკურად ძლიერი და ინფრასტრუქტურულად სრულად მოწესრიგებული მუნიციპალიტეტი გახდეს.

ჩემს მშობლიურ მხარეს კარგად ვიცნობ და ისიც ვიცი, „ქართული ოცნების“ ძლიერი გუნდის მხარდაჭერით, ცენტრალურ ხელისუფლებასთან აქტიური კოორდინაციით, როგორ გადავჭრა ჩემი ხალხის წინაშე არსებული პრობლემები და გამოწვევები. ამ გზაზე, რა თქმა უნდა, თქვენი მხარდაჭერის დიდი იმედი მაქვს, რათა განვავითაროთ და ავაღორძინოთ სოფელი. სოფლის განვითარების სახელმწიფო თუ სხვა საგრანტო პროგრამები კი ყველასთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ. უნდა შევძლოთ სასმელი წყლის სათავე ნაგებობების, ქსელის მოწყობა და რეაბილიტაცია, რითაც საბოლოოდ მოგვარდება ჩვენი რაიონის სოფლებსა და დაბაში წყალმომარაგების პრობლემები. უნდა განვახორციელოთ რაც შეიძლება მეტი ინფრასტრუქტურული პროექტები, მოვაწყოთ როგორც ცენტრალური საავტომობილო, ისე სოფლის შიდა გზები და გარე განათებები. ასევე, მოვაწყოთ ხიდები, სახიდე გადასასვლელები და მდინარეების ნაპირსამაგრები. აქტიურად წარვმართოთ რაიონის სოფლების გაზიფიკაციისა და ინტერნეტიზაციის პროცესი, ხელი შევუწყოთ მცირე ბიზნესის განვითარებას და შევქმნათ რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილი. - ლევან წიკლაური

#განვითარებაყველარეგიონს