×

18 ოქტომბერი, 2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას სიტყვით გამოსვლა აბაშაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ალექსანდრე მოწერელიას წარდგენაზე

დიდი პასუხისმგებლობაა, აქ თქვენთან ერთად საუბარი საქართველოს მომავალზე, დიდი კონსტანტინეს და საქართველოს პირველი პრეზიდენტის სამშობლოში. ამ კუთხემ 90-იანებში ძალიან ბევრი სირთულე გამოიარა, ისე, როგორც მთლიანად სამეგრელომ და მთლიანად საქართველომ, მაგრამ მშრომელი ადამიანი, აქ, ყოველთვის იყო დიდი ღირებულება. ეს შრომა, რომელიც აქ მიწის ყოველ გოჯზე ჩანს და ყოველთვის ჩანდა, არის ყველაზე მნიშვნელოვანი და სახელმწიფოს ვალდებულებაა, ყველანაირად ხელი შეუწყოს მშრომელ ადამიანს, აბაშელ გლეხს, გახდეს ძლიერი ფერმერი.
ვიცი, რომ აქ ბევრი პროექტი კეთდება და კიდევ უფრო მეტი უნდა გაკეთდეს. გპირდებით, ჩვენს შრომისმოყვარე მოქალაქეს საქართველოს მთავრობა ყოველთვის დაუდგება გვერდით, ყველა სახით - ცოდნის გაზიარებით, ფინანსური დახმარებით, სხვადასხვა პროგრამით, რომელსაც ვახორციელებთ და ეს ყველაფერი ერთად უნდა გავაგრძელოთ.
ჩვენ ბევრი მნიშვნელოვანი სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტი განვახორციელეთ ბოლო წლების განმავლობაში, თუმცა კიდევ ბევრი შესაძლებლობა გვაქვს იმისთვის, რომ თითოეულ ქალაქში ცხოვრება კიდევ უფრო კომფორტული გახდეს, გარემო გახდეს ისეთი, სადაც ღირსეულ ადამიანს შეეძლება ღირსეული შრომით, ღირსეულად არჩინოს თავისი ოჯახი. აქ, აბაშაში, ამის ბევრი შესაძლებლობაა.
აბაშაში შეუძლებელია მომავალზე საუბარი სოფლის მეურნეობის განვითარების გარეშე. ამიტომ, ის რესურსი, რომელიც აბაშაში არის სოფლის მეურნეობის განსავითარებლად, იქნება ყურადღების ცენტრში, რათა ყველანაირად ხელი შეგიწყოთ, რომ ეს ყველაფერი განავითაროთ. ჩათვალეთ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოს მთავრობა გლეხს გვერდით დაუდგება და ეს არ არის ფუჭი სიტყვები. დავუდგებით გვერდში იმიტომ, რომ გლეხი გახდეს ძლიერი ფერმერი და დაასაქმოს თავისი ნათესავი, მეგობარი, მეზობელი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
რა თქმა უნდა, ელემენტარული სისტემური ინფრასტრუქტურა უნდა მოვიყვანოთ წესრიგში - გზები, წყალმომარაგება, რაც სერიოზული პრობლემაა აბაშის სოფლებში, გაზიფიცირება, რაც ასევე პრობლემაა და უნდა გავაგრძელოთ, სკოლების, ამბულატორიების, საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია.
ბოლო წლების განმავლობაში, აბაშის მუნიციპალიტეტში, ვგულისხმობ 2012 წლის შემდგომ პერიოდს, სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, 100 მლნ ლარზე მეტია დახარჯული. თუმცა მინდა გითხრათ, რომ საქართველოს მთავრობას აქვს კონკრეტული გეგმა - მომავალი 4 წლის განმავლობაში, სისტემურ ინფრასტრუქტურაში, საქართველოს მასშტაბით, დაიხარჯება მინიმუმ 20 მილიარდი ლარი. რა თქმა უნდა, აქ აბაშის წილიც საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება.
ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, გავაკეთებთ და მივაღწევთ მიზანს, რომ 4 წლის თავზე საქართველოს და სამეგრელოს თითოეული ქალაქი კიდევ უფრო ახლოს იყოს ევროპული ქალაქის სტანდარტებთან, იმისთვის, რომ ჩვენს ახალგაზრდებს, ჩვენს ღვაწლმოსილ მოხუცებს ჰქონდეთ ისეთი პირობები ადგილზე შრომის, განვითარებისა და ცხოვრების, როგორიც აქვთ თბილისში, ბათუმში და სხვაგან. არ უნდა იყოს აბაშელი ახალგაზრდა იძულებული, რომ განათლების ან ელემენტარული სამედიცინო დახმარების მისაღებად მიდიოდეს სხვაგან. ამას ჩვენ ვუწოდებთ სისტემური ინფრასტრუქტურის წესრიგში მოყვანას, იმისთვის, რომ ყველანი ჩვენ, ჩვენს პატარა სამშობლოში ვცხოვრობდეთ კომფორტულად და ვვითარდებოდეთ ისე, როგორც გვინდა.
ამისთვის ჩვენ გვჭირდება გამარჯვება, გამარჯვება მათ შორის 31 ოქტომბერს და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველანი გავიმარჯვებთ. თქვენი დეპუტატობის კანდიდატი იქნება თქვენი ღირსეული წარმომადგენელი საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. ალექსანდრე მოწერელია ზედმიწევნით ზუსტად იცნობს თითოეულ პრობლემას, რომელიც თითოეულ სოფელშია, რადგან ის წლების განმავლობაში აქ გუბერნატორი იყო. პანდემიასაც დავამარცხებთ და ამ პირბადეებსაც მოვიხსნით მაშინ, როდესაც ეს საჭირო იქნება და ამის შესაძლებლობა იქნება. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ უნდა ვატაროთ, იმიტომ რომ ვერც ერთმა ქვეყანამ ვერაფერი უფრო ეფექტური პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში ვერ მოიფიქრა, ვიდრე პირბადეა. ჩვენ ეს უნდა გავითვალისწინოთ, პატივი ვცეთ ჩვენი მეგობრების, ჩვენი თანამოქალაქეების, ღვაწლმოსილი მოხუცების ჯანმრთელობას და ეს პირბადე ვატაროთ, სანამ ეს საჭიროა და სანამ ექიმები ამის რეკომენდაციას გვაძლევენ. ეკონომიკურ კრიზისსაც გავუმკლავდებით და დავამარცხებთ და რა თქმა უნდა, ამ არჩევნებშიც გავიმარჯვებთ. გამარჯვებას გისურვებთ, აბაშელებო!