×
×

16 ოქტომბერი, 2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას სიტყვით გამოსვლა ოზურგეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ვასილ ჩიგოგიძის წარდგენაზე

მოგესალმებით, ჩვენო გურულებო, ჩვენო ოზურგეთელებო!
დიდი პატივია დღეს თქვენთან აქ ყოფნა, ამ მშვენიერ ეზოში, მყუდრო, შინაურულ გარემოში და გურიის მომავალზე საუბარი.
ეს კუთხე არის უნიკალური ნიჭის ადამიანების კუთხე და შემთხვევითობა არ არის, რომ უამრავი ღირსეული საზოგადო მოღვაწე აჩუქა ამ კუთხემ ჩვენს ქვეყანას, მის პოლიტიკას, ხელოვნებას, კულტურას - ყველა სფეროს. ამიტომ, ძალზე დიდი პასუხისმგებლობაა თქვენთან საუბარი. თითოეულ სიტყვას ზომავ, განსაკუთრებით სიტყვას, რომელიც მომავალზეა ორიენტირებული.
სამწუხაროა, რომ ჩვენ დღეს ამ გლობალური გამოწვევის, პანდემიის პირობებში ვხვდებით, მაგრამ ყველას უნდა გვესმოდეს რომ ორი კვირა დაგვრჩა, ორი კვირა, საკმაო გამოწვევებით სავსე, თუმცა ჩვენ ეს ორი კვირაც ღირსეულად უნდა გავიაროთ, ისე, როგორც გამოვიარეთ ეს ბოლო წლები. ღირსეულად უნდა გავიაროთ და ღირსეულად უნდა გავიმარჯვოთ. ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ისე, როგორც გავუმკლავდით პირველ ტალღას, დავიცვით ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და ჩვენი ეკონომიკა. როგორც ვამბობდით, დავდექით მეორე ტალღის გამოწვევის წინაშე და ყველას უნდა გვესმოდეს - ერთიანობა, დიდი სამოქალაქო პასუხისმგებლობა არის გამოსავალი, რომ ჩვენ მეორე ტალღაც დავამარცხოთ კოვიდთან ბრძოლაში და რაც მთავარია, დავამარცხოთ ისე, რომ გადავარჩინოთ ჩვენი ეკონომიკა, დავიცვათ თითოეული სამუშაო ადგილი და ამასთან ერთად, ჩავატაროთ ყველაზე დემოკრატიული, ღირსეული არჩევნები. ეს ძალზე სერიოზული გამოწვევაა და დარწმუნებული ვარ, ღირსეულად გავუმკლავდებით.
ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, მომავალი 4 წლის განმავლობაში - სად, რომელ ქალაქში, რომელ დაბასა და სოფელში რა უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და ყოველდღიური ცხოვრება იყოს უფრო უსაფრთხო და ღირსეული.
ამისთვის გვაქვს კონკრეტული გეგმა. ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში განვახორციელეთ, ყველა ხედავს. ამ ინფრასტრუქტურული პროექტების გაგრძელებასა და შემდგომ განვითარებაზე მომავალი 4 წლის განმავლობაში მინიმუმ 20 მილიარდი ლარი დაიხარჯება. ეს ფული მოხმარდება გზების მშენებლობის გაგრძელებას, სასმელი წყლის, საირიგაციო წყლის, სკოლების მშენებლობას, საბავშვო ბაღების აღდგენას, ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ღვაწლმოსილი მოხუცები, ჩვენი ბავშვები ცხოვრობდნენ ღირსეულ და რაც მთავარია თანაბარ გარემოში. არ უნდა იყოს სხვაობა, სად ვცხოვრობთ ჩვენ - თბილისში, ოზურგეთში, ბათუმში, რუსთავში თუ კიდევ სხვაგან. ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი და ასე იქნება ეკონომიკურად ძლიერი, სამართლიანი და დემოკრატიული ევროპული სახელმწიფო. გისურვებთ გამარჯვებას 31 ოქტომბერს ღირსეულ და რაც მთავარია სამართლიან ბრძოლაში! გამარჯვებას გისურვებთ!