×

21 ოქტომბერი, 2020

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადება

გვინდა, მოკლე განცხადება გავაკეთოთ ზუგდიდში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

ამ ვითარებაში, თითოეული ჩვენგანის მთავარი სურვილი მძევლების რაც შეიძლება სწრაფად, უვნებლად გათავისუფლებაა.

მთავარია, სამართალდამცავ ორგანოებს მიეცეთ საკუთარი პასუხისმგებლობით მოქმედების შესაძლებლობა.

განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მართებთ პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს, რათა მათმა ქმედებებმა ხელი არ შეუშალოს დანაშაულის აღკვეთასა და მძევლების გათავისუფლებას.

სამწუხარო და შემაშფოთებელია, რომ კონკრეტულმა უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებმა სცადეს ასეთი ვითარებაც კი საკუთარი პოლიტიკური ქულების დასაწერად გამოეყენებინათ. ეს არის პოლიტიკური მოროდიორობა, რასაც ჩვენ მათგან, სამწუხაროდ, უკვე დიდი ხანია, მიჩვეულები ვართ.

საგანგაშო და გამაოგნებელია კონკრეტული მედიასაშუალებების მიერ განხორციელებული ქმედებები, რომელთა ნაწილი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც კი შეიცავს.

გამაოგნებელია, როდესაც მედიასაშუალების წარმომადგენელი პირდაპირ ეთერში აწარმოებს მოლაპარაკებებს ამ ტიპის დანაშაულის ჩამდენ პირთან. ამ მოლაპარაკებების დეტალები კიდევ უფრო გამაოგნებელია, რაზეც დღეს თქვენს ყურადღებას აღარ შევაჩერებთ.

კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, ყველას პასუხისმგებლობაა, სამართალდამცავ ორგანოებს მიეცეთ საკუთარი პასუხისმგებლობით მოქმედების შესაძლებლობა.