×

16 დეკემბერი, 2020

უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადება

როგორც აღმოჩნდა, საზოგადოების ნაწილი დაბნეულია ოპოზიციის განცხადებების გამო, სადაც ისინი ამბობენ, რომ მეორე ტურში მონაწილეობას არ იღებენ. ამ ფონზე, ზოგიერთ ადამიანს რჩება შთაბეჭდილება, რომ მეორე ტური საერთოდ არ ტარდება, თუმცა ეს მართალი არ არის და ამიტომ საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მიმდინარე კვირის შაბათს, 21 ნოემბერს, გაიმართება საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მთაწმინდა-კრწანისის, ვაკის, საბურთალოს, ისნის, სამგორის, დიდუბე - ჩუღურეთის, ნაძალადევის, გლდანის, თელავი - ახმეტა - ყვარელი - ლაგოდეხის, მცხეთა - დუშეთი- თიანეთი -ყაზბეგის, რუსთავის და გარდაბნის რამდენიმე სოფლის, ხაშური - ქარელის, ზესტაფონი-ტყიბული -თერჯოლა - ბაღდათის, ქუთაისის, ზუგდიდის, ბათუმის, ხელვაჩაური - ქედა - შუახევი - ხულოს საარჩევნო ოლქებში. ბიულეტენებში მითითებული იქნება მეორე ტურში გასული ორივე კანდიდატის სახელი და გვარი, რადგან მეორე ტურში კანდიდატურის მოხსნა, მოქმედი კანონმდებლობით შეუძლებელია.
შესაბამისად, „ქართული ოცნების“ ყველა ამომრჩეველს, კიდევ ერთხელ ვუხდით უღრმეს მადლობას ნდობისთვის, მხარდაჭერისთვის და მოვუწოდებთ, არ შევიდნენ შეცდომაში, ოპოზიციის სპეკულაციური განცხადებების გამო და შაბათს, 21 ნოემბერს მივიდნენ საარჩევნო უბნებში და მხარი დაუჭირონ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს. დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი კანდიდატების გამარჯვება იქნება გარდაუვალი, რადგან ასეთია საზოგადოების განწყობა.
ასევე, მინდა 2 საკითხს შევეხო - პირველი , მივაწვდი საზოგადოებას ინფორმაციას , რომ მიუხედავად მათი განცხადებებისა , ოპოზიცია მაინც მუშაობს ველზე თავისი აგიტატორების მეშვეობით, როგორც ამას პარტიული სუბიექტები ეძახიან. ისინი ზოგიერთ საარჩევნო მაჟორიტარულ ოლქში აორმაგებენ კიდევაც მათი აგიტატორების რაოდენობას, ორგან დაფიქსირდა ასეთი ფაქტი. ასე რომ, მათი განცხადებები აცდენილია მათ მოქმედებებს. ასევე, მინდა საზოგადოება საქმის კურსში ჩავაყენო , რომ უდიდესი ნაწილი მათი კანდიდატებისა, რომლებიც არიან მაჟორიტარები , უკვე მათი საარჩევნო სიის, პროპორციული სიის შედეგების მიხედვით პარლამენტის დეპუტატია, მათ მოპოვებული აქვთ მანდატი, რაც არ ხდება ჩვენს შემთხვევაში იმიტომ, რომ გამსვლელ სიაში ჩვენი მაჟორიტარობის არც ერთი კანდიდატი შეყვანილი არ ყოფილა, მათ მანდატი არ აქვთ და იცით რომ " ქართულ ოცნებას " დღევანდელი შედეგებით და მდგომარეობით 73 მანდატი აქვს მოპოვებული და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მაჟორიტარი კანდიდატების მხარდაჭერა.
არ შემიძლია არ შევეხო ეგრეთწოდებული სირცხვილის კორიდორს ,რომელთან დაკავშირებითაც ყოველგვარი მორიდების გარეშე, პირდაპირ ვიტყვი, რომ გუშინ გაკეთდა ძალიან თავხედური განცხადებები. ძალიან კარგია, რომ ამ მიდგომას რამდენიმე წარმომადგენელი ოპოზიციიდან უკვე გაემიჯნა, თუმცა ნათლად ჩანს რომ ეს არის განსაკუთრებით " ნაციონალური მოძრაობის" ზოგიერთი ლიდერის დამოკიდებულება საკუთარი ამომრჩევლის მიმართ , ხალხის მიმართ.
მართალია რამდენიმე მათგანმა, მაგრამ მათ გაბედეს სირცხვილის კორიდორის და ამომრჩეველზე ზემოქმედების ამ სახის, ამ მეთოდის დაანონსება საარჩევნო დღისთვის ,მეორე ტურისთვის, რაც წარმოუდგენელია. არავის ეგონა, რომ 2020 წელს შეიძლებოდა მსგავსის გაკეთება რომელიმე პოლიტიკოსის მხრიდან.