×

23 აგვისტო, 2021

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გივი მიქანაძის განცხადება

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დასკვნა იყო ის, რომ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები მეტწილად დაბალი სტანდარტით აფასებდნენ არჩევნებთან დაკავშირებულ სხვადასხვა ფაქტებსა და მოვლენებს.

ამ ნაკლოვანების მორიგ გამოვლინებად უნდა შეფასდეს ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს’’ მხრიდან ოზურგეთში ,,ქართული ოცნების’’ მერობის კანდიდატის ავთანდილ თალაკვაძის მიერ სამედიცინო მუშაკებთან გამართული შეხვედრის არასწორი ინტერპრეტირება.
კერძოდ, ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის’’ 48-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტზე მითითებით, ამ ორგანიზაციამ გაასაჩივრა აღნიშნული შეხვედრა, რასაც არ ჰქონდა არავითარი საფუძველი.

საარჩევნო კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმა კრძალავს საჯარო მოსამსახურეების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომლების, სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების თანამშრომლების, ასევე სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორების, აღმზრდელ-პედაგოგების, აღმზრდელების, მასწავლებლების და იქ დასაქმებული სხვა პირების სამსახურეობრივი ნიშნით შეკრებას.
ავთანდილ თალაკვაძემ შეხვედრა გამართა კერძო სამედიცინო დაწესებულებების პერსონალთან, ხაზს ვუსვამ, კერძო სამედიცინო დაწესებულებების პერსონალთან, რომელიც არ ხვდება არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმში. შეხვედრას ესწრებოდა საჯარო სამედიცინო დაწესებულების მხოლოდ რამდენიმე წარმომადგენელი, რაც ასევე არ არის საარჩევნო კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმის დარღვევა.
შესაბამისად, კიდევ ერთხელ, მოვუწოდებთ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მომავალში მეტი ყურადღებით დააკვირდნენ საარჩევნო ღონისძიებებს და აღარ დაუშვან მათი არასწორი ინტერპრეტირება და შეფასება, რამაც საარჩევნო გარემოზე უარყოფითი გავლენა შეიძლება იქონიოს.

დღეს ასევე გვინდა თქვენი ყურადღება გავამახვილოთ ძალიან მნიშვნელოვან კვლევის შედეგებზე. მოგეხსენებათ, რომ ჩვენმა პარტიამ განაცხადა, რომ საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით ინფორმაციას სხვადასხვა ქალაქებსა თუ მუნიციპალიტეტებში ჩატარებულ წინასაარჩევნო კვლევებთან დაკავშირებით.
დღეს გვსურს წარმოგიდგინოთ პარტიის სოციოლოგიური კვლევის ჯგუფის მიერ ქალაქ ქუთაისში ჩატარებული კვლევის შედეგები. შედეგების გაცნობამდე, მოგახსენებთ, რომ ქუთაისის მასშტაბით კვლევაში მონაწილეობა მიიღო 987-მა რესპონდენტმა.
პარტიული რეიტინგების შეწონილი მონაცემები გახლავთ შემდეგი:
-    ქართული ოცნება - 44.7 %
-    ნაციონალური მოძრაობა - 32.6 %
-    პატრიოტთა ალიანსი - 3.1%
-    საქართველოსთვის - 2.9 %
-    სტრატეგია აღმაშენებელი - 2.6 %
-    გირჩი - მეტი თავისუფლება 2.5 %
-    ლელო - 2.3 %
-    ევროპული საქართველო - 2.2 %
-    მოქალაქეები - 1.5 %
-    ლეიბორისტული პარტია - 1.5 %
-    გირჩი - 0.4 %
-    ერთიანი საქართველო - 0.4 %
-    სხვა პარტიები - 3.3 %

ქუთაისში საკრებულოს არჩევნები ამგვარი შედეგებით რომ დასრულდეს, 3 პროცენტიან საარჩევნო ბარიერს წარმოდგენილი შედეგების მიხედვით მხოლოდ სამი პოლიტიკური სუბიექტი გადალახავს და 28 მანდატი შემდეგნაირად გადანაწილდება:
-    ქართული ოცნება - 16 მანდატი
-    ნაციონალური მოძრაობა - 11 მანდატი
-    პატრიოტთა ალიანსი - 1 მანდატი

ასევე, წარმოგიდგენთ მერობის კანდიდატების რეიტინგების შეწონილ მონაცემებს:
-    იოსებ ხახალეიშვილი - „ქართული ოცნების“ კანდიდატი 50.3 %
-    ხატია დეკანოიძე - ნაციონალური მოძრაობა - 37.8 %
-    სხვა კანდიდატები 11.9 %
როგორც ხედავთ, ჩვენს კანდიდატს, იოსებ ხახალეიშვილს აქვს ყველანაირი მონაცემი იმისა, რომ  პირველივე ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვოს. თუ გავითვალისწინებთ კვლევის შედეგად პროპორციულ არჩევნებზე განაწილებულ ხმებს, ლოგიკურია, რომ „ქართული ოცნება“ შვიდივე მაჟორიტარს მოიგებს და ძალიან დიდი უპირატესობა და უმრავლესობა ექნება ქუთაისის საკრებულოში, თუმცა, რა თქმა უნდა, 2 ოქტომბერს ყველაფერი ამომრჩევლის ნებასა და აქტიურობაზე იქნება დამოკიდებული.
როგორც დავაანონსეთ, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენი პარტია საზოგადოებას პერიოდულად წარუდგენს სხვადასხვა ქალაქში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგებს.