×

11 იანვარი, 2021

„ქართული ოცნების“ მმართველობის 8 წლის განმავლობაში მიღწეული პროგრესის ძირითადი პარამეტრები:

მსოფლიო ბანკის მიერ, 2012 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებული მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების კვლევაში, „კორუფციის კონტროლის“ მიხედვით, საქართველო, მსოფლიო ბანკის წევრ ქვეყნებს შორის 62-ე ადგილზე იყო, ხოლო „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ იმავე წლის დეკემბრამდე გამოქვეყნებული „კორუფციის აღქმის“ 2011 წლის ინდექსის მიხედვით, მსოფლოში 64-ე პოზიცია გვეკავა;

2012 წელს, მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ანგარიშის თანახმად, „კორუფციისგან თავისუფლების“ მიხედვით, (რომელიც მოგვიანებით „მთავრობის კეთილსინდისიერების“ ინდექსად გარდაიქმნა), ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში 69-ე ადგილს იკავებდა.

2012 წლის ოქტომბრის შემდეგ, სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა, და დღეს, საქართველო ამავე რეიტინგებში, „მთავრობის კეთილსინდისიერებით“ მსოფლიოში 31-ე პოზიციაზეა,  „კორუფციის კონტროლით“, მსოფლიო ბანკის წევრთა შორის, 41-ე ადგილზეა, თანაც, ამ ორივე ინდიკატორით, ევროპის საუკეთესო ოცეულშია და უსწრებს კიდეც ევროკავშირის  13 სახელმწიფოს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ 2020 წელს გამოქვეყნებული „კორუფციის აღქმის“ ინდექსის მიხედვით, საქართველო აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში პირველ ადგილზეა.  იმავდროულად, 2020 წლის „ეკონომიკის თავისუფლების ინდექსის“ მიხედვით, საქართველო მსოფლიოში მე-12 პოზიციაზეა.

 

2020 წელს მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული „გლობალური მმართველობის ინდიკატორების“ მიხედვით, საქართველომ „მმართველობის ეფექტიანობით“ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და ევროკავშირის წევრ 8 ქვეყანას გადაასწრო.

“ქართული ოცნების” ხელისუფლების მიზანი ყოველთვის იყო საქართველოს ეკონომიკის მდგრადი კონკურენტუნარიანი განვითარება და ამ ფასეულობაზე დაფუძნებული კეთილდღეობის შექმნა.

გლობალური მდგრადი კონკურენტუნარიანობის ინდექსის (GSC index 2020) მიხედვით, 2020 წელს საქართველო 40 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა, მსოფლიოში 37-ე ადგილზე გავიდა, ქულათა ისტორიული მაქსიმუმი აიღო, რეიტინგის 7 წლიანი გაუმჯობესების მიხედვით კი, მსოფლიოში პირველ ადგილზეა. საქართველო რეიტინგში უსწრებს, ისეთ მოწინავე ეკონომიკებს, როგორიცაა ჩინეთი, სინგაპური, ავსტრალია, ისრაელი, საბერძნეთი, მალტა, ჩილე, კვიპროსი და ა.შ.

რეიტინგში საქართველო ყველა მეზობელ ქვეყანას უსწრებს, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი მხოლოდ ბალტიისპირეთს ჩამორჩება.

ცნობისათვის GSC index 2013-ის მიხედვით, (რომელიც 2013 წლამდე პერიოდს ასახავს) საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ ჩამორჩენილ, 95-ე ადგილზე იყო პაპუა ახალ გვინეასა (94-ე) და ნეპალს (96-ე) შორის, დღეისთვის კი სარეიტინგო პოზიცია 58 ადგილით აქვს გაუმჯობესებული.

 

საქართველომ ახალი ისტორული მაქსიმუმი  2020 წლის „კეთილდღეობის ინდექსშიც“ დააფიქსირა, შეფასების 100%-ანი სკალიდან 61.8%-ი მიიღო. „კეთილდღეობის ინდექსს“ ცნობილი ბრიტანული თინქ თენქი, ლეგატუმის ინსტიტუტი აწარმოებს 2007 წლიდან.

2020 წელს საქართველო კეთილდღეობის მსოფლიო რეიტინგში ყველა მეზობელ ქვეყანას უსწრებს, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან კი მხოლოდ ბალტიისპირეთს ჩამორჩება.

აღსანიშნავია, რომ წელს ამ სარეიტინგო გამოკვლევაში საქართველომ ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული აღიარება მოიპოვა. ანგარიშში საქართველოს სპეციალური თავი მიეძღვნა. კერძოდ, ჩვენი ქვეყანა ღია აღმშენებლობის, მდგრადი და კონკურენტუნარიანი ეკონომიკების მიღწევებს შორის პროგრესის ყველაზე დამაჯერებელ უახლეს მაგალითად დასახელდა. კვლევაში გაანალიზებულია საქართველოს მიღწევები სიღარიბის შემცირების, თავისუფალი ვაჭრობის, საგადასახადო და ეკონომიკური ლიბერალიზაციის, ინვესტორთა დაცულობის მიმართულებით.

„ასეთი წარმატება ხაზს უსვამს, თუ როგორ შეუძლიათ ერებს შექმნან გზები სიღარიბიდან კეთილდღეობისაკენ, შექმნან ეკონომიკა, რომელიც კარგად იმართება და მდგრადია შოკების მიმართ, სადაც ხალხი გრძნობს საკუთარ ინტერესებს და კონკურენტუნარიანია საერთაშორისო დონეზე“- აღნიშნულია დასკვნის სახით ანგარიშში.

მიუხედავად ასეთი მნიშველოვანი საერთაშორისო აღიარებისა, საქართველო ჯერ კიდევ რჩება საშუალო შემოსავლიანი სტატუსის ქვეყნად, თუმცა ამ მიმართულებითაც განიცადა პროგრესი. ბოლო 8 წელიწადში საქართველომ მსოფლიო ბანკის კლასიფიკაციით, დაბალი საშულაო შემოსავლის ჯგუფიდან მაღალი საშუალო შემოსავლის ჯგუფში გადაინაცვლა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, ერთ სულ მოსახლეზე საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით, 2012 წელთან შედარებით 60%-ით გაიზარდა და  მიმდინარე ფასებში 15 000 საერთაშორისო დოლარს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ ამ მაჩვენებლით ევროპასა და აზიაში საშუალო შემოსავლის ჯგუფის ქვეყნებს შორის საუკეთესო ოცეულში მე-14 პოზიციაზე ვართ. გაუმჯობესდა ქვეყნის საკრედიტო რეიტინგი და ამ ინდიკატორითაც მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში ვართ საშუალოშემოსავლიანი ჯგუფის ქვეყნებს შორის. საქართველოს ერთი საფეხური აშორებს უმაღლესი საკრედიტი რეიტინგის მისაღებად და მხოლოდ ორი საფეხური - საინვესტიციო რეიტინგის მოსაპოვებლად, რისი მიღწევაც უახლოეს წლებში სავსებით რეალისტურია.

პრესის თავისუფლების ინდექსში ბოლო რვა წლის განმავლობაში, 104-დან მე-60-ზე გადავინაცვლეთ, რაგან წარსულს ჩაბარდა დრაკონული რეგულაციები, რითაც ხელისუფლება ტელევიზიებს აკონტროლებდა და არც ახლის გახსნის უფლებას იძლეოდა. მედია გახდა პლურალისტური, მრავალფეროვანი, ხელმისაწვდომი.

ზედიზედ მესამე წელია, მსოფლიოს მოწინავე კვლევითი ორგანიზაციისა და ვაშინგტონის წამყვანი ანალიტიკური ცენტრის - „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ კვლევის თანახმად, საქართველოს სასამართლო სისტემა, ეფექტიანობით, ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-18 პოზიციაზეა, ხოლო აღმოსავლეთ ევროპაში, პირველ ადგილს იკავებს. იმავდროულად, სასამართლოს დამოუკიდებლობის, სასამართლო პროცესების ხარისხის და სასამართლოს მიუკერძოებლობის პარამეტრებით, საქართველოს სასამართლო სისტემა უსწრებს  ესპანეთს, იტალიას, პოლონეთს, ხორვატიას, ჩეხეთს, უნგრეთს, მალტას, ლატვიას, საბერძნეთს, კვიპროსს, რუმინეთს, ბულგარეთს, სლოვაკეთს და სლოვენიას.

 

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის „გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგის“ მიხედვით, საქართველო, საზოგადოების დაცულობის მაჩვენებლით, ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-16 ადგილზეა, ხოლო ორგანიზებული დანაშაულისგან თავისუფლების ინდექსის მიხედვით, მსოფლიოში 25-ე ადგილზე, ევროპის საუკეთესო ოცეულში კი, მე-14 პოზიციას იკავებს, მაშინ როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს, 2012 წელს, ამ პარამეტრში 75-ე ადგილით, მსოფლიოს ყველაზე მაფიოზური ქვეყნების ჯგუფს მივეკუთვნებოდით.

 

ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტს მიერ მსოფლიოს 163 ქვეყნისთვის დათვლილი გლობალური მშვიდობის ინდექსით ნაცმოძრაობის დროს საქართველო თითქმის ყოველთვის ბოლო ოცეულში იყო.  „ქართულმა ოცნებამ“ ეს მაჩვენებელი 44 ადგილით გააუმჯობესა და ქვეყანამ 95-ე ადგილზე გადაინაცვლა. 2020 წლის „მსოფლიო მშვიდობის ინდექსის“ მიხედვით, საქართველო მშვიდობიანობის გრძელვადიანი გაუმჯობესებით, მსოფლიოში მეორე ადგილზეა, ხოლო 2020 წლის  „სახელმწიფოებრივი სიმყიფის ინდექსის“ მიხედვით, საქართველო სახელმწიფოებრივი მდგრადობის გრძელვადიანი გაუმჯობესებით, მსოფლიოს საუკეთესო სამეულში მოხვდა და ევრაზიის კონტინენტზე პირველ ადგილზე გავიდა.

სრულიად შეიცვალა მართლმსაჯულება, რომელიც თანდათანობით დამოუკიდებელ ინსტიტუციად ყალიბდება. მისი პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების პრაქტიკა დასრულდა. წინა ხელისუფლების დროს ჩადენილ მხოლოდ ქონებრივ დავებზე ათასობით საჩივარი დაიწერა, რომელთა ნაწილის დასაკმაყოფილებლადაც ბიუჯეტიდან 50 მილიონი ლარი დაიხარჯა.

 

2012 წლიდან დღემდე, მართლმსაჯულების სისტემაში:

 

  • ექვსჯერ გაიზარდა გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა, და დავიწყებას მიეცა 99%-იანი გამამტყუნებელი განაჩენების ყოვლად სამარცხვინო პრაქტიკა;
  • თითქმის განახევრდა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მაჩვენებელი;
  • 160%-ით გაიზარდა არასაპატიმრო სასჯელის - ჯარიმის გამოყენების მაჩვენებელი;
  • 70 %-ით შემცირდა არასრულწლოვან მსჯავრდებულთა რიცხვი;
  • 35-ჯერ გაიზარდა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის სასჯელის ზომად გამოყენების მაჩვენებელი;
  • 25 ათასით შემცირდა იმ პირთა რაოდენობა, რომელთაც საერთო სასამართლოების მიერ დაეკისრათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა;
  • სამჯერ შემცირდა ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელი;
  • 200-ჯერ გაიზარდა პოლიციის წინააღმდეგ საჩივრების დაკმაყოფილების მაჩვენებელი;
  • 11-ჯერ შემცირდა საქართველოდან სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგზავნილი სარჩელების რაოდენობა.

 

შევხედოთ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასა და საგარეო ურთიერთობებს. დასავლური ინტეგრაციის პროცესის არნახული ზრდის პარალელურად „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო ქვეყანაში მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფა. მომზადდა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი (SNGP), შევუერთდით ნატოს რეაგირების ძალებს (NRF), გაიხსნა ნატოს საწვრთნელი ცენტრი, მოხდა ფრანგული ანტისაჰაერო სისტემის პირველი პაკეტის შესყიდვა და გაფორმდა კონტრაქტი შემდგომ შესყიდვაზე, მოგვყიდეს ჯაველინები, რაც მხოლოდ ამერიკის სტრატეგიული პარტნიორების პრივილეგიას წარმოადგენს, საქართველოში იმართება ყოველწლიური ფართომასშტაბიანი წვრთნები (NATO-ს და მოკავშირე ქვეყნებთან ერთად).

 

სხვადასხვა საერთაშორისო კრიზისის მიუხედავად, ქვეყნის წინსვლა არ შეფერხებულა. 8 წლის განმავლობაში სტაბილურად იზრდებოდა მთლიანი შიდა პროდუქტი, ხოლო ქვეყნის ბიუჯეტი მემკვიდრეობით მიღებული 8.6 მილიარდიდან 15 მილიარდ ლარამდე გაიზარდა.

 

ორნახევარჯერ გაიზარდა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები - 2012 წლის 1.4 მილიარდი აშშ დოლარიდან 2019 წელს 3.3 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. რაკი ამ ნიშნულს ერთხელ უკვე მივაღწიეთ, პანდემიის შედეგად დაკარგულ პოზიციას პოსტ-კრიზისულ პერიოდში მალევე აღვიდგენთ. ქვეყანაში გასამმაგდა საწოლი ადგილების რიცხვი, რაოდენობამ 2012 წელს არსებული 33 ათასი საწოლი ადგილიდან 2020 წელს 101 ათასს მიაღწია. თუკი სამთო კურორტებზე 2011-12 წლებში ვიზიტორთა რაოდენობა 88 ათასი იყო, 2018-19 წლებში ვიზიტორთა რიცხვმა 603 ათასი შეადგინა.  ეს რიცხვები კარგად გამოხატავს სექტორის ზრდას, რაც პირდაპირ ნიშნავს ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართულ პირთა შემოსავლებს.

 

ეკონომიკის ზრდა სათანადო ინფრასტრუქტურული მშენებლობების მასშტაბით გახდა შესაძლებელი. საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით, ჩვენს მიერ 8 წლის მანძილზე გაწეული ხარჯი, 6 მილიარდ 800 მილიონ ლარს შეადგენს, და ორჯერ აღემატება წინა ხელისუფლების ცხრაწლიან პერიოდში გაწეულ ხარჯს. წინა ხელისუფლებამ, 9 წლის განმავლობაში, სულ 68 კილომეტრი ავტომაგისტრალი დააგო. ჩვენ კი, მხოლოდ მიმდინარე წლის ბოლომდე, 70 კილომეტრამდე ჩქაროსნულ მაგისტრალურ გზას გავხსნით. შედეგად, 2013 წლიდან 2020 წლის ჩათვლით, ჯამურად, 200 კილომეტრს, ანუ ორმაგი ბიუჯეტით თითქმის სამჯერ მეტი გავაკეთეთ.

 

ორჯერ მეტია გაზიფიცირებული აბონენტების რიცხვიც, თუკი ნაცმოძრაობის დროს ასეთი 172 ათასი იყო, ქართული ოცნების დროს გაზი 320 ათასმა აბონენტმა მიიღო.

 

შთამბეჭდავია სოფლის მეურნეობაში მიღწეული შედეგი. ფერმერთა საჭიროებაზე მორგებული არაერთი პროგრამის ამუშავებით პროდუქტიულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2012 წლისთვის აგროსურსათის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 753 მილიონი აშშ დოლარი იყო, რაც 55 პროცენტითაა შემცირებული და 2019 წლისთვის 356 მილიონ აშშ დოლარამდე შემცირდა. თუკი დარგის ბიუჯეტი 2012 წელს 511 მილიონი აშშ დოლარი იყო, 2019 წელს 900 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა.

 

2012 წლამდე, დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდიდან მოყოლებული, ვენახების საერთო ფართობი 35 ათას ჰექტარს შეადგენდა. 2012 წლიდან სახელმწიფოს მიერ მევენახეობა-მეღვინეობის დარგში გატარებული სწორი პოლიტიკის, დარგის მხარდაჭერისა და სისტემური რეფორმების შედეგად, მხოლოდ უკანასკნელი 7 წლის განმავლობაში, ვენახების ფართობი 20 ათასი ჰექტარით გაიზარდა, და  55 ათას ჰექტარს მიაღწია. 2012 წლამდე ყურძნის მოსავალი წლიურად 50-55 ათასი ტონის ფარგლებში მერყეობდა. დღეს კი, ეს მაჩვენებელი ექვსჯერ გაიზარდა, და  300 ათას ტონას მიაღწია.

შესაბამისად, ჯერადობით გაიზარდა მევენახეების შემოსავლები, რაც ასევე ასახულია კონკრეტულ ციფრებში - მევენახეებმა, 2013 წლიდან დღემდე, ყურძნის რეალიზაციით, 1 მილიარდ 400 მილიონ ლარის შემოსავალი მიიღეს. 

 

ბიუჯეტის ზრდის მხრივ გამორჩეულია ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სფერო. 2012 წელს მისი ოდენობა 1.7 მილიარდ ლარს უდრიდა, დღეს კი 5.5 მილიარდი ლარია.  გაორმაგდა პენსია, გაიზარდა დასაქმებულთა რიცხვი, 10.5 პროცენტით შემცირდა სიღარიბე. ნაცმოძრაობამ თავის დროზე სიღარიბის შემცირება მხოლოდ 4.3 პროცენტით შეძლო. საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმა და ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ხომ საყოველთაოდ აღიარებულ გამარჯვებას წარმოადგენს.

 

განათლების ბიუჯეტი 2012 წელს არსებული 700 მილიონი ლარიდან 1.8 მილიარდ ლარამდე გაიზარდა.  გაუქმდა საბავშვო ბაღების გადასახადი, უფასო გახდა სასკოლო წიგნები, გახუთმაგდა პროფესიული სასწავლებლების დაფინანსება, 9.6 მილიონი ლარიდან რიცხვმა 51 მილიონი ლარი შეადგინა. სასწავლებლებს ამ დროისთვის 60 ათასზე მეტი ადამიანი ჰყავთ გადამზადებული. უმაღლეს განათლებაზე წლიურად იხარჯება 178 მილიონი ლარი, 2012 წელს ეს იყო 84 მილიონი ლარი.  მეცნიერებასა და სამეცნიერო კვლევებზე იხარჯება 64 მილიონი ლარი, 2012 წელს ეს იყო 15 მილიონი ლარი.