×

04 ნოემბერი, 2020

კახა კალაძე - „ოცნებას” მომავალ პარლამენტში მხოლოდ პირველი ტურის მონაცემებითაც კი შეუძლია უმრავლესობის შექმნა და გიორგი გახარიას მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება

გუშინ, საქართველომ კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა დემოკრატიისკენ.
გუშინ, ქართველმა ხალხმა, თავისუფალ, დემოკრატიულ და კონკურენტულ გარემოში გამოხატა საკუთარი ნება, რომელიც არჩევნების შედეგებში აისახა.
არჩევნებში გამოხატული ხალხის ნებით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, “ქართულმა ოცნებამ” პროპორციული სიის ნაწილში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაიმეორა, საქართველოს მოსახლეობის 48-ზე მეტის მხარდაჭერა მოიპოვა და ასევე დამაჯერებლად, პირველივე ტურში გაიმარჯვა მინიმუმ 14 მაჟორიტარულ ოლქში. მინიმუმს ვამბობ იმიტომ, რომ ჯერ კიდევ მიმდინარეობს დათვლა მაჟორიტარების მიმართულებით.

მოქმედი საარჩევნო კანონმდებლობის გათვალისწინებით, ეს ნიშნავს, რომ “ქართულ ოცნებას” , გადაუნაწილებელი მანდატების პროპორციის გათვალისწინებით, 150-დან მინიმუმ 76 მანდატი (62 - პროპორციული და 14 - მაჟორიტარული) პირველივე ტურში მიანიჭა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ.

შესაბამისად, "ქართულ ოცნებას” მომავალ პარლამენტში მხოლოდ პირველი ტურის მონაცემებითაც კი შეუძლია უმრავლესობის შექმნა და გიორგი გახარიას მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება. აქედან გამომდინარე, არჩევნების ინტრიგა, ინარჩუნებს თუ არა “ქართული ოცნება” ხელისუფლებას, დამთავრებულია.