03 მაისი, 2014

კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია უკვე შეხვდა ქურხულის, ფოსტის, შირაქის და გარე კახეთის ქუჩების მაცხოვრებლებს. მოსახლეობა ძირითად პრობლემებად საცხოვრებელ კორპუსებში ლიფტების გაუმართაობას, ბინის საკუთრების საკითხის მოწესრიგებას და ავარიულ სახლებს ასახელებს. დავით ნარმანიას თქმით, ავარიული სახლები, რომლებიც გამაგრებას ექვემდებარება, მერიის სახსრებით შეკეთდება, სახლები კი, რომელთა რეაბილიტაცია შეუძლებელია, მათი ტერიტორიები პოტენციურ სამშენებლო ზონებად განიხილება. მისივე თქმით, გააქტიურდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები. დედაქალაქის მერობის კანდიდატი ახალ მშენებლობებსაც შეეხო და განაცხადა, რომ ქალაქში არ იქნება დაუგეგმავი, უპასუხისმგებლო და გაუთვლელი მშენებლობები. გათვალისწინებული იქნება სარეკრეაციო, პარკირების ზონები და რაც მთავარია, ინვესტორებს და მშენებლებს მოეთხოვებათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვს ადაპტირებული გარემოს შექმნა. „ჩვენ მაქსიმალურად მოვთხოვთ ინვესტორებს და მშენებლებს, შეასრულონ აღებული ვალდებულებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ სასამართლოს წესით მოეთხოვებათ პასუხი“ - აცხადებს ნარმანია.

05 მაისი, 2014

კოალიცია „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი ირაკლი გოგოხია დაიბადა 1969 წლის 26 აგვისტოს, ქალაქ თბილისში. 1991 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსისეტის კომერციის ფაკულტეტი, 1995 წელს კი ზუგდიდის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. 1995 წელს სწავლობდა ფრანკფურტის საბანკო აკადემიაში. ამავე წელს იყო „დოიჩე ბანკის“ სტაჟიორი. 1991-1993 წლებში სააქციო საზოგადოება „კავკასიის სასაქონლო სანედლეულო სავალუტო ბირჟის ზუგდიდის ფილიალის“ დირექტორის მოადგილე. 1993-1995 წლებში ბანკ „გეას“ გამგეობის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა ეკავა. 1996-2002 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს საფოსტო ბანკის ზუგდიდის ფილიალს. 2002-2003 წლებში იყო ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე, 2006 წლამდე კი საკრებულოს წევრი. 2007 წელს დაარსა შპს „ზუგპეტროლი“ და დღემდე მისი მესაკუთრეა. 2009 წლიდან შპს „ოილპროს“ დამფუძნებელია. ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს. ჰყავს მეუღლე

05 მაისი, 2014

„თბილისის მერიის მოვალეობა არსებულ რეალობაზე დედაქალაქის ინფრასტრუქტურის ოპტიმალური მორგებაა. ჩვენ თავად უნდა გადავწყვიტოთ, როგორი ქალაქი გვინდა, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს შვილებს უფრო ძლიერი, კომფორტული და მშვიდი თბილისი დავუტოვოთ“, - განაცხადა დავით ნარმანიამ დღეს, პუშკინის ქუჩაზე, სადაც მოსახლეობას დედაქალაქის საცობებისგან განტვირთვის 10 ახალი პროექტი გააცნო. პროგრამის - „ახალი გზები თბილისის განტვირთვისთვის“ ფარგლებში შემუშავებული პროექტები გულისხმობს პუშკინის ქუჩაზე დამატებითი ორი ზოლის გაკეთებას და გზის გადაკეტილ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის აღდგენას, ვაშლიჯვარში, ყოფილი ინტენსიფიკაციის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე სერპანტინის გაკეთებას, თბილისის ზღვის შემოვლითი გზის გაფართოებას, სანაპიროზე წარმოქმნილი საცობების განტვირთვას და სხვა. დავით ნარმანიას თქმით, პროექტების განხორციელების შედეგად, თბილისის უბნებში გადაადგილება დროის დაკარგვისა და დაძაბულობის გარეშე იქნება შესაძლებელი. მისივე თქმით, ყველა წარმოდგენილი პროექტი სიცოცხლისუნარიანია და განხორციელება, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, დედაქალაქის მერიაში მისი მისვლისთანავე დაიწყება.

05 მაისი, 2014

დავით ნარმანია - „ფასადებს მიღმა ბევრი პრობლემა იმალება“. კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია დიდუბის რაიონის მოსახლეობას წერეთლის, აღმაშენებლის გამზირსა და აღმაშენებლის ბაღში შეხვდა. დედაქალაქის მერობის კანდიდატმა მოსახლეობის პრობლემები მოისმინა და მათ დახმარება აღუთქვა. როგორც შეხვედრაზე დავით ნარმანიამ განაცხადა, ფასადებს მიღმა ბევრი პრობლემა იმალება და აღმაშენებლის გამზირი კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ აკეთებდნენ. მისივე თქმით, ჩვენ თავად უნდა დავიცვათ ეროვნული ღირებულებები და ფასეულობები „ჩემი მერად არჩევის შემთხვევაში, ქალაქის საკრებულოში შევალ ინიციატივით, ნებისმიერი წარწერა გაკეთდეს ეროვნულ ენაზე“ - აცხადებს დავით ნარმანია. მისივე თქმით, შემუშავდება ეროვნული დაცვის სტანდარტი. დღესვე დავით ნარმანია მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრს ესტუმრა.

06 მაისი, 2014

კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია დღეს „უსინათლოთა კავშირის“ წევრებს შეხვდა და გიორგობის დღესასწაული მიულოცა. დავით ნარმანიამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს საარჩევნო პროგრამა გააცნო და არსებული პრობლემების მოგვარების ძირითად გზებზე ისაუბრა. შშმპ-თვის შესაბამისი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, მათი საცხოვრებელი და ეკონომიური მდგომარეობის გამოსწორება და სამუშაო ადგილების შექმნა-ეს ის ძირითადი პრობლემებია, რომლის მოგვარებასაც თბილისის მერობის კანდიდატი „უსინათლოთა კავშირის წევრებს“ პირდება. როგორც შეხვედრაზე ითქვა, მოსაწესრიგებელია სავალი ბილიკები და საქალაქო ტრანსპორტი, გადასასვლელებზე დასაყენებელია ხმოვანი შეტყობინებები. დავით ნარმანიას თქმით, საარჩევნო პროგრამაში ჩადებულია სპეციალური პუნქტი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის კომუნალურ შეღავათებს გულისხმობს. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მერის უფლებამოსილებას ჩაიბარებს, ხელს შეუწყობს საზოგადოებაში უსინათლოთა უფრო მეტად ინტეგრირებას. ნარმანია პირობას დებს, რომ ისინი დედაქალაქის მმართველობაში უშუალო მონაწილეობას მიიღებენ.

06 მაისი, 2014

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გოგლა ჟვანიამ მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატად ალექსანდრე გრიგალავა წარადგინა. „კოალიციაში ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანი განიხილებოდა მარტვილის გამგებლის კანდიდატად, თუმცა არჩევანი შეჩერდა მათ შორის ყველაზე ღირსეულზე მე კი მხვდა პატივი, რომ ისამომრჩევლებისთვის წარმედგინა. ვფიქრობ ყველა ის გეგმა, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ იყო დასახული განხორცილდება მარტვილის მუნიციპალიტეტშიც“, - განაცხადა დეპუტატმა.  გამგებლობის კანდიდატმა ამომრჩევლებს მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმა გააცნო: „მარტვილის რაიონი არის აგრარული რაიონი, ამიტომ ჩემი უმთავრესი პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იქნება. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ინვესტორები შემოვიყვანოთ რაიონში და სოფლის მეურბნეობა ფეხზე დავაყენოთ“.      

07 მაისი, 2014

სოფელ გლდანის მოსახლეობას სასმელი წყლის არქონის გარდა, საკანალიზაციო სისტემის არარსებობა აწუხებს. კოალიცია ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატ დავით ნარმანიასთან შეხვედრაზე მოსახლეობამ განაცხადა, რომ წყალდიდობის დროს ეზოები კანალიზაციის წყლით ივსება, რაც ანტისანიტარიის კერებს ქმნის და საშიშია ჯანმრთელობისთვის. დავით ნარმანიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება წყალმომარაგების კომპანიის პრეროგატივაა, მერიის თანადაფინასებით, ერთობლივი ძალისხმევით, სოფელ გლდანში წყლის მიწოდება უახლოეს მომავალში აღდგება. მოსახლეობასთან შეხვედრას კომპანია „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის“ ხელმძღვანელი გიორგი გაჩეჩილაძე ესწრებოდა, რომლის თქმით, წყლის გაყვანის სამუშაოები უკვე დაწყებულია. მისივე თქმით, 25 მაისიდან არსებული რეზერვუარის რეაბილიტაცია იწყება, პარალელურად დაგეგმილია 800 მეტრი სიგრძის მილის გაყვანა. დავით ნარმანიამ მოსახლეობას საარჩევნო პროგრამის ძირითადი მიმართულებები გააცნო და ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამის განხორციელების გეგმებზე ისაუბრა. თბილისის მერობის კანდიდატი მოსახლეობას ასევე ინფრასტრუქტურის, მოწესრიგებას, მდინარე გლდანულას ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებას და საბავშვო ბაღების კეთილმოწყობას დაპირდა.

08 მაისი, 2014

ამერიკის სავაჭრო პალატის ორგანიზებით „შერატონ მეტეხი პალასში“ გამართულ შეხვედრაზე დედაქალაქის მერობის კანდიდატმა პროგრამის ძირითად პრიორიტეტად მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, ინვესტორებისა და საფინანსო ინსტიტუტების მოზიდვა, თბილისის ეკონომიკური განვითარების გეგმა და საინტერესო ბიზნესპროექტების განხორციელება დაასახელა. „ჩვენ გვაქვს მისია და ამბიცია, ვაქციოთ თბილისი თანამედროვე ეკონომიკურ-კულტურულ ცენტრად, რომელიც მთელ რეგიონს გაუხსნის გზას დასავლური, ცივილიზებული სამყაროსკენ. თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც ფაქტობრივად ქმნით სამუშაო ადგილებს ქვეყანაში, თქვენი - ბიზნესმენების, ადგილობრივი და უცხოელი სპეციალისტებისა და საზოგადოების ჩართულობით, ვგეგმავთ დასაქმების პრობლემების მოგვარებას, ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესებას, დამწყები, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობასა და თანამედროვე საზოგადოების ჩამოყალიბებას. ჩვენი დასაქმების პოლიტიკა უზრუნველყოფს კერძო სექტორის შესაძლებლობების გაზრდასა და გაფართოებას, მუნიციპალური პროექტების დასაქმების ზრდაზე ორიენტაციას, ბაზარზე ორიენტირებული კვალიფიკაციის ზრდის და პროფესიული გადამზადების სისტემას. მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდება მცირე და საშუალო ბიზნესის, მომსახურებისა და ტურიზმის მასშტაბების გაფართოებაზე, რათა ეს სექტორი სამუშაო ადგილების განმსაზღვრელ წყაროდ ჩამოყალიბდეს “- განაცხადა დავით ნარმანიამ. როგორც დედაქალაქის მერობის კანდიდატმა განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკის სტიმულირების მთავარი ბერკეტები არა ქალაქის მთავრობის, არამედ ცენტრალური ხელისუფლების ხელშია, თვითმმართველობას ბიზნესინიციატივების ხელშეწყობის ჯანსაღი და ხელშემწყობი გარემოს შექმნა შეუძლია, რისთვისაც ადგილობრივი თვითმმართველობის განკარგულებაში არსებული ინსტრუმენტები ამოქმედდება. მისივე თქმით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ თბილისმა რეგიონის ეკონომიკურ-კულტურული ცენტრის ფუნქცია დაიბრუნოს, რაც დიდად შეუწყობს ხელს სამუშაო ადგილების გაზრდას.

08 მაისი, 2014

კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ სტელას ბაღში მთაწმინდის რაიონის მოსახლეობისგან მათი უბნის წინაშე მდგარი პრობლემები მოისმინა. მოსახლეობის განცხადებით, ძირითადი პრობლემა ისტორიული შენობა-ნაგებობების ავარიული მდგომარეობა, დაზიანებული გზები, სახურავები და სადარბაზოებია. დავით ნარმანია ადგილზე გაეცნო პრობლემებს და დაზიანებული შენობები მოსახლეობასთან ერთად დაათვალიერა. თბილისის მერობის კანდიდატი მთაწმინდელებს დაპირდა, რომ ისტორიული უბნის რეაბილიტაცია მოხდება ისე, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები შენარჩუნდება. მთაწმინდის რაიონის კიდევ ერთი პრობლემა საცობებია, რომლის მოსაგვარებლად, დავით ნარმანიას თქმით, შესაბამისი პროექტებია შემუშავებული.

09 მაისი, 2014

კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია ვაკის პარკში პრემიერ-მინისტრთან და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთან ერთად მივიდა. დავით ნარმანიამ დღევანდელ დღეს მნიშვნელოვანი უწოდა, განსაკუთრებით იმ ვეტერანებისთვის ვინც დღემდე მხნედ გრძნობს თავს და ჩვენს გვერდით დგას. ამასთან, მისი თქმით, ყოველთვის პატივი უნდა მივაგოთ ადამიანებს, რომლებმაც ერთიანობისთვის გაწირეს თავი. როგორც დავით ნარმანიამ განაცხადა, მომავალ წელს ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წელი სრულდება და ეს თარიღი ღირსეულად უნდა აღინიშნოს. დედაქალაქის მერობის კანდიდატი ვაკის პარკში კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის ორგანიზებით გამართულ გამოფენას ესტუმრა და ახალგაზრდებთან ერთად ტილოზე სიმბოლურად საკუთარი ნახატი დატოვ

10 მაისი, 2014

კოალიცია "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია დედაქალაქის უბნებში შეხვედრებს თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან ერთად იწყებს. დღეს დავით ნარმანია ჩუღურეთის მოსახლეობას რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ რიმა ბერაძესთან ერთად შეხვდა. ისევე, როგორც დედაქალაქის სხვა ძველ უბნებში, ჩუღურეთშიც პრობლემები იდენტურია - ამორტიზებული საცხოვრებელი სახლები, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა და გარე განათება, უმუშევრობა და სხვა, რომელთა მოგვარებასაც დავით ნარმანია არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში აპირებს.