×

16 ოქტომბერი, 2020

პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერები ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ, რომელიც ფონდმა „ქართუმ“ განახორციელა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ოზურგეთში, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში, ვასილ ჩიგოგიძესთან ერთად, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ, რომელიც საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ განახორციელა.

ჩატარდა სრული სარეკონსტრუქციო და სარესტავრაციო სამუშაოები - დაზიანებული კედლები სრულად გამაგრდა, შეიცვალა სახურავი, რესტავრაცია ჩაუტარდა შენობის შიდა და გარე ფასადებს. სრულად აღდგა თეატრის დიდი დარბაზის ჭერის მოხატულობა, განახლდა ტექნიკური აღჭურვილობა, მოეწყო დიდი და მცირე სცენის თანამედროვე მექანიზაციის, განათების და გახმოვანების სისტემები. მოპირკეთდა გარე ტერიტორია, მოეწყო გამწვანება და სხვ.  

თეატრის სარესტავრაციო სამუშაოები 2016-დან 2020-წლამდე მიმდინარეობდა და მისმა ღირებულებამ 20 მილიონი ლარი შეადგინა.

მხოლოდ ბოლო წლების განმავლობაში, ფონდ „ქართუს“, მთელი საქართველოს მასშტაბით, 13 თეატრის სარესტავრაციო და ტექნიკური აღჭურვილობის სამუშაოები აქვს დაფინანსებული, კერძოდ, დაფინანსდა - რუსთაველის, მარჯანიშვილის, თუმანიშვილის, დუმბაძის, გრიბოედოვის, გაბრიაძის, თავისუფალი თეატრის, თბილისის სომხური თეატრის, ოპერისა და ბალეტის თეატრის, ბათუმის, სენაკის, ოზურგეთისა და ზუგდიდის თეატრების სრული სარესტავრაციო სამუშაოები.

გარდა ამისა, ფონდი 2000 წლიდან ახორციელებს თეატრების თანამშრომელთა ყოველთვიური საქველმოქმედო დაფინანსების პროგრამას. მხოლოდ სარესტავრაციო და ყოველთვიური დაფინანსების პროგრამები, ფონდ „ქართუს“ 200 მილიონზე მეტით აქვს დაფინანსებული.