11 მაისი, 2014

კოალიცია "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია გლდანის ამომრჩეველს ამავე რაიონის კანდიდატთან ნინო გოგუაძესთან ერთად შეხვდა. შეხვედრები გაიმართა გლდანის ა, მეორე და მეოთხე მიკრორაიონების მაცხოვრებლებთან. დავით ნარმანიას თქმით, არჩევნებში მისი გამარჯვების შემთხვევაში გადაიჭრება ინფრასტრუქტურული ხასიათის, მოუწესრიგებელი სკვერების, ლიფტებისა და სახლების დაზიანებული სახურავების პრობლემა. მისივე თქმით, საჭიროა ამხანაგობების განვითარება და გაძლიერება. უმუშევრობის პრობლემისა და არცთუ მარტივი სოციალური ფონის შესამსუბუქებლად კი სპეციალური მუნიციპალური პროგრამები იმუშავებს.

11 მაისი, 2014

მოცემული მემორანდუმი ფორმდება კოალიცია „ქართული ოცნების“ ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატ დავით ნარმანიასა და ქალაქზე მზრუნველთა გაერთიანება „ტფილისის ჰამქარს“ შორის გუდიაშვილის მოედნის იერსახის აღდგენასთან დაკავშირებით. მხარეები თანხმდებიან, რომ ბოლო წლებში გუდიაშვილის მოედანზე არსებულ შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია-რესტავრაციასთან დაკავშირებული საკითხი არაერთხელ გახდა საზოგადოების განსჯისა და დისკუსიის საგანი. სამწუხაროდ, ამ დრომდე, შესაბამისი ორგანოების მიერ, არ გადადგმულა გუდიაშვილის მოედანზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სათანადო წესების დაცვით რეაბილიტაცია-რესტავრაციისა და მისი მომავალი თაობებისთვის შენარჩუნებისკენ მიმართული ეფექტიანი ნაბიჯები. მნიშვნელოვანია ისიც, რომ გუდიაშვილის მოედნისა და იქ არსებული კულტურული მემკვიდ¬რეობის მომავალთან დაკავშირებული პროცესები გაუმჭვირვალეა და სათანადოდ არ არის უზრუნ¬ველ¬ყო¬ფილი მასში საზოგადოების შესაბამისი ჯგუფების მონაწილეობა. ზემოთ აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, გუდიაშვილის მოედნის და იქ არსებული კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენის მიზნით, აუცილებელია შემდეგი: 1. მოედანზე არსებული შენობა-ნაგებობები ,,თბილისის განვითარების ფონდმა’’ საკუთრებაში გადასცეს თბილისის თვითმმართველობას; 2. გამოცხადდეს საერთაშორისო ღია კონკურსი მოედნის განვითარების კონცეფციისა და სარესტავრაციო პროექტების შექმნაზე, რაც უზრუნველყოფს მოედნისა და მიმდებარე შენობა-ნაგებობების თავდაპირველი იერსახის შენარჩუნებას. საკონკურსო პირობების შექმნასა და გამარჯვებული პროექტების გამოვლენაში ჩაერთოს პროფესიონალთა ფართო სპექტრი. პროცესი იყოს გამჭვირვალე, საჯარო და ხელმისაწვდომი, როგორც პროფესიული, ასევე დაინტერესებული საზოგადოებისთვის; 3. თბილისის თვითმმართველობამ პირობებიანი აუქციონის საშუალებით უზრუნველყოს ობიექტების გასხვისება. გასხვისების პროცესში ყოველ ობიექტს დაერთოს კონკურსის ფარგლებში შექმნილი კონცეფცია და სარესტავრაციო დოკუმენტაცია. მკაცრად და მკაფიოდ განისაზღვროს შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის ვადები, წესები, პირობები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები; 4. აღნიშნული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგში ჩაერთონ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და დამოუკიდებელი საექსპერტო ჯგუფები, „ტფილისის ჰამქრის“ ჩათვლით, რომელიც წლების მანძილზე იბრძოდა ამ ისტორიული მოედნის შენარჩუნებისთვის. მხარეები თანხმდებიან, რომ საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების შემდეგ, საკუთარი უფლებამოსილებისა და კომპეტენციის ფარგლებში გამოიყენებენ სრულ ძალისხმევას გუდიაშვილის მოედნისა და იქ არსებული კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენის მიზნით, რაც გამოიხატება ამ მემორანდუმში ჩამოყალიბებული ყველა პუნქტის შესრულებით.                    

12 მაისი, 2014

დღეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გორში გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრას დაესწრო და ამომრჩეველს კოალიცია «ქართული ოცნების» გორის მერობისა და შიდა ქართლის გამგებლების კანდიდატები წარუდგინა. კოალიცია "ქართული ოცნების" გორის მერობის კანდიდატი ზურაბ ჯირკველიშვილი იქნება. რაც შეხება გამგებლების კანდიდატურებს, ხაშურის რაიონში წარდგენილია გიორგი გურასპაშვილი, კასპში – გოჩა გოჩიტაშვილი, გორში – დავით ონიაშვილი, ქარელში – ზაზა გულიაშვილი. "დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გავიმარჯვებთ. ეს არჩევნები უნდა იყოს სამაგალითო და დემოკრატიული, ისეთივე მშვიდი, როგორც წინა საპრეზიდენტო არჩევნები. მინდა მოგიწოდოთ, რომ ყველანი მოხვიდეთ არჩევნებზე»,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

13 მაისი, 2014

''ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერა არის არა იმედი, არამედ დამდგარი ფაქტი. სულ მალე საქართველო ოფიციალურად მოაწერს ხელს ასოცირების ხელშეკრულებას'', - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა საქართველო-საფრანგეთის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.  მისივე განცხადებით, საქართველოში ვიზიტი სწორედ ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობით დაიწყო, რადგან სურდა ფრანგ მწარმოებლებს ადგილზე ენახათ და მოესმინათ იმ პროგრესის შესახებ, რასაც საქართველომ მიაღწია.  "ბოლო ორი წელია, რაც საქართველომ განსაკუთრებული ნაბიჯები გადადგა ეკონომიკური განვითარების კუთხით. მე მოწმე ვხდები და ვუყურებ ამ პროგრესს და კიდევ უფრო ვრწმუნდები, რომ ჩვენ ბევრი გვაქვს ერთად გასაკეთებელი. გარდა პოლიტიკური საკითხებისა, ჩვენთვის პრიორიტეტია ეკონომიკური ურთიერთობების განმტკიცება. საქართველოს ბევრი სარგებელი გააჩნია ინვესტორებთან დაკავშირებით. პირველი არის სტაბილური და გარანტირებული ჩარჩო საკანონმდებლო თუ ფისკალური თვალსაზრისით, რასაც ინვესტიორები ყველგან მოითხოვენ და არა მარტო საქართველოში. მეორე – მისი გეოგრაფიული მდებარეობაა. ესაა შესაძლებლობა საქართველო იყოს სატრანზიტო ადგილი - ტრანსფორმაციების, ცვლილებების ადგილი. გარდა ამისა, ყველანაირი პირობა არსებობს, რომ ბაზრებზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით საქართველომ დააკმაყოფილოს არა მხოლოდ თავისი, არამედ სხვა ქვეყნის მოთხოვნებიც და ბოლოს – მესამე პრიორიტეტი, მთავარი კოზირი რაც მას აქვს, მთავრობის კეთილი ნებაა, მოახდინოს ეკონომიკის მოდერნიზება, გაატაროს კარგი რეფორმები. ეს ფრანგი მწარმოებლების კიდევ უფრო მეტ დაინტერესებას გამოიწვევს",-აღიშნა ფრანსუა ოლანდმა.  თავის მხრივ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა საქართველოში ბიზნესსაქმიანობისთვის ხელსაყრელ გარემოსა და მის განსაკუთრებულ ადგილმდებარეობაზე. მისი თქმით, ქვეყანა ინვესტორებს და ბიზნესს სთავაზობს სტაბილურ მაკროეკონომიკურ გარემოს მყარი სუვერენული ბალანსითა და ძლიერი,კონსერვატული საბანკო სექტორით; ლიბერალურ საგადასახადო სისტემას დაბალი გადასახადების ექვსი ფიქსირებული ტიპით; განვითარებულ და მუდმივადმზარდ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას ვაჭრობის,ლოგისტიკისა და წარმოებისთვის, რაც მოიცავს მულტიმოდალურ სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო კომუნიკაციებს; სტაბილურად და კონკურენტული ტარიფებით მოწოდებულ ენერგორესურსებს; კვალიფიციურ და კონკურენტულად განფასებულ სამუშაო ძალას. ირაკლი ღარიბაშვილი საქართველო-საფრანგეთის სავაჭრო პარტნიორობის გაღრმავების აუცილებლობასაც შეეხო და განმარტა, რომ ინოვაციებით და თანამედროვე ტენოლოგიების ეფექტური გამოყენებით გამორჩეული ფრანგული ბიზნესის გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. „ჩვენი ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივა კიდევ უფრო იზრდება და ახალ, ფართო შესაძლებლობებს წარმოაჩენს ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმებისა და მისი ნაწილის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების ივნისში ხელმოწერით. მჯერა, რომ ის ახალი შესაძლებლობები, რომლებიც ამ შეთანხმების ფარგლებში წარმოიშობა, ხელს შეუწყობს საქართველო-საფრანგეთის სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავებას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. საქართველო-საფრანგეთის ეკონომიკურ ფორუმზე ხელი მოეწერა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით რამდენიმე ხელშეკრულებას.

13 მაისი, 2014

''მივესალმებით თქვენს ვიზიტს საქართველოში, რასაც ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევანისადმი საფრანგეთის მხარდაჭერის ნათელ დემონსტრირებად აღვიქვამთ'', - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს. მთავრობის ადმინისტრაციაში პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველო-საფრანგეთის ურთიერთობების სამომავლო გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. ხაზგასმით აღინიშნა ორი ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის მნიშვნელობა. შეხვედრის ერთ-ერთი ძირითადი თემა იყო ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა და ნატო-საქართველოს ურთიერთობები. ირაკლი ღარიბაშვილმა ფრანსუა ოლანდს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის, იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ გაერო-ს რეზოლუციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობისა და ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთობის გააქტიურების შესახებაც ისაუბრეს. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირისპირ შეხვედრისას აღნიშნა, საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ევროკავშირის კრიზისული სიტუაციების მართვის ოპერაციებში მონაწილეობას და ამაყობს, რომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის მისიაში საფრანგეთის პარტნიორი იქნება.

13 მაისი, 2014

კოალიცია „ქართული ოცნების„ ახალგაზრდული შტაბის მიერ ორგანიზებულ საფეხბურთო ტურნირის ფინალურ მატჩში გამარჯვებულებს დღეს თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ და კახა კალაძემ „ოცნების თასი“ გადასცეს. ფინალში ერთმანეთს ნაძალადევისა და საბურთალოს გუნდები შეხვდნენ. საბურთალოს რაიონის ახალგაზრდებმა გამარჯვება საბოლოოდ პენალტების სერიაში მოიპოვეს. ტურნირი 8 მაისს დაიწყო და მასში მონაწილეობა „ქართული ოცნების“ თბილისის ათი რაიონის ახალგაზრდულმა შტაბებმა მიიღეს. საფინალო მატჩი 1981 წლის 13 მაისს, თბილისის დინამოს მიერ თასების თასის მოპოვების 33-ე წლისთავს მიეძღვნა.

31 მაისი, 2014

კოალიცია „ქართული ოცნების“ ოზურგეთის მერობისა და მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატები დღეს საზოგადოებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოზურგეთში გამართულ მხარდამჭერ აქციაზე წარუდგინა ოზურგეთის მერობისთვის ბეგლარ სიორიძე იბრძოლებს, მუნიციპალიტების გამგებლობის კანდიდატებად წარდგენილი არიან: 1. ოზურგეთი - მერაბ ჭანუყვაძე 2. ლანჩხუთი - ზაზა ურუშაძე 3. ჩოხატაური - ირაკლი კუჭავა როგორც პრემიერ-მინისტრმა აქციაზე განაცხადა, ისევე, როგორც საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში, „ქართული ოცნება“ ადგილობრივ არჩევნებშიც ღირსეულად და დამსახურებულად გაიმარჯვებს და არცერთ რეგიონსა და ქალაქში არ დაუშვებს სხვა პოლიტიკური ძალის გამარჯვებას. ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ გურია გამორჩეული იქნება, გამორჩეული შედეგებით. მისივე თქმით, წლების განმავლობაში მუნიციპალიტეტებს არავინ უმენდა და ყველაფერი დამოკიდებული იყო ერთი კაცის ნება-სურვილზე, ეხლა კი ხალხმა თავად უნდა გადაწყვიტოს, რა სჭირდება თოთოეულ რეგიონს და რაიონს. პრემიერ-მინისტრი გურიის მოსახლეობას „ქართული ოცნების“ მხარდაჭერისკენ მოუწოდებს .

14 მაისი, 2014

კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია ვაკის რაიონის მოსახლეობას შეხვდა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გიორგი მუსხელიშვილი წარადგინა. დავით ნარმანიამ მოსახლეობას საკუთარი საარჩევნო პროგრამა გააცნო. „ვაკის რაიონს ძალიან ბევრი პრობლემა აწუხებს ისევე, როგორც ქალაქის სხვა რაიონებს, არის პრობლემები გამწვანებასთან დაკავშირებით. უმუშევრობა აქაც პრობლემურია, ისევე როგორც საცობები, აქედან გამომდინარე მოსახლეობას ვაცნობთ იმ პროგრამას, რომლის მოგვარებაც ჩვენ შეგვიძლია“ - განაცხადა ნარმანიამ. ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი მუსხელიშვილი კი ვაკის მოსახლეობას დაპირდა, რომ თითოეული მოქალაქის პრობლემას მყისიერი რეაქცია მოყვება.

14 მაისი, 2014

კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია თბილისის რაიონებში მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენას განაგრძობს. დღეს დავით ნარმანიამ საბურთალოს რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გოჩა ბაბუნაშვილი წარადგინა. თბილისის მერობის კანდიდატმა გოჩა ბაბუნაშვილთან ერთად ვაჟა ფშაველას, ქავთარაძისა და ნუცუბიძის პლატოს მცხოვრებლებს წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და მათ შეკითხვებს უპასუხა. როგორც საბურთალოს რაიონის მცხოვრებლები აცხადებენ პრობლემები ისევე, როგორც თბილისის ყველა უბანში ანალოგიურია. გზები, სადარბაზოები, საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემები მოსახლეობას პრობლემებს უქმნის. დავით ნარმანიამ არსებული პრობლემების მოგვარების გზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამოქმედო გეგმაში უკვე შეტანილია კონკრეტული პუნქტები, რომლებიც დედაქალაქში ცხოვრებას უფრო კომფორტულს გახდის.

15 მაისი, 2014

საარჩევნო ბლოკ „ქართული ოცნების“ თბილისის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატების 25 კაციანი პროპორციული სია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა კახა კალაძემ „მთაწმინდის პარკში“ წარადგინა. „ჩვენ მოკლე ხანში დავამტკიცეთ, რომ ვართ ადამიანზე ორიენტირებული, პასუხისმგებლიანი, კანონმორჩილი ძალა, რომლისთვისაც დაუძლეველი ბარიერი არ არსებობს. ჩვენ ვაშენებთ ჩვენს მომავალს, რომელიც მოვიპოვეთ და დავიმსახურეთ თქვენთან ერთად! ყველამ ერთად სიყვარულით და ერთობით მივიყვანოთ ჩვენი გამარჯვება ბოლომდე! ერთად ავაშენოთ საქართველო! ერთად ვიზრუნოთ თბილისზე! ერთად ავაშენოთ თბილისი! ერთად ვიზრუნოთ საქართველოზე!- განაცხადა კახა კალაძემ . თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ დეპუტატობის კანდიდატებს წარმატება უსურვა და განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ გუნდური მუშაობით და საერთო მიზნისკენ სწრაფვით წარმატებას მიაღწევს. „ჩვენი ქალაქის საკეთილდღეოდ ძალისხმევას არ დავიშურებთ. ჩვენ მზად ვართ ერთად ვიზრუნოთ თბილისსა და საქართველოზე“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

15 მაისი, 2014

დმანისში კოალიცია „ქართული ოცნების “ გამგებლობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დასახელდნენ დმანისის გამგებლობის კანდიდატი გოგი ბარბაქაძე პარლამენტის წევრმა, გია ვოლსკიმ წარადგინა. დღესვე, მუნიციპალიტეტის 16 ტერიტორიული ორგანოს მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატებიც წარადგინეს. გამგებლობის კანდიდატმა ადგილობრივებს წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და არსებული პრობლემების მოგვარების გზებზე ისაუბრა. გოგი ბარბაქაძემ სამოქმედო გეგმის პრიორიტეტებად სოფლების გაზიფიცირება, საბავშვო ბაღების მოწესრიგება და მცირე ბიზნესის ხელშეწყობა დაასახელა.

16 მაისი, 2014

კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატ დავით ნარმანიასა და საბურთალოს მაჟორიტარ დეპუტატ გივი ჭიჭინაძეს მხარდამჭერთა დარბაზში დღეს მორიგი შეხვედრა არქიტექტორებთან ჰქონდათ. დავით ნარმანიამ არქიტექტორებს ქალაქის განაშენიანების გეგმა გააცნო და მათგან რეკომენდაციები მოისმინა. თბილისის მერობის კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობაზე და ამ პრობლემის გადაჭრის გზებზე ისაუბრა. თავის მხრივ, არქიტექტორებმა დავით ნარმანიას, გამარჯვების შემთხვევაში თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში ცვლილებების განხორციელება სთხოვეს და მასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.

16 მაისი, 2014

კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ ვარკეთილის და მოსკოვის გამზირის მოსახლეობას წინასაარჩევნო პროგრამა ვარკეთილის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ია მაკასარაშვილთან და სამგორის რაიონის დეპუტატობის კანდიდატ ლია ჯახველაძესთან ერთად გააცნო და მათი პრობლემები მოისმინა. საკანალიზაციო სისტემის გაუმართაობა, სატრანსპორტო პრობლემა, დაზიანებული საცხოვრებელი სახლები და კორპუსებიდან ცენტრალურ გზამდე მისასვლელი გზები მოსახლეობას პრობლემას უქმნის. დედაქალაქის მცხოვრებლები სანიაღვრე სისტემის გაუმართაობაზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ძლიერი წვიმის დროს გადაადგილება შეუძლებელია. დავით ნარმანიამ მოსახლეობას პრობლემის მოგვარების გზებზე ესაუბრა და არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მათ მოგვარებას დაპირდა.