×

10 ნოემბერი, 2020

შალვა პაპუაშვილი: არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში დეზინფორმაცია ვრცელდება

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საარჩევნო სიის წევრმა მედიითა და სოციალური ქსელებით გავრცელებულ 5 დეზინფორმაციაზე ისაუბრა, რომელიც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ვრცელდება და პრეზენტაციაზე სტატისტიკური მონაცემები წარმოადგინა.

პირველი - არჩევნების პირველადი შედეგების გამოცხადების დრო: რამდენჯერმე, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, მოვისმინეთ, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პირველადი შედეგების გამოქვეყნება ძალიან დააგვიანა. იცით, რომ , დაახლოებით, ღამის 03:00 საათისთვის გამოცხადდა პირველადი შედეგები. სტატისტიკას რომ შევხედოთ, 2012 წლიდან მოყოლებული, ვნახავთ, რომ ესაა ჩვეულებრივი, საშუალო გამოცხადების დრო და, ცესკო-ს მხრიდან, არანაირი დაგვიანება არ ყოფილა.

მეორე - თითქოსდა, ბევრია ბათილი ბიულეტენების რაოდენობა. საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნების სტატისტიკის მიხედვით, 2008 წლის შემდეგ, ბათილი ბიულეტენების რაოდენობა 3-დან 4%-მდე მერყეობს. 4.9%-იც კი ყოფილა.

მესამე - თითქოს, 2020 წელს ჭარბი, დიდი რაოდენობით შესწორების ოქმია. იმის მიხედვით, თუ რამდენად კომპლექსურია არჩევნები, არის შესწორების ოქმების სხვადასხვა რაოდენობა. სტატისტიკა აჩვენებს, რომ წელს იყო 1 171 შესწორების ოქმი და თითქმის ასეთივე რაოდენობა იყო 2017 წელს, თვითმმართველობის არჩევნების დროს. 2016 წელს იყო ნაკლები შესწორების ოქმი, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ მაშინ იყო 23 რეგისტრირებული სუბიექტი, წელს გვყავდა 50 პარტია, რომელიც მონაწილეობდა არჩევნებში. ამასთან, ტარდებოდა აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები.

მეოთხე- დისბალანსი ოქმებში, ანუ, როცა ბიულეტენებისა და ხელმოწერების რაოდენობა ერთმანეთს არ ემთხვევა. ხდება მანიპულაცია, თითქოს იყო კარუსელი ან ჩაყრა. დღეისთვის, გვაქვს დაახლოებით 966 ოქმი, რომელშიც იყო დისბალანსი. ესეც ჯდება საერთო სტატისტიკაში. რომ შევხედოთ 2012 წლის, 2016 წლის არჩევნებს, მაშინაც, დაახლოებით, 900-მდე ოქმი იყო, რომელშიც ბოლომდე არ იყო ბალანსი დაცული. ესაა ჩვეულებრივი ტექნიკური წუნი, რომელიც არჩევნებს ახლავს ხოლმე.

მეხუთე - თითქოს, უპრეცედენტოდ ბევრი საჩივარია დაწერილი. სტატისტიკა პირიქით მეტყველებს. რომ შევადაროთ 2016 წლისა და 2020 წლის არჩევნები, ვნახავთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაწერილი საჩივრების ოდენობა 71 ერთეულითაა შემცირებული. სამაგიეროდ, პარტიებს აქვთ 738 საჩივრით მეტი დაწერილი. მათი უმეტესობა არჩევნების მიმდინარეობისას არ დაწერილა, არამედ, ოქმების შედგენის შემდეგ. ვიცით, რომ ყველამ მოაწერა ხელი. საუბრო კომისიებში პარტიების 11 500 წარმომადგენელია. 11 500-ვემ მოაწერა ხელი ყველა ოქმს