×

21 ივლისი, 2021

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის წარდგენაზე

ყველას მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო,
პატივცემულო სტუმრებო, დიდი მადლობა მობრძანებისთვის.
მე მინდა დღევანდელი გამოსვლა დავიწყო მადლობით. მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენს ათასობით და ასი ათასობით მხარდამჭერ ამომრჩეველს, რომელთა დახმარებით „ქართულმა ოცნებამ“ ბოლო 7 არჩევნები დამაჯერებელი გამარჯვებით მოიგო. 2012 წელს ყველას კარგად მოგეხსენებათ, თუ რაოდენ მძიმე იყო მაშინდელი პოლიტიკური გარემო, სივრცე, რომელშიც ჩვენ ყველანი ერთად ვმონაწილეობდით. მაშინდელი გამარჯვება აღმოჩნდა ის მყარი საფუძველი, რამაც განაპირობა ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარება. იმ დროს ალბათ წარმოუდგენელი იყო ისეთი მჩაგვრელი, ძალადობრივი რეჟიმის დამარცხება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი თანამოქალაქეების ჩაგვრაზე იყო ორიენტირებული. უსამართლობაზე იყო ორიენტირებული. ძალადობა და ტერორი, ეს იყო ჩვენი  ყოველდღიური ცხოვრების თანამდევი ნაწილი. ეს ყველაფერი, ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ, ყველამ ერთად, თქვენთან ერთად და ჩვენი თანამოქალაქეების მხარდაჭერით ჩავაბარეთ წარსულს. ეს მძიმე წარსული ასევე თქვენი თანადგომით, თქვენი მხარდაჭერით არასოდეს არ დაბრუნდება ჩვენს ქვეყანაში.

მთავარი მონაპოვარი, რომელიც ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მოიტანა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის არის თავისუფლება, მშვიდობა და სტაბილურობა, რომელიც არის საფუძველთა საფუძველი ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის. ძალიან ბევრი შეიძლება ვისაუბროთ იმის თაობაზე, თუ რა მიღწევები აქვს „ქართულ ოცნებას“, დაწყებული ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით, უვიზო რეჟიმით, თავისუფალი ვაჭრობის მიღწევით, ჯანდაცვის რეფორმით, სოფლის მეურნეობის სექტორში რეალური, ხელშესახები პროგრესით, ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერით და აშ.. ამაზე მე არ მინდა, რომ დღეს აქ ვისაუბრო, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ თითოეულ მუნიციპალიტეტში კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს მოქალაქეებს მიღწეული პროგრესი და ვისაუბროთ ჩვენს მომავალზე.
მე მინდა ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ შევახსენო შემდეგი: ყოველი არჩევნები არის განმსაზღვრელი ჩვენი მომავლის, ჩვენი შვილების მომავლის. არჩევნებში მონაწილეობით ჩვენი თითოეული მოქალაქე თანამონაწილე ხდება ჩვენი აწმყოსი და ჩვენი მომავლის. ამიტომ, ჩვენ ყველას კარგად გვესმის, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის შემდგომი სტაბილური განვითარების განმსაზღვრელია. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი არჩევნები ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. რა თქმა უნდა, ჩვენს ოპონენტებს და დაპირისპირებულ მხარეს სამწუხაროდ, ჩვენდა საუბედუროდ, არ აქვთ რეალური დღის წესრიგი. მათი მთავარი ამოცანაა ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაცია, მუდმივი არეულობა და ქაოსი.

ჩვენი, „ქართული ოცნების“ ხელწერა არის მშვიდობის, სტაბილურობის, განვითარების ხელწერა. ამის ნათელი მაგალითია ის მასშტაბური სამუშაოები, რომელიც დედაქალაქში განახორციელა ჩვენი გუნდის გამორჩეულმა ლიდერმა კახა კალაძემ. მე მინდა რამდენიმე სიტყვით დავახასიათო ჩემი მეგობარი კახა კალაძე.
2012 წელი ვახსენე და მინდა ყველას გითხრათ, რომ პირველივე დღეებიდან კახა იყო, არის და მჯერა იქნება ავანგარდში, უსამართლობასთან, ჩაგვრასთან ბრძოლის წინააღმდეგ. კახა იყო ის ერთ-ერთი პირველი, რომელიც გვერდში დაუდგა ჩვენს დიდ ოჯახს, „ქართულ ოცნებას“, არის თანადამფუძნებელი ჩვენი დიდი ოჯახის, ჩვენი პარტიის, ჩვენს დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს და ჩვენ ყველამ ერთად მივაღწიეთ ამ მართლაც წარმოუდგენელ გამარჯვებას. კახამ თავისი წარმატებული ბიოგრაფით, იქნებოდა ეს სპორტი, მთავრობაში მისი წარმატებული საქმიანობა მინისტრის და ვიცე-პრემიერის რანგში თუ ახლა, ბოლო 4 წლის განმავლობაში დედაქალაქის მერად მუშაობისას, ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი მოიტანა. ყველა იმ სექტორში, სადაც ის მოღვაწეობდა, ყოველთვის მისი ხელწერა იყო განვითარება და პროგრესი. კახას შთამბეჭდავი სპორტული კარიერა აქვს. მისი მოკაშკაშე ბიოგრაფია ჩვენთვის ყველასთვის საამაყოა. მაგრამ აქვე მინდა ვთქვა, რომ კახას მიერ გადადგმული ნაბიჯები უკავშირდება მის მუხლჩაუხრელ შრომას, 24 საათიან შრომას განვითარებაზე, საკუთარ თავზე, ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე და იმ საქმეზე, რაც მას ავალია. მოდით ვთქვათ გულწრფელად, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში, კახა კალაძემ საკუთარი საქმით დაამტკიცა, რომ იგი არის საუკეთესო მერი დედაქალაქის. მადლობა კიდევ ერთხელ კახას. კახამ ძალიან ბევრი საქმე გააკეთა ჩვენი ქალაქის გასალამაზებლად, ძალიან ბევრი პრობლემა მოაწესრიგა, მოაგვარა. მან წარადგინა საკუთარი ხედვა შემდგომი განვითარების, რომელიც ეხება ინფრასტრუქტურას, ტრანსპორტს, გამწვანებას და ა.შ. მე ვიცი, რომ კახა კიდევ უფრო ბევრს გააკეთეს ჩვენი დედაქალაქისთვის. და ბოლოს, მეგობრებო, მე მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო,  მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობის თაობაზე. ჩვენ, მთავარი, რაც უნდა შევახსენოთ ჩვენს მოქალაქეებს, არის შემდეგი, რომ „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი უალტერნატივო პოლიტიკური ძალა ჩვენს ქვეყანაში, რომელსაც შეუძლია, როგორც მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება, ასევე ჩვენი ქვეყნის განვითარება და ჩვენი მოქალაქეებისთვის რეალური კეთილდღეობის უზრუნველყოფა. მე მჯერა, რომ, როგორც დედაქალაქში, რომლიც კანდიდატიც არის უალტერნატივო, ასევე ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტში, „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს და ეს იქნება გარანტი ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარების. დიდი მადლობა!