×

17 ოქტომბერი, 2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას სიტყვით გამოსვლა მარტვილში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ალექსანდრე მოწერელიას წარდგენაზე

არ უნდა დაგვავიწყდეს, როდესაც მარტვილში ვიმყოფებით, პირველი, ვინც გვახსენდება დიდი მწიგნობართუხუცესი, დიდი გიორგი ჭყონდიდელია, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. ეს საქართველოს სიძლიერის განსახიერებაა, რა თქმა უნდა, ამბროსი ხელაიასთან ერთად და ამ დიდი წინაპრების გზის გაგრძელება თითოეული ჩვენგანისთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა, პასუხისმგებლობა პირველ რიგში ჩვენი წარსულის, მაგრამ კიდევ უფრო პასუხისმგებლობა ჩვენი მომავლის, მომავალი თაობის წინაშე.

მარტვილი ყოველთვის გამორჩეული კუთხე იყო სამეგრელოშიც და საქართველოშიც, პირველ რიგში განსაკუთრებული ნიჭის ადამიანებით და იმით, რომ ამ კუთხემ უამრავი საზოგადო მოღვაწე აჩუქა ჩვენს ქვეყანას - ღირსეული ადამიანები, რომლებიც ღირსეულად ემსახურებოდნენ ქვეყნის განვითარებას.
როდესაც ჩვენ წინასაარჩევნო პერიოდში ვართ და მომავალზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ყოფით თემებზეც უნდა ვისაუბროთ. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ყველა ვხედავთ, პროგრესი სახეზეა - ასე თუ ისე მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა, ბევრი რამ კეთდება საგანმანათლებლო დაწესებულებების რემონტისთვის, მიმდინარეობს როგორც სასმელი, ისე საირიგაციო წყლის მოწესრიგების პროცესი, კიდევ ბევრი გვაქვს გასაგრძელებელი ერთად. ქვეყნისთვის და მარტვილისთვის მნიშვნელოვანი ბევრი საქმე გვაქვს დაწყებული, რომელიც ერთად უნდა გავიყვანოთ ბოლოში. უნდა დავასრულოთ მარტვილის მუნიციპალიტეტის გაზიფიცირება და არა მხოლოდ მარტვილის. სამეგრელოში ბევრი მუნიციპალიტეტი გვაქვს დარჩენილი გაზის გარეშე, ამიტომ მთავრობა 2021 წლიდან კიდევ გამოაცხადებს გაზიფიცირების 3-წლიან გეგმას, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, სამეგრელოს გაზიფიცირება ბოლოში გავიყვანოთ.

რა თქმა უნდა, უნდა დავიწყოთ და დავასრულოთ ტალერი-ლებარდეს გზის მშენებლობა, უფრო სწორედ აღდგენა იმისთვის, რომ ლებარდე, როგორც საქართველოს ბრილიანტი, სულ უფრო და უფრო აქტუალური გახდეს. მოგეხსენებათ, ლებარდეს განვითარებისა და განაშენიანების გეგმის განხორციელება ჯერ კიდევ 2-3 წლის წინ დავიწყეთ, ეს სამუშაოები უკვე დასრულებულია და შეგვიძლია, უახლოეს პერიოდში დავსხდეთ და ერთად ვიმსჯელოთ, როგორ უნდა განვავითაროთ ლებარდე, მარტვილის კანიონი და კიდევ ბევრი რამ, მაგრამ მთავარი მაინც არის ის, რომ ჩვენ ზუსტად ვიცით, თითოეულ მუნიციპალიტეტში, თითოეულ რაიონში შემდგომი 4 წლის განმავლობაში რა უნდა გავაკეთოთ და რა არის პრიორიტეტულად მნიშვნელოვანი. ამისთვის, საქართველოს მთავრობა, მომავალი 4 წლის განმავლობაში, ინფრასტრუქტურული პროექტების წესრიგში მოსაყვანად დახარჯავს მინიმუმ 20 მილიარდ ლარს. რა თქმა უნდა, ეს მარტვილსაც შეეხება. პირველ რიგში, ეს ეხება საგზაო ინფრასტრუქტურას, წყალმომარაგებას, ისევე, როგორც წყალარინების სისტემას, სკოლების რემონტს, გაზიფიცირებას და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ მარტვილში 24-საათიანი წყალი არის, ეს სისტემა რემონტს, განახლებას საჭიროებს, ისევე, როგორც წყალარინების სისტემა საერთოდ თავიდან ასაშენებელია, გამწმენდი ნაგებობებია გასაკეთებელი. ეს ყველაფერი 2021 წლის გეგმაში და პროექტში იქნება.
მარტვილში, ტურიზმის განვითარებასთან ერთად, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია სოფლის მეურნეობაც. მარტვილში ბევრი პროექტი დაიწყო, თუმცა ცოტა მეტი უნდა ვიაქტიუროთ და ეკონომიკის ისეთი ტრადიციული სექტორები, როგორიც არის ჩაი, თხილი, ყურძენი, მეღვინეობა - ეს ყველაფერი უნდა განვავითაროთ. მე ერთს გპირდებით, რომ იქ, სადაც ჩვენს მოქალაქეს ექნება სურვილი, გადადგას პირველი ნაბიჯები, აიღოს გარკვეული რისკი თავის თავზე, დაიწყოს ბიზნესი და გლეხობიდან გახდეს ძლიერი ფერმერი, სახელმწიფო, რა თქმა უნდა, დაუდგება გვერდით, იმიტომ, რომ ეს ჩვენს ინტერესშია.

ყველამ ერთად უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ ჩვენი რეგიონი იყოს უფრო ძლიერი. ძლიერი რეგიონი ნიშნავს ძლიერ ქვეყანას და ძლიერ სახელმწიფოს. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ აუცილებლად ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენს საგანმანათლებლო სისტემას, ამისთვის დავიწყეთ განათლების რეფორმა. მიზეზი და მიზანი ამ ყველაფრისა მარტივია, ჩვენ საბოლოოდ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ჩვენი ახალგაზრდა თაობისთვის არ უნდა ჰქონდეს დიდი მნიშვნელობა, მარტვილში ცხოვრობენ ისინი, თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში თუ კიდევ სადმე. განათლების მიღების დონე თანაბარი უნდა იყოს ყველგან, ეს არის ნორმალური ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშანი. არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა ჩვენი ღვაწლმოსილი მოხუცებისთვის, სად ცხოვრობენ ისინი, თბილისში თუ მარტვილში და არ უნდა იყოს ამაზე დამოკიდებული, როგორი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას მიიღებენ ისინი. ასე უნდა ავაშენოთ ყველამ ერთად დემოკრატიული, ეკონომიკურად ძლიერი, სამართლიანი და რაც მთავარია ევროპული სახელმწიფო.
კარგად გვესმის, რომ დღეს პანდემიას ვებრძვით ყველა ერთად, უჩვეულოდ გვიწევს ცხოვრება. არავის ეგონა გაზაფხულზე და ზაფხულში, რომ ოქტომბერში და შემოდგომაზე მოგვიწევდა იმავე პრობლემებთან დაბრუნება, თუმცა ყოველთვის ვამბობდით, რომ იქნებოდა მეორე ტალღა, ვამბობდით, რომ უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და უნდა გავუფრთხილდეთ პირველ რიგში ჩვენი ოჯახების ხანდაზმულ წევრებს. მესმის, ეს უჩვეულოა, თუმცა, ჩვენი პასუხისმგებლობა არის იმაში, პირველ რიგში, რომ პირბადე ვატაროთ, არც თუ ისე რთულია, რაღაც პერიოდი დავიცვათ დისტანცია. სამწუხაროდ, ყველა ვხედავთ, რომ 8 თვე გავიდა ვირუსის დაწყების შემდგომ და ვერც ერთმა ქვეყანამ ვერ მოიგონა რაიმე იმაზე უფრო ქმედითი და ეფექტური, ვიდრე არის პირბადე. ეს არის უდიდესი გამოწვევა არა მხოლოდ ჩვენი და ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის, არამედ ჩვენი ეკონომიკისთვისაც, ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ როგორც პირველ ტალღას გავუმკლავდით წარმატებით, ერთად უნდა გავაგრძელოთ ელემენტარული წესების დაცვა, რათა ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ვიზრუნოთ და სხვა ქვეყნებთან შედარებით რაც შეიძლება სწრაფად აღვადგინოთ ჩვენი ეკონომიკა.

საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანი რა თქმა უნდა არის სამუშაო ადგილები, ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა. სამუშაო ადგილების შექმნა არის ყველაზე დიდი მიზანი. სახელმწიფოს ვალდებულება შემდეგშია - ჩვენ უნდა შევქმნათ ყველანაირი პირობები იმისთვის, რომ მშრომელმა, პატიოსანმა ადამიანმა შეძლოს, ღირსეული შრომით ღირსეულად არჩინოს ოჯახი. ეს არის ჩვენი საბოლოო მიზანი, ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ რა თქმა უნდა გვჭირდება 31 ოქტომბერს გამარჯვება. გამარჯვება იმისთვის, რომ ბევრი დაწყებული საქმე ღირსეულად და გამარჯვებამდე გავიყვანოთ ბოლოში.
დარწმუნებული ვარ იმ მხარდაჭერაში, რომელსაც ჩვენ ყოველდღე ვგრძნობთ ჩვენი მოქალაქეებისგან, მაგრამ აქ ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ გავიმარჯვებთ და ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ ღირსეულად. არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ პროვოკაციებით, ყველანაირი წესების დარღვევით მიაყენონ ჩრდილი ჩვენს გამარჯვებას, ამიტომ უნდა გავუძლოთ ყველაფერს. იმასაც უნდა გავუძლოთ, რაც მოხდა გუშინ ბათუმში - უაღრესად უპასუხისმგებლო ქმედებას, უფრო მეტიც, შენი მოქალაქეების, თანამოქალაქეების ჯანმრთელობის და სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენებას, მაგრამ ამასაც უნდა გავუმკლავდეთ. აქ მთავარი არის შემდეგი - არჩევნებიც გაივლის, ვირუსსაც დავამარცხებთ, ეკონომიკურ კრიზისსაც დავამარცხებთ, მაგრამ არ უნდა ვიმოქმედოთ ისე, რომ მერე ჩვენი შვილების თვალებში ჩახედვის შეგვრცხვეს, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გავიმარჯვებთ, მაგრამ ამ გამარჯვებას უნდა მივაღწიოთ სამართლიანად და უდიდესი ღირსების გრძნობით. გამარჯვებას გისურვებთ!