31 ოქტომბერი, 2021

„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის შალვა პაპუაშვილის ბრიფინგი

უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადავუხადო ეუთო/ოდირს, ევროპარლამენტს და მათი სახით ყველა საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებელს იმ საქმისთვის, რომელიც მათ გაწიეს თვითმმართველობის არჩევნების დროს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მათი მონაწილეობა უზრუნველყოფდა, მათ შორის იმ პოლარიზებულ გარემოში, რომელზეც მათაც ისაუბრეს, ობიექტური შეფასების არსებობის შესაძლებლობას. ეუთო/ოდირის, ისევე, როგორც ევროპარლამენტარების დასკვნა იყო უაღრესად პოზიტიური, რაც შეეხება თვითმართველობის არჩევნებს ზოგადად, განსაკუთრებით კი მის მეორე ტურს, ჩვენ მოვისმინეთ მათი შეფასებები, რომ ეს იყო კარგად ადმინისტრირებული და კონკურენტულ გარემოში ჩატარებული არჩევნები, როდესაც კანდიდატებს შეეძლოთ თავისუფლად კამპანიის წარმოება, ადმინისტრირება იყო ძალიან გამართული, ვნახეთ შექების სიტყვები საარჩევნო ადმინისტრაციის და ცესკოს, ისევე როგორც რეფორმირებული კანონმდებლობის მიმართ. ხმის მიცემის პროცედურასთან და დათვლასთან დაკავშირებით იყო ძალიან პოზიტიური შეფასებები. ასევე მნიშვნელოვნად პოზიტიურად იქნა შეფასებული საარჩევნო რეფორმის შედეგად შემოღებული ხელახალი დათვლის მექანიზმი. აღინიშნა, რომ ამან და განსაკუთრებით იმ გარემოებამ, რომ უბნების ხელახალმა გადათვლამ და თქვენ იცით, რომ თითქმის 22% საბოლოო ჯამში იქნა გადათვლილი, დაადასტურა არჩევნების შედეგები. აქედან გამომდინარე, ეს იყო ძალიან პოზიტიური მექანიზმი. ასევე ხაზი გაესვა სიების გამართულობას და ცენტრალური საარჩევნო კომისიის პროფესიონალიზმს. მნიშვნელოვანია ასევე ის ნეგატიური საკითხები, რაზეც იყო საუბარი. კერძოდ, ჩვენმა პარტნიორებმაც აღნიშნეს პოლარიზაციის პრობლემატიკა, რომელზეც დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ პოლარიზაცია სამწუხაროდ ავნებს ქართულ დემოკრატიას და მნიშვნელოვანია, რომ პოლარიზაციის ხარისხი შემცირდეს, ნეგატიური რიტორიკა, რომლითაც გამოირჩეოდნენ ამ შემთხვევაში განსაკუთრებით ოპოზიციის წარმომადგენლები. საუბარი იყო ასევე ორ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელზეც ჩვენ ასევე ვსაუბრობთ. ერთი, ეს არის და ჩვენ გვქონდა ამაზე კვლევაც და პრეზენტაციაც, რომ დამკვირვებლების დიდი რაოდენობა იყო პირდაპირ მიკერძოებული და წარმოადგენდა ოპოზიციურ პარტიებს. იცით, რომ 30 000 დამკვირვებლიდან პირდაპირ იდენტიფიცირება გავაკეთეთ, რომ დაახლოებით 8 000 დამკვირვებელი წარმოადგენდა იმ 20-ზე მეტ ადგილობრივ ორგანიზაციას, რომელიც პირდაპირ დაკავშირებული იყო „ნაციონალურ მოძრაობასთან“. გახსოვთ პლატფორმა 2020, ორგანიზაცია „სირცხვილია“ და ა.შ. რომელიც პირდაპირ დაკავშირებული არიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ამასაც ხაზი გაუსვა ეუთო/ოდირმა. სამწუხაროდ, ჩვენი არასამთავრობო სექტორისთვის არ არის კარგი, როდესაც ეუთო/ოდირის ანგარიშში ხდება ასეთი საკითხის ასახვა, როდესაც დამკვირვებლები იქცეოდნენ ისე, როგორც პარტიის წარმომადგენლები და ვფიქრობ, რომ არასამთავრობო სექტორმა ამ საკითხზე შიგნით უნდა იმუშაოს. მეორე საკითხი, რომელზეც ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ, ეს გახლავთ ტელევიზიების მიკერძოებულობა. ეუთო/ოდირმა კიდევ უფრო დაამძიმა საკუთარი შეფასება, ვიდრე ეს იყო წინა შუალედურ ანგარიშში, რომელიც პირველი ტურის შემდეგ გამოქვეყნდა და პირდაპირ თქვა, რომ ზოგი ტელევიზია თავისი მიკერძოებით იქცეოდა როგორც ღია პარტიული აქტივისტი, ან ეს იყო ღია პარტიული აქტივიზმი. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ აქედან გამომდინარე, ამ არჩევნების შემდეგ, უნდა შევხედოთ ჩვენს კიდევ უფრო დემოკრატიულ განვითარებას ყველა მის ასპექტში. ეს შეეხება, როგორც საარჩევნო სისტემას, ისე მედიას, არასამთავრობო სექტორს. ყველამ გულდასმით და ყურადღებით უნდა მიიღოს ეს ანგარიში და შესაბამისი დასკვნები გამოიტანოს. მნიშვნელოვანია ერთი გარემოება - ობიექტური საერთაშორისო დამკვირვებლების მოსაზრებების გაცნობამდე, ნაციონალურმა მოძრაობამ ერთი საათით ადრე დააანონსა, რომ ისინი კვლავ აპირებენ აქციების მოწყობას. ესეც, კიდევ ერთხელ აჩვენებს, სწორედ იმას, რაზეც ეუთო/ოდირიც საუბრობს, რომ პოლარიზაცია, სხვისი აზრის მიუღებლობა და ზოგადად, ობიექტური ჭეშმარიტების აღიარების შეუძლებლობა, რომელიც ახასიათებს ნაციონალურ მოძრაობას, ვნებს საერთო ჯამში, ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესს. არც კი დაელოდნენ სადამკვირვებლო მისიების შეფასებას, თავისი აღქმებით, დამოკიდებულებით, თავისი სურვილებით ხელმძღვანელობენ და დღეს დაანონსეს აქცია. კიდევ ერთხელ, მადლობა მინდა გადავუხადო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს მათი პოზიტიური შეფასებისთვის, რომელიც შეეხება არჩევნებს ზოგადად და განსაკუთრებით, არჩევნების მეორე ტურს. ამ მანდატით გაძლიერებული, ჩვენი შედეგები არის უაღრესად კარგი. თქვენ ნახეთ, რომ ქართულმა ოცნებამ დამაჯერებლად გაიმარჯვა 64-დან 63 მუნიციპალიტეტში. ერთი წლის განმავლობაში ჩვენ უკვე მესამედ მივიღეთ ხალხისგან ნდობის მანდატი, ჩვენ მოვიგეთ საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნები, მოვიგეთ ოპოზიციის მიერ გამოცხადებული რეფერენდუმი და ასევე, თვითმმართველობის მეორე ტურის ღირებულებითი არჩევანი. ჩვენმა საზოგადოებამ უყურა იმ ერთ წლიან ხელოვნურ დაძაბულობას, რომელსაც ოპოზიცია ქმნიდა, შეაფასა მათი და ჩვენი ქმედებები და გამოიტანა თავისი ვერდიქტი. ამ ნდობას ჩვენ ვიღებთ, როგორც ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე ჩვენს მიერ გამოცხადებული პოლიტიკის მოწონებას და წინასაარჩევნოდ წარდგენილი ჩვენი პროგრამების განხორციელების მანდატს. საზოგადოებამ გააკეთა მკაფიო არჩევანი და ეს არჩევანი ყველამ უნდა მიიღოს.

31 ოქტომბერი, 2021

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება

პარტიის სახელით, მინდა შევაჯამო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები შედეგების შეჯამებამდე, როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და საარჩევნო შტაბის უფროსი, მადლობას გადავუხდი თითოეულ ამომრჩეველს, რომელმაც გუშინ გამოავლინა მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და დააფიქსირა საკუთარი არჩევანი რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩვენს ამომრჩეველს. ჩვენ ერთად მივიყვანეთ ბოლომდე გამარჯვება, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას, რაც არის ეკონომიკური წინსვლისა და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის ხარისხის ამაღლების აუცილებელი პირობა. შესაბამისად, გუშინ გაიმარჯვა არა მხოლოდ იმ ამომრჩეველმა, რომელმაც მხარი დაუჭირა ჩვენს კანდიდატებს, არამედ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ. ამ არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა „ქართული ოცნების“ მყარი ლეგიტიმაცია, რომელიც ჩვენ გვაკისრებს უდიდეს პასუხისმგებლობას, მომდევნო წლების განმავლობაში მაქსიმუმი გავაკეთოთ ნდობის გასამართლებლად, დაწყებული საქმეების ბოლომდე მისაყვანად და ახალი ინიციატივების წამოსაწყებად. ამავდროულად, ჩვენ ვალდებული ვართ, ყურად ვიღოთ იმ მოქალაქეების პრეტენზიებიც, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს ჩვენს პარტიას. ბუნებრივია, ამგვარი პრეტენზიები ჩვენს მიმართ ჩვენს მხარდამჭერებსაც აქვთ. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისათვის, რომ გამოვასწოროთ ის ხარვეზები, რომლებსაც ჩვენი მოქალაქეები ხედავენ და კიდევ უფრო გავაძლიეროთ ის, რაც ხალხს „ქართული ოცნების“ მმართველობაში მოსწონს. მომდევნო წლების განმავლობაში, გაკეთდება ყველაფერი იმისათვის, რომ მმართველობა საქართველოში მაქსიმალურად ეფექტიანი გახდეს. რაც შეეხება შედეგების შეჯამებას: - „ქართულმა ოცნებამ“ მერის არჩევნები მოიგო 64-დან 63 მუნიციპალიტეტში, რითაც ჩვენ გავაუმჯობესეთ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგი; - ჩვენ პარტიას მყარი უმრავლესობა აქვს თითქმის ყველა მუნიციპალურ საკრებულოში. რამდენიმე საკრებულოში, სადაც „ქართულ ოცნებას“ ერთპარტიული უმრავლესობა არა აქვს, უმრავლესობა საკრებულოს წევრებთან მოლაპარაკებების საფუძველზე ჩამოყალიბდება. ამ საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებულია წარმატებით; - ჩვენ მოვიგეთ ე.წ. რეფერენდუმი, რომელსაც ჩვენი ოპონენტები ე.წ. 43-პროცენტიან ბარიერს უკავშირებდნენ. როგორც მოგეხსენებათ, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების პირველ ტურში ხმების 47% მიიღო; - გარდა ამისა, ჩვენ მოვიგეთ ე.წ. რეფერენდუმის მეორე ტურიც, სადაც ამომრჩეველთა ხმების 55% მივიღეთ. მთლიანობაში, „ქართულმა ოცნებამ“ ეს არჩევნები მოიგო მის ყველა ასპექტში. ჩვენ, პრაქტიკულად, გავიმეორეთ შარშანდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგი, და ეს შევძელით ძალიან რთული პროცესების ფონზე, რომელიც გასული ერთი წლის მანძილზე გამოვიარეთ. შეგახსენებთ, რომ ჩვენთვის ეს იყო პირველი არჩევნები, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან გასვლის შემდეგ ჩავატარეთ. ასეთი მასშტაბის დანაკლისის შევსება მხოლოდ გუნდის ერთიანობით იყო შესაძლებელი და ჩვენ სწორედ ეს შევძელით - დღეს „ქართული ოცნება“ არის სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ლიდერების გუნდი, რომელიც ყველა გამოწვევას ერთიანობით უპირისპირდება. სწორედ ეს ერთიანობა გახდა ჩვენი შთამბეჭდავი გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი. გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს წინ უძღოდა სახელმწიფო ინსტიტუტების საბოტაჟი, ექვსთვიანი ხელოვნური კრიზისი, ორი დამნაშავის გათავისუფლება. ამ მოვლენებმა, ბუნებრივია, არჩევნების წინ, დამატებითი სირთულეები შეგვიქმნა. თუმცა, სათანადოდ გააზრებული ნაბიჯებით, ჩვენ ამ სირთულეების დაძლევაც წარმატებით შევძელით. ჩვენს მიერ მოპოვებული გამარჯვება არის ჩვენი პარტიის თითოეული წევრისა და მხარდამჭერის დამსახურება. მადლობას ვუხდი პარტიის 40 ათასზე მეტ წევრს ერთგულებისა და თავდადებისთვის, რომლის გარეშეც ეს შედეგი ვერ დადგებოდა. მადლობას ვუხდი ცენტრალური და ადგილობრივი საარჩევნო შტაბების თითოეულ წევრს, შტაბების ხელმძღვანელებს, ზონისა და უბნის უფროსებს, აგიტატორებს. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი პარტიის ახალგაზრდულ ორგანიზაციას. რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ მადლობას გადავუხდი ჩვენი საარჩევნო კამპანიის ლიდერს, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც ამ გამარჯვებაში განსაკუთრებული როლი შეასრულა. კიდევ ერთხელ მივულოცავ გამარჯვებას და მადლობას გადავუხდი კახა კალაძეს, რომელიც იყო არა მხოლოდ ჩვენი მთავარი საარჩევნო კანდიდატი, არამედ კამპანიის ლიდერი დედაქალაქში და საერთო გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი სულისჩამდგმელი. მადლობას ვუხდი პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას საარჩევნო კამპანიაში აქტიური ჩართულობისთვის. მადლობას გადავუხდი პარტიის აღმასრულებელ მდივანს, მამუკა მდინარაძეს შტაბის წარმატებულ მენეჯმენტში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. მადლობას ვუხდი პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანს, შალვა პაპუაშვილს საზოგადოებასთან მწყობრი კომუნიკაციის უზრუნველყოფისათვის. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო პარტიის რეგიონულ მდივანს, დიმიტრი სამხარაძეს, რომელმაც განსაკუთრებული როლი შეასრულა საარჩევნო შტაბების გამართულ ფუნქციონირებასა და ზოგადად, ჩვენი პარტიის დამაჯერებელ გამარჯვებაში. მადლობას ვუხდი პარტიის პოლიტიკური საბჭოს, სამთავრობო გუნდის, საპარლამენტო უმრავლესობის თითოეულ წევრს საარჩევნო კამპანიაში აქტიური ჩართულობისთვის და გამარჯვებაში შეტანილი უმნიშვნელოვანესი წვლილისთვის. ვულოცავ ყველა არჩეულ მერს და საკრებულოს წევრს მიღებულ მანდატს და ვუსურვებ წარმატებებს თავიანთ საქმიანობაში მომდევნო 4 წლის განმავლობაში. მადლობა მინდა, ასევე, გადავუხადო საარჩევნო ადმინისტრაციას საარჩევნო პროცესებისა და პროცედურების მაღალ დონეზე წარმართვისათვის. ასევე, მადლობას ვუხდი სამართალდამცავ სტრუქტურებს არჩევნების უსაფრთხო და მშვიდობიან გარემოში ჩატარების უზრუნველყოფისათვის. დასასრულს, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩვენი ღრმა რწმენით, ეს გამარჯვება არის ჩვენი ქვეყნის, მისი თითოეული მოქალაქის გამარჯვება. გუშინ საბოლოოდ გაიმარჯვა ღირსებამ, თავისუფლებამ, მშვიდობამ და განვითარებამ ჩვენს ქვეყანაში. მომდევნო წლების მანძილზე, ყველაფერს გავაკეთებთ გამოცხადებული ნდობის გასამართლებლად, ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და ხალხის კეთილდღეობისათვის.

31 ოქტომბერი, 2021

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის კახა კალაძის ბრიფინგი

არჩევნები დასრულდა, დასრულდა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი დედაქალაქის, თითოეული თბილისელისა და საქართველოს მოქალაქის გამარჯვებით. ყველას გილოცავთ და გიხდით მადლობას. პირველ რიგში, მადლობას ვუხდი თითოეულ ჩემს თანამებრძოლს, ვინც უშუალოდ იყო ჩართული საარჩევნო პროცესში და დაუღალავად იშრომა იმისთვის, რომ არა მხოლოდ მე, ან ჩვენს პოლიტიკურ პარტიას, არამედ სამართლიანობას, მშვიდობას, სტაბილურობასა და განვითარებას გაემარჯვა. რა თქმა უნდა, უდიდეს მადლიერებას გამოვხატავ ყველა იმ მოქალაქის მიმართ, რომელმაც დააფიქსირა საკუთარი პოლიტიკური პოზიცია და მხარი დაუჭირა ჩვენს პოლიტიკურ გუნდს. მინდა მივმართო ჩემს თბილისელებს - ერთხელ უკვე ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, ჩემთვის არ არსებობს ორი თბილისი. მე ამირჩია ამ ქალაქის უმრავლესობამ და ყველგან და ყოველთვის ვიქნები თბილისში მაცხოვრებელი უკლებლივ ყველა ადამიანის მერი, თითოეული თბილისელის, თითოეული მოქალაქის, ჩვენი დედაქალაქისა და ქვეყნის ინტერესების დამცველი. ეს ასეა, ასე იყო და რა თქმა უნდა, ყოველთვის ასე იქნება. ამ არჩევნებით, მჯერა, ჩვენ საბოლოოდ დავასრულებთ ქართულ პოლიტიკაში დესტრუქციას, ერთმანეთისა და ქვეყნის მტრობაში გადაზრდილ დაპირისპირებას, ზიზღს, ბოღმას და რევანშის წადილს.ჩვენს ქვეყანას არ აქვს და არ უნდა ქონდეს ამაში დასაკარგი დრო.ჩვენ, ახალი ენერგიით და ახალი, მომავალზე კიდევ უფრო მეტად ორიენტირებული მიზნებით და მიდგომებით წარვსდგებით საზოგადოების წინაშე და ახალი ენერგიით შევუდგებით ამ ქალაქისა და ქვეყნის საქმის კეთებას. ამ მიზნების მისაღწევად კი, ჩვენ თითოეული თქვენგანის თანადგომა, ენერგია და გამოცდილება გვჭირდება. ჩვენ, ყველა თბილისელი, საქართველოს ყველა მოქალაქე განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, უნდა გავერთიანდეთ ჩვენი ქვეყნისა და ქალაქის უკეთესი მომავლის საშენებლად. მე ამ საქმისთვის ყველაფერს გავაკეთებ და ამ საქმეში თითოეული თქვენგანის გვერდში დგომის იმედი მაქვს, რადგან ერთად შეუძლებელს შევძლებთ. ჩვენ თუ ერთად ვიდგებით, ჩვენი ქალაქი იქნება ყველაზე ლამაზი, მოწესრიგებული, მწვანე, ჯანსაღი, კეთილდღეობითა და სიცოცხლით სავსე, მე ამას ვპირდები თბილისელებს. ჩვენ, ჩვენი ერთიანობით, შეგვიძლია შევქმნათ გაერთიანებული და ერთიანი საქართველო, ეკონომიკურად ძლიერი, განვითარებული სახელმწიფო, სადაც ადამიანები ბედნიერად და ერთმანეთის სიყვარულით იცხოვრებენ.ჩვენ ეს შეგვიძლია და ამას ყოველგვარი მტრობის გამორიცხვით, ერთმანეთის სიყვარულითა და პატივისცემით შევძლებთ.ერთად ყოველთვის გავიმარჯვებთ, გავიმარჯვებთ არა ერთმანეთზე, არამედ ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის.

31 ოქტომბერი, 2021

,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ბრიფინგი

გვინდა გაგაცნოთ შემოსული ოქმების მონაცემები, პრაქტიკულად არსებითად არის უკვე დათვლილი მონაცემები ოლქების უმრავლესობაში და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ გაცნობთ ოქმების ოფიციალურ მონაცემებს. რაც შეეხება თბილისს, თბილისში უკვე დათვლილია 645 უბანი, ანუ დაახლოებით 100 უბანია მხოლოდ დარჩენილი და ამ ეტაპზე შედეგი არის - კახი კალაძე 55,6%, რაც უკვე ნიშნავს იმას, რომ მინიმუმ რამდენიმე ათეული ათასი ხმით აქვს მოგებული კახა კალაძეს, უპირატესობა არის ძალიან დიდი. თელავი - 42 უბანია დათვლილი, თითქმის სრულდება, უკვე დათვლა 57,6%, თელავშიც უკვე დამაჯერებელი გამარჯვება აქვს მოპოვებული ლევან ანდრიაშვილს. თიანეთი - დათვლილია 12 უბანი, აქაც მონაცემები პრაქტიკულად აღარ შეიცვლება 59%-ზე მეტი აქვს 59,1% ჩვენს კანდიდატს. რუსთავი - 50 უბანია დათვლილი, დაახლოებით უბნების 2/3 და შედეგი არის 53,6%, აქაც გამორიცხულია პრაქტიკულად რაიმე არსებითი ცვლილებები შედეგებში. ქარელი - 30 უბანია დათვლილი, თითქმის დასრულებულია დათვლა 58,4%, ხაშურში ანალოგიურად 45 უბანია დათვლილი და 59%-ია ჩვენი კანდიდატის ხმები. ცაგერი - 38 უბანი, აქაც დათვლა თითქმის დასრულებულია, 64,3%. ბაღდათში დასრულებულია, ასევე ხმების დათვლა 31 უბანი 60,6%. წყალტუბო 48 უბანია დათვლილი 58% აქაც რაიმე ცვლილება გამორიცხულია, გამარჯვებულია ჩვენი კანდიდატი. ქუთაისი - ორი უბანია დარჩენილი, 122 უბანია დათვლილი შედეგი გახლავთ 51,8%. ანუ იოსებ ხახალეიშვილიც გამარჯვებულია ქუთაისში.ოზურგეთი - 55 უბანია დათვლილი, შედეგი 56,03 %-ი ანუ, შეიძლება თამამად ითქვას, რომ ავთანდილ თალაკვაძეც გამარჯვებულია. სენაკი - 15 უბანია დათვლილი 56,03 % აქვს ჩვენს კანდიდატს ანუ, აქაც გაიმარჯვა ჩვენმა კანდიდატმა. მარტვილი - ანალოგიურად 35 უბანია დათვლილი, თითქმის სრულდება, 52,9%, აქაც შედეგი არის გადაწყვეტილი. ხობი - 32 უბანია დათვლილი 57,4%, ჩვენი კანდიდატი აქაც დამაჯერებლად იგებს არჩევნებს, პრაქტიკულად უკვე მოგებული აქვს. ზუგდიდი - 96 უბანია დათვლილი, დარჩენილია 12 უბანი, შედეგი არის 52,1 %, პრაქტიკულად აქაც შეუძლებელია რაიმე ცვლილება, გამარჯვებულია მამუკა წოწერია. წალენჯიხაში გვაქვს 18 უბანი დათვლილი 12-ია დარჩენილი, შედეგი არის ამ ეტაპზე 50,7%.ჩხოროწყუ - 22 უბანია დათვლილი, 53,6%, აქაც რაიმე არსებითი ცვლილება გამორიცხულია. ფოთი - 33 უბანია დათვლილი, 57,3%, ანუ, შეიძლება ითქვას, გამარჯვებულია ბექა ვაჭარაძე.ბათუმში - 62 უბანია დათვლილი, ანუ 2/3, 52,2%, აქაც რაიმე ცვლილება გამორიცხულია, ანუ ამ შემთხვევაშიც არჩილ ჩიქოვანმა შეიძლება ითქვას გაიმარჯვა ბათუმის მუნიციპალიტეტში.ხელვაჩაურში 46 უბანია დათვლილი, 55,8%-ი. თქვენ ხედავთ, რომ „ქართული ოცნების“ გამარჯვება არის დამაჯერებელი და კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდით ამომრჩეველს გამოცხადებული ნდობისთვის. ჩვენ გამოგვიცხადეს ე.წ. რეფერენდუმი, სადაც მოვიგეთ, ავიღეთ 47%, შემდეგ გამოგვიცხადეს ე.წ. რეფერენდუმის მეორე ტური, სადაც ავიღეთ ბევრად უფრო მეტი, დაახლოებით 55 % , წაგებულები არიან როგორც რეფერენდუმის პირველ ტურში, ასევე მეორე ტურში, წააგეს ყველაფერი.

30 ოქტომბერი, 2021

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ბრიფინგი

პირველ რიგში, კიდევ ერთხელ გადავუხდით ამომრჩეველს მადლობას აქტიურობისთვის. საარჩევნო ოლქების უმრავლესობაში ფიქსირდება მაღალი აქტივობა. თუმცა, აუცილებელია კიდევ უფრო მეტი აქტიურობა, რათა არცერთ მუნიციპალიტეტში არ დავუშვათ იმ პოლიტიკური ძალის გამარჯვება, რომელსაც ერთადერთ მიზნად ქვეყანაში არეულობის კერების შექმნა აქვს დასახული.არსებული მონაცემებით, უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი კანდიდატები მყარად იგებენ არჩევნებს 20-დან 18 მუნიციპალიტეტში. ნაცმოძრაობის კანდიდატები ორ მუნიციპალიტეტში არიან ახლოს 50-პროცენტიან ზღვართან. შესაბამისად, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ საჭიროა ამომრჩევლის მაქსიმალური აქტიურობა, რათა ბოროტებამ არცერთ მუნიციპალიტეტში არ გაიმარჯვოს.საარჩევნო უბნების დახურვამდე რჩება 4 საათი. შეგახსენებთ, რომ 2024 წლამდე საქართველოში აღარ ჩატარდება არავითარი არჩევნები. ყველა ამომრჩეველს, რომელიც ჯერ არ მისულა საარჩევნო უბანზე და რომელსაც ჯერ არ გაუკეთებია არჩევანი, მოგიწოდებთ და გთხოვთ, გამოიყენოთ ეს შანსი, რათა თქვენი წვლილი შეიტანოთ საქართველოში პოლარიზაციის, ბოროტების, სიძულვილისა და სიცრუის დამარცხებაში.ნაცმოძრაობისა და მისი კუთვნილი მედიასაშუალებების წარმომადგენლებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან, ნე ეცდებიან დაატრიალონ ქარიშხალი ჭიქაში, აქტივისტებს მისცენ მუშაობის, ხოლო ამომრჩეველს არჩევანის მშვიდ გარემოში გაკეთების საშუალება.საბოლოო გამარჯვებამდე რჩება 4 საათი. მოდით არჩევნებზე და 8 საათზე ერთად ვიზეიმოთ ჩვენი საერთო გამარჯვება, ჩვენი ქვეყნის საერთო გამარჯვება.

30 ოქტომბერი, 2021

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრის მარიამ ქვრივიშვილის ბრიფინგი

დღეს არის მნიშვნელოვანი დღე ჩვენი ქვეყნისთვის და განსაკუთრებით, 20 მუნიციპალიტეტისთვის, სადაც ტარდება არჩევნების მეორე ტური.12 საათის მონაცემებით, მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში ფიქსირდება მაღალი აქტივობა. თბილისში, რუსთავში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და თელავში მეორე ტურის აქტივობამ პირველი ტურის აქტივობასაც კი გადააჭარბა, რაც უპრეცედენტო მოვლენაა. მადლობა ვუხდით ამომრჩევლებს აქტიურობისა და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოვლენისთვის.თუმცა, საჭიროა კიდევ უფრო მეტი აქტიურობა, რათა იმ ძალებს, რომლებიც ქვეყანას არეულობით ემუქრებიან, არცერთ მუნიციპალიტეტში გამარჯვების მცირეოდენი შანსიც კი არ დავუტოვოთ.დღეს ამომრჩეველი არჩევანს აკეთებს არეულობის მუქარასა და მშვიდობას შორის. ჩვენს ქვეყანას და ხალხს სჭირდება მშვიდობა და სტაბილურობა, რაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და კეთილდღეობის აუცილებელი პირობაა. დარწმუნებული ვართ, მოქალაქეები ოცივე მუნიციპალიტეტში, სწორედ ამ არჩევანს გააკეთებენ.კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ამომრჩეველს მაქსიმალური აქტიურობისკენ.თითოეული ხმა გადამწყვეტია, თითოეული ხმა განსაზღვრავს ქვეყნისა და თითოეული მუნიციპალიტეტის სამომავლო განვითარებას.

30 ოქტომბერი, 2021

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის ბრიფინგი

დღეს, ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ვიცით, რომ არჩევნების მეორე ტური იმართება და მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ყველა ჩვენს მხარდამჭერს, რომ ვიაქტიუროთ. 10 საათის მონაცემებით ძალიან მაღალია აქტიურობა წინა ტურთან შედარებით, მაგალითად თბილისში 5% არის აქტივობა გაზრდილი, რაც ძალიან კარგია, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა მივმართო და მოუწოდო ჩეს მხარდამჭერებს, რომ ვიაქტიუროთ მეგობრებო, თითოეული თქვენი ხმა, თითოეული თქვენგანის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ შევძლოთ ამ ქალაქის განვითარება, იმ პროექტების განხორციელება, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თბილისისთვის. თქვენ ხედავთ, ბოლო წლების განმავლობაში, თუ რამდენი კარგი სამუშაო იქნა ჩატარებული დედაქალაქის მასშტაბით. რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მომდევნო წლების განმავლობაში, ვერავინ და ვერაფერმა შეაჩეროს ქალაქის აღმშენებლობა, განვითარება და იმ პროექტების განხორციელება, რომლებიც დედაქალაქისთვის სასიცოცხლოთ მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ჩვენს მხარდამჭერებს მაქსიმალური აქტიურობა, რომ დავაფიქსიროთ ჩვენი მოსაზრება და მხარი დავუჭიროთ ამ ქალაქის განვითარებას და აღმშენებლობას.

29 ოქტომბერი, 2021

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება

პირველ რიგში, მინდა გამოვეხმაურო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ამ ინფორმაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ნაციონალური მოძრაობა არის ბოროტება, ეს არის რევანშისტული პოლიტიკური ძალა, რომლის ერთადერთი მიზანია, შექმნას არეულობა და ქაოსი ჩვენს ქვეყანაში. სახელმწიფო და ხელისუფლება დგას მოწოდების სიმაღლეზე და არავის მისცემს ამგვარი მიზნების განხორციელების საშუალებას. მადლობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და მის თითოეულ შესაბამის თანამშრომელს ამ გეგმის დროულად გამოვლენისა და დროული რეაგირებისათვის. არავინ, ვინც მიზნად ისახავს საქართველოს უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე შეტევის მიტანას, არ დარჩება დაუსჯელი. კანონის წინაშე და კანონის შესაბამისად, ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კიდევ ერთხელ მოეფინა ნათელი მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის იმიტირებული ქრონიკის ნამდვილ მიზანს. დაგეგმილი იყო ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების სიმულირება, რათა უწყება იძულებული გამხდარიყო, მოეხდინათ სააკაშვილის სხვა ლოკაციაზე გადაადგილება, რასაც ნაციონალური მოძრაობისთვის მძიმე პროვოკაციის მოწყობის შანსი უნდა მიეცა. რა თქმა უნდა, ნებისმიერ ასეთ მცდელობასაც სახელმწიფო სათანადო რეაგირებას დაუპირისპირებდა. დღეს ყველამ დაინახა, რომ სააკაშვილის იმიტირებული შიმშილობა ისეთივე წარუმატებლობისთვისაა განწირული, როგორც მისი ქურდული შემოპარვა საქართველოში. ასევე, აუცილებლად უნდა გამოვეხმაუროთ ნაციონალური მოძრაობის პარტიული ტელევიზიის - „მთავარის“ მიერ სოციოლოგიური კვლევის შედეგების გაყალბებას, რამაც კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ წინა კვლევებისა და ეგზიტპოლების მცდარი მონაცემები არა არაკომპეტენტურობის, არამედ უხეში გაყალბების შედეგი იყო. ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს აყალბებდნენ არჩევნებს, ახლა კვლევებისა და ეგზიტპოლების გაყალბებით ცდილობენ საკუთარი დესტრუქციული მიზნების განხორციელებას. დიდი შეცდომა იქნება, თუ ამ სამ ინფორმაციას ერთმანეთისგან დამოუკიდებლად განვიხილავთ. ბუნებრივია, სააკაშვილის იმიტირებული შიმშილობით, სოციოლოგიური კვლევების გაყალბებითა და არეულობის გეგმების შედგენით იკვრება წრე, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ბოროტ ბუნებასა და მის რევოლუციურ და დესტრუქციულ გეგმებს კიდევ ერთხელ ადასტურებს. მინდა, ასევე, გამოვეხმაურო, კიდევ ერთ საკითხს, გახარიას პარტიის ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელისა და ბათუმის საკრებულოს ახლად არჩეული წევრის, ირაკლი თავდგირიძის მიერ ამ პარტიის დატოვებას და ნაციონალური მოძრაობის დღის წესრიგისგან ღიად გამიჯვნას. დღეს ყველა, ვინც სათანადოდ აფასებს მოვლენებს, ხედავს, რომ საზოგადოებას აქვს მკაფიო არჩევანი დესტრუქციასა და მშვიდობას შორის. ასეთ დროს, პოზიციის არდაკავება, სახლში დარჩენა და არჩევანის არგაკეთება დესტრუქციისთვის შანსის მიცემას ნიშნავს. შესაბამისად, მივესალმებით ირაკლი თავდგირიძის პრინციპულ გადაწყვეტილებას ნაციონალური მოძრაობის დღის წესრიგისგან საჯაროდ გამიჯვნასთან დაკავშირებით. ამ ქვეყანას ჭირდება არა ქაოსი და არეულობა, არამედ მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება.სწორედ ამიტომ, ყველას მოგიწოდებთ, ხვალ მოდით არჩევნებზე და 2 ოქტომბრის გამარჯვება ერთად მივიყვანოთ ბოლომდე.მოვუწოდებთ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს, ხვალ, კენჭისყრის დღეს, არ გაბედონ პროვოკაციების მოწყობა და ამომრჩეველს მისცენ მშვიდ გარემოში ხმის მიცემის შესაძლებლობა. ასევე, მოვუწოდებთ ჩვენს მხარდამჭერებს, სიმშვიდით შეხვდნენ ნებისმიერ შესაძლო პროვოკაციას. ამასთან, მოვუწოდებ მხარდამჭერებს, ნებისმიერი პროვოკაცია გადაიღონ, გამოგვიგზავნონ და/ან სოციალურ ქსელში ატვირთონ. გვჯერა, ხვალ ჩვენი მოქალაქეები საბოლოოდ ეტყვიან უარს ბოროტებას, ძალადობასა და სიცრუეს და მხარს დაუჭერენ განვითარებას, მშვიდობასა და სტაბილურობას, რაც ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის, ადამიანების დასაქმებისა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების აუცილებელი პირობაა.არჩევნების მეორე დღიდან, მომდევნო წლების განმავლობაში, ჩვენი ძალისხმევა თავიდან ბოლომდე ამ მიზნისკენ იქნება მიმართული.კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, მოდით არჩევნებზე!კიდევ ერთხელ უარი უთხარით ნაციონალურ მოძრაობას, ბოროტებას, არეულობას, სიცრუეს !აირჩიეთ მშვიდობა და განვითარება! აირჩიეთ ჩვენი კანდიდატები თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთში, ზუგდიდში, თელავში, ოზურგეთში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუში, მარტვილში, სენაკში, ხობში, წყალტუბოში, ბაღდათში, ცაგერში, ხელვაჩაურში, თიანეთში, ქარელსა და ხაშურში.ჩვენი ერთიანობით, 2 ოქტომბრის გამარჯვება ხვალ უნდა მივიყვანოთ ბოლომდე!

29 ოქტომბერი, 2021

„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის შალვა პაპუაშვილის განცხადება

გუშინ საზოგადოებას გავაცანით ის ფაქტი, რომელიც აღმოვაჩინეთ წინასაარჩევნო კვლევების გაყალბებასთან დაკავშირებით, ტელეკომპანია „მთავარისა“ და კომპანია IPSOS-ის მხრიდან, რომელიც უკავშირდებოდა 2 დღის წინ ტელეკომპანია „მთავარის“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევას რამდენიმე მუნიციპალიტეტში.ზუგდიდში განსხვავებულმა მონაცემებმა გაყიდა ის ფაქტი, რომ ეს გაყალბების კვალი ბოლომდე ვერ იქნა წაშლილი და სწორედ ამან მოგვცა მინიშნება იმაზე, რომ აქ გაყალბებას ჰქონდა ადგილი. დღეს ნახეთ გამოხმაურება ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალური დირექტორის მხრიდან, რომელიც ახლა ცდილობს ეს გადააბრალოს კომპანია IPSOS-ს. სინამდვილეში საქმე გახლავთ შემდეგში - ეს არ არის ერთმანეთისგან გამიჯნული 2 კომპანია, ეს ხდება სისტემატურად იმ პერიოდიდან, როდესაც IPSOS იმყოფება საქართველოში და აწარმოებს წინასაარჩევნო კვლებს „მთავარი“ არხისთვის. სახეზე გვაქვს ეს გაყალბება ყოველ ჯერზე, შესაბამისად, ეს არის შეთანხმებული მოქმედება და ეს გადაბრალება კიდევ უფრო მეტი სკანდალია, როდესაც ახლა ცდილობს „ მთავარი“ არხი ეს IPSOS-ს გადააბრალოს. სინამდვილეში, ჩვენ თუ შევხედავთ რიცხვებს, თუნდაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან, როდესაც ჰქონდა წინასაარჩევნო კვლევა, ასევე IPSOS-ის მიერ ჩატარებული და „მთავარი“ არხის მიერ გაჟღერებული, რომელიც ჩატარდა არჩევნებამდე 2 კვირით ადრე, „ქართულ ოცნებას“ უნდა მიეღო 38%, მაშინ როცა რეალურად „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო 48.2 %. ანუ, IPSOS-მა და „მთავარმა არხმა“ 10.2%-ით ნაკლები დაუწერეს კვლევაში. ასევე, ეგზიტპოლი ჩატარდა შარშან საპარლამენტო არჩევნებისას. ამ ეგზიტპოლის მიხედვით „ქართულ ოცნებას“ IPSOS -ის და „მთავარის’’ მონაცემებით ჰქონდა 41 % , მაშინ როდესაც, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო 48,2 % ანუ, აქაც 7,2 % იყო მანიპულაცია IPSOS -ის და მთავარი არხის მხრიდან და ახლაც თვითმმართველობის არჩევნების წინ, როდესაც იყო კვლევა, ამ კვლევამ აჩვენა, რომ IPSOS -ის და „მთავარი“ არხის მხრიდან „ქართული ოცნების“ რეიტინგი 35% იყო, მაშინ როდესაც რეალურად „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო 46,7% ანუ, 11,7% ნაკლები დაუწერეს IPSOS -მა და „მთავარმა არხმა“. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს გამონაკლისი არ არის და ამაზე ვსაუბრობდით გუშინ, ჩვენ აქამდეც ამას ვამბობდით, რომ ხდებოდა კვლევების მანიპულირება, თუმცა ამის მტკიცება შეგვეძლო მხოლოდ ირიბად, იმ კვლევის შედეგებისა და არჩევნების შედეგების შედარებით და რა თქმა უნდა, როდესაც არის საშუალოდ 10% სხვაობა, ეს სხვა არაფერია, თუ არა მანიპულაცია. აქედან გამომდინარე ვსაუბრობდით ამაზე, თუმცა გუშინ ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა პირდაპირ ფაქტები გვენახა, ვინაიდან აღმოჩნდა, რომ მანიპულაციის კვალი წაშლილი არ იყოს, შესაბამისად ეს გადაბრალებები ზედმეტია. გარდა ამისა, დამატებით იცით, რომ IPSOS თავად კვლევებს არ ატარებს და კვლევას ადგილზე ატარებს ადგილობრივი კომპანია, ამ ჯგუფში შედის არა მხოლოდ IPSOS და „მთავარი არხი“, არამედ ადგილობრივი საკონსულტაციო კომპანია BCG. ამაზე ჩვენ არა ერთხელ გვითქვამს, ეს არის კვლევითი ორგანიზაცია, რომელიც დაკავშირებულია ლევან თარხნიშვილთან. ის „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერია და 2008 წელს, როდესაც ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები ცესკოს თავმჯდომარე იყო. როდესაც ნაკლებობაზე ვსაუბრობდით, ჩვენ გაჩვენებდით, რომ ბიულეტენების ნაკლებობა დისბალანსიან ოქმებში 2020 თუ 2021 წლის არჩევნებში შედიოდა იმ საშუალო ზღვარში, რომელიც როგორც წესი ფიქსირდება არჩევნების დროს და გამონაკლისი გახლავთ სწორედ 2008 წელი, სადაც ნაკლებობა გახლდათ 1% და ეს სწორედ ის წელია, როდესაც ლევან თარხნიშვილი გახლდათ ცესკოს თავმჯდომარე. იცით, რომ ამ არჩევნებთან დაკავშირებით ყველა შეთანხმებულია, რომ იქ მოხდა დიდი მანიპულაცია და გაყალბება. შესაბამისად, როდესაც საქმე გვაქვს კომპანიასთან, რომელიც ატარებს ველს, რომელსაც აქვს ასეთი რეპუტაციული ზიანი მიღებული და მასთან დაკავშირებული არიან ადამიანები, რომელებიც არჩევნების გაყალბებაში იღებდნენ მონაწილეობას, საქმე, როცა გვაქვს ტელეკომპანია „მთავართან“ და IPSOS-თან, რომელიც, როგორც გაჩვენეთ, ბოლო ორი არჩევნების განმავლობაში აჩვენებს ეს მონაცემები, რომ საშუალოდ 10% სხვაობა იყო რეალურ მონაცემებსა და კვლევებს შორის. აქ უკვე ზედმეტია ერთმანეთზე გადაბრალება და საქმე გვაქვს აშკარა მანიპულაციასთან.

28 ოქტომბერი, 2021

,,ქართული ოცნების’’ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის შალვა პაპუაშვილის განცხადება

გვინდა საზოგადოებას ვაცნობოთ ერთ-ერთი სკანდალის შესახებ, რომელშიც გაეხვა „ნაციონალური მოძრაობა“, „მთავარი არხი“ და კომპანია IPSOS-ი. როგორც იცით, გუშინ ,,მთავარ არხზე“ გამოქვეყნდა IPSOS-ის კვლევის შედეგები. ეს შედეგები ასევე დაიდო IPSOS-ის ვებ-გვერდზე. ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით და ამას ფაქტებიც ადასტურებს, რომ ეს კვლევები იყო მანიპულირებული, ვინაიდან ყოველთვის დიდი აცდენა იყო, თუმცა ამ შემთხვევაში, ჩვენ პირდაპირ ვნახეთ, თუ როგორ ვერ დაიმალა ამ მანიპულაციის კვალი. ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნახავთ, რომ ნაცვლად იმ მონაცემებისა, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა „მთავარ არხზე“, სადაც ზუგდიდში, ანზორ მელიასთან დაკავშირებით გამოქვეყნდა 54,7 %, ხოლო მამუკა წოწერიასთან დაკავშირებით 45,3 %, ამ დოკუმენტში, რომელშიც დევს IPSOS-ის ვებგვერდზე, წერია 51% მამუკა წოწერიას შემთხვევაში და 49% - ანზორ მელიას შემთხვევაში. საინტერესოა, რომ სხვა მონაცემები თითქოს იგივეა, მაგრამ როგორც ჩანს თავად ეს დოკუმენტი მანიპულირებული იყო და შიგნით ჩარჩა ძველი მონაცემი, რომელიც ნამდვილ მონაცემს შეეფერება. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ როგორ ხდება წინასაარჩევნო კვლევებით მანიპულირება ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს ეს მანიპულაცია დოკუმენტში ბოლომდე ვერ წაიშალა და დარჩა კვალი, რომ თითქმის 5-6% -ია მანიპულაცია ზუგდიდში და მაშინ, როდესაც რეალური შედეგის მიხედვით იგებს „ქართული ოცნება“ და მამუკა წოწერია, გადაკეთებული და მანიპულირებული შედეგით გაცხადდა ისე, თითქოს არჩევნებს იგებს ანზორ მელია. შეგახსენებთ, რომ ეს, როგორც მტკიცებულება დევს ვებგვერდზე და შეგიძლიათ ახლაც ნახოთ. ჩვენ გვაქვს გამოცდილება ამ კვლევებთან დაკავშირებით. იცით, რომ შარშან, საპარლამენტო არჩევნების წინ გამოქვეყნებულ ბოლო კვლევებში „ქართულ ოცნებას“ IPSOS-ის კვლევის შედეგად უნდა ჰქონოდა 38% მაშინ, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ რეალურად მიიღო 48% და ახლა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ IPSOS-ის კვლევის შედეგად „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა 35% მაშინ, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო 47%. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, წინასაარჩევნო კვლევების მანიპულაციის ფაქტს ამ შემთხვევაში IPSOS-ის მხრიდან ისევე, როგორც „მთავარი არხის“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ მხრიდან.

28 ოქტომბერი, 2021

44 მუნიციპალიტეტის არჩეული მერი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა

  2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული 44 მუნიციპალიტეტის მერი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს, 27 ოქტომბრიდან უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა. 1. გარდაბანი - დავით კარგარეთელი 2. მარნეული - კენან ომაროვი 3. ბოლნისი - დავით შერაზადიშვილი 4. დმანისი - კობა მურადაშვილი 5. წალკა - ილია საბაძე 6. თეთრიწყარო - გიორგი წიკლაური 7. ახმეტა - ალექსი ფიცხელაური 8. ყვარელი - გივი ზაუტაშვილი 9. ლაგოდეხი - ჯონდო მდივნიშვილი 10. გურჯაანი - ზურაბ უტიაშვილი 11. საგარეჯო - ავთანდილ გულიკაშვილი 12. სიღნაღი - მალხაზ ბეგიაშვილი 13. დედოფლისწყარო - ნიკოლოზ ჯანიაშვილი 14. გორი - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი 15. კასპი -ვახტანგ მაისურაძე 16. ახალციხე - ირაკლი ლაზარაშვილი 17. ასპინძა - როსტომ მაგრაქველიძე 18. ბორჯომი - ოთარ არბოლიშვილი 19. ადიგენი - გოჩა ქიმაძე 20. ახალქალაქი - მელქონ მაკარიანი 21. ნინოწმინდა - ანივარდ მოსოიანი 22. მცხეთა - დიმიტრი ზურაბიშვილი 23. დუშეთი - მანანა ნარიმანიძე 24. ყაზბეგი - ბაკურ ავსაჯანიშვილი 25. ჭიათურა - გივი მოდებაძე 26. საჩხერე - ლევან ივანაშვილი 27. სამტრედია - დავით ბახტაძე 28. თერჯოლა - ლაშა გოგიაშვილი 29. ტყიბული - დავით ჩერქეზიშვილი 30. ვანი - ალექსანდრე გოგორიშვილი 31. ხარაგაული - კობა ლურსმანაშვილი 32. ხონი - ლადო ჯურხაძე 33. ზესტაფონი - ვასილ გველესიანი 34. ამბროლაური - ზვიად მხეიძე 35. ონი - სერგო ხიდეშელი 36. ლენტეხი - გია ონიანი 37. აბაშა - გიგა გაბელაია 38. მესტია - კაპიტონ ჟორჟოლიანი 39. ლანჩხუთი - ალექსანდრე სარიშვილი 40. ჩოხატაური - დავით შარაშიძე 41. ქობულეთი - ლევან ზოიძე 42. ქედა - როლანდ ბერიძე 43. შუახევი - ომარ ტაკიძე 44. ხულო - ვახტანგ ბერიძე

28 ოქტომბერი, 2021

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება

პირველ რიგში, მინდა პარტიის სახელით მადლობა გადავუხადო თავისუფლების მოედანზე შეკრებილ 10 ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს, ჩვენს მხარდამჭერებს შეკრებისთვის და ძალიან ძლიერი მუხტისთვის, რომელმაც გუშინ თავისუფლების იდეის გარშემო გაგვაერთიანა.გუშინ ყველამ კიდევ ერთხელ დაინახა, სად არის ხალხის ნამდვილი ძალა. ყველამ დაინახა, რომ ქართული საზოგადოება არის ჭეშმარიტად ევროპული საზოგადოება, რომელიც სიცოცხლის ფასადაც არ დათმობს ღირსებას, თავისუფლებას, მშვიდობას და საკუთარი სამშობლოს კეთილდღეობას.სწორედ ამ ღირებულებებმა გაგვაერთიანა ჩვენ 2012 წლის 29 სექტემბერს თავისუფლების მოედანზე, როდესაც ხალხმა ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით თავისი ძალა აჩვენა ძალადობასა და სიცრუეზე დაფუძნებულ დანაშაულებრივ რეჟიმს.გუშინ თავისუფლების მოედანზე ამ ღირებულებებმა კიდევ ერთხელ გააერთიანა ხალხი, რომელმაც ყველას მკაფიოდ დაანახა, რომ არ დაუშვებს ხელისუფლებაში საკუთარ სახელმწიფოზე, ეკლესიასა და ხალხზე მოძალადე ადამიანების დაბრუნებას.აქციაზე დასასწრებად უამრავმა ადამიანმა შორი გზა გამოიარა. მადლობა შეკრების თითოეულ მონაწილეს ამ ძალისხმევისთვის, რომელიც აუცილებლად ჩვენი საერთო გამარჯვებით, ჩვენი ქვეყნის საერთო გამარჯვებით დაგვირგვინდება.აქვე, არ შეგვიძლია ძალიან მოკლედ არ გამოვეხმაუროთ პოლიტიკური ოპონენტების სასოწარკვეთილ რიტორიკას გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით. ეს სასოწარკვეთა ზედმიწევნით ცხადჰყოფს ჩვენი აქციის წარმატებას. თავისუფლების მოედანზე შეკრებილი 10 ათასობით ადამიანისთვის იმის წოდება, რისი გამეორებაც კი ჩემთვის სრულიად მიუღებელია, ნათლად ცხადჰყოფს ღირებულებით სხვაობას ჩვენსა და მათ შორის. ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ეს ადამიანები ხალხზე ძალადობდნენ ფიზიკურად. ახლა კი, როდესაც მათ ამის შესაძლებლობა აღარ აქვთ, ფიზიკური ძალადობა მათ სიტყვით ძალადობით ჩაანაცვლეს. ნათელია, ამ ადამიანებს ძალაუფლების დაბრუნების შესაძლებლობა რომ მიეცეთ, სიტყვით ძალადობას ისინი კვლავ ფიზიკურ ძალადობად აქცევენ. სწორედ ეს არ დაუშვა ქართველმა ხალხმა 2 ოქტომბერს, როდესაც მკაცრი უარი უთხრა მოძალადეებს მათივე გამოცხადებულ ე.წ. რეფერენდუმზე.მოძალადეების გამარჯვება დაუშვებელია როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე ნებისმიერ მუნიციპალიტეტში, რათა თუნდაც ერთ ქალაქსა თუ რაიონში ავანტურისტების დესტრუქციული ზრახვების გამო არ დაზარალდეს ადგილობრივი მოსახლეობა.ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ 2 ოქტომბრის გამარჯვებას 30 ოქტომბერს მივიყვანთ ბოლომდე.ჩვენი მიზანია, არჩევნები მოვიგოთ ოცივე მუნიციპალიტეტში, რათა 30 ოქტომბრიდან ახალი ენერგიით განვაგრძოთ ზრუნვა ჩვენი ქვეყნისა და თითოეული მუნიციპალიტეტის განვითარებაზე.

27 ოქტომბერი, 2021

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ჩიქოვანის სიტყვით გამოსვლა შემაჯამებელ აქციაზე

მოგესალმებით! ყველას ძალიან დიდი მადლობა დღეს მობრძანებისთვის. ძალიან ამაღელვებელია ამხელა მხარდაჭერა, ძალიან სასიამოვნოა თქვენი აქ ყოფნა და პირველ რიგში, დიდი მადლობა იმისთვის, რომ აქ ხართ, დიდი მადლობა იმ გამარჯვებისთვის, რომელიც ჩვენ ვიზეიმეთ! გამარჯვება, რომელიც აუცილებელი იყო ჩვენი ქვეყნისთვის, რათა ჩვენმა ქვეყანამ გააგრძელოს თავისუფალი, მშვიდობიანი განვითარება, რათა ჩვენმა ქვეყანამ და ჩვენმა მომავალმა თაობებმა შეძლონ ევროპულ ოჯახში ცხოვრება. ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი შეკრება. ადამიანები, რომლებიც 2012 წლიდან მოყოლებული, ჩვენ აქ ერთად ვზეიმობდით გამარჯვებას, ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით, რამაც მოგვცა საშუალება, რომ ჩვენი ქვეყანა დაგვეყენებინა განვითარების გზაზე.ბატონებო, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მობრძანებისთვის, დიდი მადლობა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენ ვგრძნობთ.რა თქმა უნდა, არ იქნებოდა არც 2012 და არც ერთი სხვა გამარჯვება, რომ არა თქვენი მხარდაჭერა.

27 ოქტომბერი, 2021

პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას სიტყვით გამოსვლა შემაჯამებელ აქციაზე

მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო! მივესალმები სრულიად საქართველოს!მადლობა მობრძანებისთვის და ჩვენი პოლიტიკური გუნდის, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მხარდაჭერისთვის, ნდობისთვის. ჩვენ ვალდებულები ვართ გავამართლოთ ეს ნდობა და ღირსეულად ვატაროთ პასუხისმგებლობის ტვირთი.დღეს ჩვენ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ შევიტანოთ სიცხადე, როგორი გვინდა იყოს ჩვენი ქვეყნის მომავალი, ვბრუნდებით წარსულში, რომელიც დღემდე მძიმედ ახსოვს ჩვენს ხალხს, თუ მივიწევთ წინ, ქვეყნის შენებისკენ და განვითარებისკენ. ყოველთვის მჯეროდა და მჯერა, რომ თითოეულ ჩვენგანს თავის წვლილი შეაქვს საქართველოს მომავლისთვის, მიუხედავად იმისა, თუ რა პროფესიას წარმოვადგენთ, დღეს ჩვენ ყველა ამ ქვეყნის ჯარისკაცები ვართ, რომლებიც ერთად ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის გამარჯვებისთვის.მე ერთ ჩვეულებრივ ოჯახში გავიზარდე, პატივისცემის, სიყვარულის, მიტევების, ჩვენი ისტორისა და კულტურის საწყისებზე და ყველაზე მთავარი, რაც ვისწავლე, არის ის, რომ რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, უნდა ვაკეთებდეთ გულით, ვიყოთ მართლები საკუთარ თავთან და საკუთარ ხალხთან, ვაკეთოთ ის, რაც ჩვენ ქვეყანას და მომავალს წაადგება. ჩვენ მოვიარეთ მთელი საქართველო, ყველა რეგიონი, ყველა მუნიციპალიტეტი. უნიკალური, გამორჩეული, განუსაზღვრელი შესაძლებლობის მქონე სამშობლო გვაქვს. სწორედ, თითოეული მუნიციპალიტეტის არსებული შესაძლებლობების გამოყენებისთვის და ახლის შექმნისთვის უმნიშვნელოვანესია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. საქართველო ვერ იქნება ძლიერი, თუ არ იქნება ძლიერი თბილისი და ძლიერი რეგიონები. ძალიან ბევრი რამ გაკეთდა იმისათვის, რომ თითოეულმა დაინტერესებულმა ადამიანმა მონაწილეობა მიიღოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ეს არის ის მიდგომა, რაც ძალიან სჭირდება რეგიონების განვითარებას. განსაკუთრებით მინდა მივმართო ახალგაზრდებს, ჩვენი ქვეყნის მომავალს – მათი ინტელექტი, ახალგაზრდული ენერგია, ჟინი და მოტივაცია გამოიყენონ ქვეყნის საკეთილდღეოდ და მაქსიმალურად ჩაერთონ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ჩვენი მხრივ გპირდებით, რომ თქვენთან ერთად გავაგრძელებთ ძლიერი, ევროპული სახელმწიფოს მშენებლობას, სადაც ყველას ექნება საკუთარი შესაძლებლობების გამოყენების საშუალება. ჩვენი გუნდის მთავარი საზრუნავი და ღირებულება ყოველთვის იყო ადამიანი და გავაკეთებთ მაქსიმუმს იმისათვის, რომ თითოეულმა ადამიანმა სწორედ ჩვენს ქვეყანაში შეძლოს საკუთარი თავის რეალიზება, თანაბარი შესაძლებლობების პირობებში და მათი შრომა გახდეს დაფასებული.დღეს ჩვენ გვაქვს ევროპული ტიპის საპარლამენტო რესპუბლიკა. პარლამენტი, თავის მხრივ, ყოველთვის იქნება როგორც მთავრობის, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის გვერდით, რათა ხელი შევუწყოთ ქვეყნის ეკონომიკურ აღმავლობას და განვითარებას. „ქართული ოცნების“ პოლიტიკა იზიარებს ჩვენი ხალხის ისტორიულ არჩევანს და ეს არის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პოლიტიკა. ევროინტეგრაცია არ არის მხოლოდ ჩვენი პოლიტიკური არჩევანი, ეს ისტორიული არჩევანია და ჩვენი თვითმყოფადობის შენარჩუნების საუკეთესო გზა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შეძლო ახალ დონეზე აეყვანა ევროკავშირთან, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ნატოსთან სტრატეგიული პარტნიორობა. დღეს ეს ურთიერთობები უმაღლეს ისტორიულ ნიშნულზეა. ჩვენი მიზანია დავუბრუნდეთ ევროპულ ოჯახს და ჩვენ ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ. დღეს, ისე როგორც არასდროს გვჭირდება გამარჯვებები. ჩვენ უნდა გვჯეროდეს ჩვენი ქვეყნის გამარჯვების და წარმატების.გამარჯვებაა, როცა თითოეული ოჯახი იქნება ძლიერი. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ სიღარიბეზე, გამოწვევებზე, რომელიც სამწუხაროდ განუყოფელი ნაწილია ჩვენი ცხოვრების და აუცილებელია რომ მათთან გამკლავება იყოს ბრძოლის მთავარი მიზანი. შემდეგი სამი წელი ქვეყანაში უნდა დაეთმოს მხოლოდ და მხოლოდ წინსვლას, რეფორმებს - დაწყებული რეფორმების დასრულებას და ახალი რეფორმების დაწყებას. რა თქმა უნდა, მთავარ გამოწვევად ჯერ კიდევ რჩება ოკუპაცია. მე მინდა მივესალმო ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს და დებს და დავპირდე, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ერთად, გამთლიანებულ და მშვიდობიან საქართველოში ვიცხოვროთ. საქართველო მოწინავე ქვეყანაა რეგიონში, თუმცა ეს საკმარისი არ არის. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო, გამორჩეული ქვეყანა ვართ და ამას ჩვენ შევძლებთ შრომითა და საყოველთაო ეროვნული ერთიანობით. მე მჯერა, რომ ჩვენ, ყველას გვინდა ვიხილოთ გაერთიანებული, ძლიერი, მიზანდასახული, შეუპოვარი და რაც მთავარია გამარჯვებული საქართველო და ეს შეუძლებელია, თუ არ ვიდგებით ერთად! ერთად უნდა ავაშენოთ ეს ქვეყანა იმ წინაპრებისა და გმირების სახელით, რომლებმაც თავი შესწირეს საქართველოს დამოუკიდებელობისთის და ერთიანობისთის ბრძოლას. ჩემთვის არსებობს ერთადერთი, მსოფლიოში გამორჩეული ისტორიის, კულტურის, რწმენისა და ევროპული მომავლის მქონე, ძლიერი და გაერთიანებული საქართველო. მაშინაც, როცა მივიღე გადაწყვეტილება ჩვენს დიდ გუნდთან ერთად დამეწყო პოლიტიკური საქმიანობა ვთვლიდი და დღესაც დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ უალტერნატივო პოლიტიკური ძალაა. მოგიწოდებთ ყველას, მივიდეთ არჩევნებზე და გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთო არჩევანი. დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა არჩევანს გააკეთებს პროგრესის, სტაბილურობის, ადამიანის თავისუფლებისა და ღირსების სასარგებლოდ. მე მჯერა, რომ 30 ოქტომბერი „ქართული ოცნების“, ქართული სახელმწიფოს გამარჯვებით დასრულდება და ეს გამარჯვება იქნება გარანტი განვითარების, სტაბილურობისა და სიმშვიდის. ჩემი ოცნებაა, რომ ჩემმა სამმა შვილმა და თქვენმა შვილებმა იცხოვროს ევროპულ, დემოკრატიულ, უსაფრთხო და ერთიან საქართველოში და ეს ოცნება აუცილებლად ახდება. ერთად მივიყვანოთ გამარჯვება ბოლომდე!

27 ოქტომბერი, 2021

საქართველოს ვიცე-პრემიერის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის თეა წულუკიანის სიტყვით გამოსვლა „ქართული ოცნების“ შემაჯამებელ აქციაზე

ძვირფასო თანამებრძოლებო, მოგესალმებით, მადლობა, პირველ რიგში, ნდობისთვის, ამდენწლიანი მხარდაჭერისთვის, გამძლეობისთვის. მე მინდა დავიწყო და ჩემი დღევანდელი გამოსვლა მივუძღვნა ჩემზე უფროს თაობებს და ჩემზე უმცროსებს, ახალგაზრდებს. ჩვენ, ვინც ვართ დღეს აქ, ხელისუფლებაში ზოგმა გადაიარა 40 წელი, ზოგმა 50 წელიწადსაც მივუკაკუნეთ. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვინმემ კი არ გვიამბო, როგორ მოიპოვა ამ ქვეყანამ დამოუკიდებლობა, ჩვენ ეს ვნახეთ ჩვენი თვალით, როდესაც ვიყავით ბავშვები და ახალგაზრდები. ჩვენ ვნახეთ, რომ ჩვენმა უფროსმა თაობებმა დიდი გასაჭირი გამოიარეს, ბევრი ბრძოლა გადაიხადეს. ეს ის დრო იყო, როდესაც ჩვენს ქვეყანას არ ჰქონდა თავისი დამოუკიდებელი სახელმწიფოს დროშა, ჰიმნი, არ ჰყავდა ჯარი და გვარდია, არ ჰყავდა თავისი დამოუკიდებელი სახელმწიფოს პოლიცია, სამაშველო სამსახური. ისინი იბრძოდნენ სუვერენიტეტისთვის, მათ შემოგვინახეს რწმენა, რომელსაც დღეს ებრძვის ბოროტი ძალა. მათ შემოგვინახეს ენა, შემოგვინახეს კულტურა და შემოგვინახეს ჩვენი სამშობლო. ჩვენი თაობა და ასაკი ასევე ნიშნას იმას, რომ ჩვენ ჩვენი თვალით ვნახეთ სისხლი, ჩვენი თაობის, ჩვენი ასაკის გოგო-ბიჭების დაღვრილი სისხლი, აი, აქ, რუსთაველზე, ასევე, ქვეყნის სხვადასხვა ადგილას ომებსა და ბრძოლებში დაღვრილი სისხლი. ასეთი ბავშვობიდან და ახალგაზრდობიდან მოვდივართ ისინი, ვინც ვართ დღეს ხელისუფლებაში. მადლობა წინა თაობებს, ვინც მოგვიყვანა დღემდე იმისთვის, რომ დღეს ჩვენ აქ, თავისუფლების მოედანზე, ერთად ვმდგარიყავით. მე მინდა შევახსენო ყველას, როგორც ჩემი თაობის წარმომადგენელმა, რომ დღეს ჩვენ, „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლება დემოკრატიული წესით გვაქვს მოპოვებული. სააკაშვილო, გამოიხედე ციხის საკნიდან! ნახე, რამდენი თავისუფალი ქართველია აქ, რომელსაც ახსოვს შენი მოძალადეობრივი რეჟიმი, რომელსაც არ უნდიხარ! დღეს ჩვენ კვლავ ვიბრძვით მის წინააღმდეგ. ხომ ბევრს გეგონათ ჩვენო მხარდამჭერებო, რომ თუ ეს დიდი ბოროტება ჩაჯდებოდა ციხეში, ბრძოლაც დამთავრდებოდა, არა, უკეთესი საქართველოსთვის ბრძოლა ასე მარტივად არ მთავრდება. ასე ცხოვრობდა ყველა ამ მიწაზე ჩვენამდე და ჩვენც წინ გვაქვს კიდევ ახალი და ბევრი ბრძოლები. მე სახლში ერთ პატარა გოგოს ვზრდი, ქართველ გოგოს, რომელიც არის მეგრელი პატარა გოგო. რომ არა ბედის უკუღმართობა - მასავით პატარა გოგოები და ბიჭები უკვე საუბედუროდ არის ასეულობით ათასობით ქვეყანაში დევნილი საკუთარი სოხუმიდან, საკუთარი ქალაქიდან, რომ არა ეს უბედურებები, ეს ბავშვები არა თბილისში, არამედ აფხაზეთში, სამაჩაბლოში უნდა დაბადებულიყვნენ. შაბათს მე მოვუწოდებ ყველა დედას, არჩევნებზე მივიდეთ. ქართველ დედებს არ გვეკადრება, რომ ამ ბავშვებს დაუტოვოთ ჩვენი საბრძოლველი ბრძოლები. შაბათს ერთ მხარეს დევს ბოროტება, რომელმაც ჩვენი შვილები ჩახოცა, ისეთ გაუაზრებელ ომში, რომ შემდეგ მიწასაც არ მიაბარა. შაბათს ერთ მხარეს დევს ის ფარისევლური ძალა, რომელიც ზეიმობდა ტერიტორიების დაკარგვას, ისედაც ერთი ბეწო საქართველოსი. მეორე მხარეს ვართ ჩვენ, დიახ ჩვენ. ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელმაც თუნდაც ერთი მაგალითი კმარა, რომ ეს ძალა დავახასიათოთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება. ჩვენმა ხელისუფლებამ, მსოფლიოში ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე ტრიბუნალიდან, სტრასბურგიდან სახლში ჩამოუტანა ჩვენს შვილებს ვერდიქტი, სასამრთლო ვერდიქტი, არა პოლიტიკური განცხადება, არა პოლიტიკური პრანჭიაობა, არამედ ვერდიქტი, რომელშიც წერია, რომ ქართველები, აფხაზები, ოსები ძმები არიან და რომ ომი არის ცუდი. რომ დევნილები უნდა დავბრუნდეთ, რომ ჩვენი შვილები უნდა დაბრუნდნენ რომ ჩვენი შვილები უნდა დაბრუნდნენ თავიანთ თანატოლებთან, ამისათვის ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ. რა კავშირი აქვს ამას შაბათის არჩევნებთან? კავშირი არის მარტივი. იმიტომ რომ ერთ მხარეს არის სიყალბე, ქართველთმოძულეობა, ადამიანთმოძულეობა, ფსევდოევროპელობა და მეორე მხარეს არის გულწრფელი ძალა. სია, თუ რა ვაკეთეთ არის გრძელი, ამისათვის მე დღეს დრო არ მეყოფა, მაგრამ ჩვენ დღეს გვყავს დამოუკიდებელი სასამართლო აღმასრულებელი ხელისუფლებისგან, რომლის წინაშე ჩივილსაც თქვენ აზრიანად მიიჩნევთ, ჩვენ დღეს გვაქვს საპატიმრო, სადაც პატიმარს ციხის ინსპექტორის არ ეშინია, დღეს ჩვენ გვყავს პრემიერ-მინისტრი, რომელიც აქ ბრძანდება და რომელიც არის ის, ვინც ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას არა თავისთვის, არა ჩემთვის და ჩემნაირებისთვის, არამედ თქვენთვის, ახალგაზრდებისთვის. ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელმაც გახსნა საზღვრები ევროკავშირთან და ნატოსა და ევროკავშირის კარზე კაკუნი, რომელიც მატყუარა სააკაშვილმა კი არ დაიწყო, ეს დაიწყო იმ დიდმა ჯგუფმა ქართველი დიპლომატების, რომელთაგან ზოგი გარდაცვლილია, ზოგი დღეს ასაკშია. აი ეს კაკუნი, ჩვენ ამ პროცესის შედეგი დავაყენეთ და არ დარჩა უბრალოდ კაკუნად. წინ გრძელი გზაა ევროპაში იმ კუთვნილი ადგილის დამკვიდრებამდე, რაც ჩვენ შვილებს ნამდვილად ეკუთვნით.რა იქნება მომავალში? მომავალში ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყველაზე ორ დიდ მტერს ვებრძოლოთ, რომელიც ყველაზე ძნელი დასამარცხებელია. ეს არის მიმდინარე ოკუპაცია და ეს არის სიღარიბე. ეს არის ის ორი რეალური მტერი, რომელიც დღეს ჰყავს ჩვენს ქვეყანას. სამი წლის მანძილზე აღარ იქნება არჩევნები, მაგრამ არჩევნები ერთ დღეს ნამდვილად იქნება კონსტიტუციურ ვადებში. ჩვენი ხელისუფლების ვალია, რომ ხელისუფლება გადააბაროს არა ლეშიჭამიებს, არა ქართველთმოძულეებს, არა იმათ, ვინც ბნელი წარსულის მოციქულები არიან და ახლა საკნებიდან იჭყიტებიან, არა იმათ, ვინც ებრძვის ილია მეორეს, არა იმათ, ვინც ებრძვის სიწმინდეს, ხატს და ჯვარს, არა იმათ, ვისაც უნდა საკუთარი ფეხის ქვეშ დამონებული ქართველი, არამედ ახალ თაობებს, იმ ბავშვებს, რომლებიც დღეს შემოგვყურებენ და რომელთა მომავლისთვისაც ჩვენ ვდგავართ მაგრად, ვდგავართ მყარად და შაბათს გავიმარჯვებთ დამაჯერებლად.მადლობა ყველას, ყველანი მივდივართ შაბათს არჩევნებზე, ვიმარჯვებთ და ვაგრძელებთ შრომას. ის, რაც მე ჩამოვთვალე, ის, რასაც სხვები ჩამოთვლიან, ის სირთულეები, რაც ყველას ოჯახში ტრიალებს, რა თქმა უნდა, მოსაგვარებელია, ეს ჩვენი თაობის მძიმე ხვედრია, მაგრამ ეს ის ხვედრია, რომელიც რჩეულთა ხვედრია, ჩვენ ჩვენი შრომით შევძლებთ იმას, რომ ჩვენს ბავშვებს, ახალგაზრდებს უკეთეს საქართველოს გადავაბარებთ. ღმერთი გფარავდეთ! წინ გამარჯვებისკენ!

27 ოქტომბერი, 2021

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა შემაჯამებელ აქციაზე

მოგესალმებით, მეგობრებო, თანამებრძოლებო, მხარდამჭერებო, მოგესალმებით ჩვენს მოქალაქეებს,მოგესალმებით თავისუფლების მოედანზე შეკრებილ ათი ათასობით ადამიანს, რომლებიც აქ თავისუფლების იდეამ კიდევ ერთხელ შეგკრიბათ.2012 წელს, აქ, ამ მოედანზე შეკრებილმა ადამიანებმა, თავიანთი ერთიანობით, საფუძველი ჩაუყარეს ახალ სახელმწიფოებრივ წესრიგს, რომელიც დღემდე ადამიანის ღირსების, სახელმწიფოსა და ეკლესიის პატივისცემის, ჰუმანურობისა და თავისუფლების იდეების კარნახით მოქმედებს. მადლობა ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს, რომელიც 10 წლის წინ სათავეში ჩაუდგა ამ ბრძოლას თავისუფლებისთვის და ქართველ ხალხთან, ქართულ საზოგადოებასთან ერთად, დაამარცხა სიძულვილსა და სიცრუეზე აგებული დანაშაულებრივი რეჟიმი. ჩვენი პარტია - „ქართული ოცნება“ დღემდე ამ იდეების ერთგულია და მომართულია უზრუნველყოს ჩვენი ქვეყნის სწრაფი წინსვლა და განვითარება.ყველას მინდა მოგილოცოთ 2 ოქტომბრის გამარჯვება, რომელშიც თითოეული თქვენგანის წვლილი განსაკუთრებულია.30 ოქტომბერს ეს გამარჯვება ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. ბრძოლა ღირსებისთვის, თავისუფლებისთვის, მშვიდობისა და წინსვლისთვის გრძელდება.ჩვენ გვაქვს ჩვენი ქართული ოცნება. ეს არის ოცნება ერთიან საქართველოზე.ჩვენი ოცნებაა გაერთიანებული საქართველო - აფხაზეთისა და ცხინვალის, ჩვენი აფხაზი და ოსი ძმების და დების დაბრუნება. ჩვენი ოცნებაა ეროვნული ერთიანობა, სადაც ადამიანებს არ ყოფს სიძულვილი, არამედ აერთიანებს სიყვარული ერთმანეთისადმი, სამშობლოსადმი, ეროვნული ღირებულებებისადმი.ჩვენი ოცნებაა საქართველო ძლიერი ქალაქებით, ძლიერი სოფლებით, ძლიერი ოჯახებით.ჩვენი ოცნებაა, გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი.ამ ოცნებითა და მიზნებით შეიქმნა ჩვენი პარტია 2012 წელს და სწორედ ეს ოცნება და მიზნები, სამშობლოს სიყვარული და ეროვნული ფასეულობების ერთგულება მოგვცემს ძალას, დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ.სადაც არ არის სამართლიანობა და მშვიდობა, იქ არ არის წინსვლა და განვითარება. ჩვენ 30 ოქტომბერს გვიპირისპირდება არა ჯანსაღი პოლიტიკური ოპონენტი, არამედ რადიკალური ანტისახელმწიფოებრივი და ანტისაეკლესიო დაჯგუფება, რომელიც უკვე 18 წელია, არის მუდმივი საფრთხე ქართული სახელმწიფოსთვის და დემოკრატიისთვის. 30 ოქტომბერს ტარდება ბოლო არჩევნები 2024 წლამდე, დანაშაულებრივი დაჯგუფების ლიდერი კი ციხეში იხდის დამსახურებულ სასჯელს. არჩევნებში გამარჯვება და სააკაშვილის ციხეში ყოფნა ეს არის ორი ფაქტორი, რომელიც გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, საბოლოოდ დავამთავროთ ჩვენს ქვეყანაში პოლარიზაცია და ქვეყანა განვითარების სრულიად სხვა ეტაპზე გადავიყვანოთ. ამისთვის კი აუცილებელია, 2 ოქტომბრის გამარჯვება 30 ოქტომბერს ბოლომდე მივიყვანოთ. 30 ოქტომბერს ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გავაკეთოთ სწორი არჩევანი უსამშობლობასა და ქვეყნის სიყვარულს შორის, ძალადობასა და თავისუფლებას შორის, სიცრუესა და სიმართლეს შორის, სიძულვილსა და სიყვარულს შორის, არეულობასა და მშვიდობას შორის. 30 ოქტომბერს ერთხელ კიდევ უნდა გავაკეთოთ არჩევანი წინსვლის, საქართველოს ღირსეული მომავლის სასარგებლოდ. გამარჯვება მივიყვანოთ ბოლომდე!

27 ოქტომბერი, 2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოსვლა „ქართული ოცნების“ შემაჯამებელ შეკრებაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოსვლა „ქართული ოცნების“ შემაჯამებელ შეკრებაზე მოგესალმებით, ჩემო თანამოქალაქენო, ჩემო თანამებრძოლებო, ჩემო მეგობრებო. მივესალმები ჩვენს ღირსეულ, ამაყ, თავისუფლების მოყვარულ და დაუმარცხებელ ქართველ ხალხს, მივესალმები სრულიად საქართველოს! ჩემთვის დიდი პატივია, ძვირფასებო, ათიათასობით საქართველოს მოქალაქის, ამდენი გულანთებული, პატრიოტი ადამიანის წინაშე სიტყვით გამოსვლა. პირველ რიგში, მე მინდა გულწრფელი მადლობით დავიწყო ჩემი გამოსვლა. დიდი მადლობა თქვენი ერთგულებისთვის, თქვენი ნდობისთვის, თავდადებისთვის, თქვენი სიმტკიცისთვის, თქვენი ბრძოლისთვის, მადლობა დღეს აქ მობრძანებისთვის, დიდი მადლობა ყველას! დღეს, აქ, თავისუფლების მოედანზე შევიკრიბეთ თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები, ადამიანები, რომლებმაც 2012 წელს, სწორედ აქ, ამ ადგილზე ვაჩვენეთ ქართველი ხალხის ძალა და სიბრძნე, ქართველი ხალხის მტკიცე სურვილი, იცხოვრონ თავისუფალ, სამართლიან, დემოკრატიულ, მშვიდობიან და ძლიერ სახელმწიფოში, სახელმწიფოში, სადაც დაცულია ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, ადამიანის ღირსება და თავისუფლება, სადაც ადამიანი და მისი სიცოცხლე უმთავრესი ღირებულებაა. 2012 წელს, ჩვენი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, ამ ქვეყნის რიგითმა ჯარისკაცებმა მშვიდობიანი აქციით განვაიარაღეთ ავტორიტარული, ხალხის მჩაგვრელი რეჟიმი და ხელისუფლებას ჩამოვაშორეთ მკვლელების, ჯალათებისა და მოღალატეების პარტია, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული და ანტიეკლესიური ძალა. ჩვენ დავაფუძნეთ ის ღირებულებები და ფასეულობები, ჩემო ძვირფასებო, რომლითაც ქვეყანა დღემდე იმართება. ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივად შეძლო მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა, ჩვენ საფუძველი ჩავუყარეთ ფუნდამენტურ რეფორმებს, ჯანდაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის მიმართულებით, პროგრესი და წინსვლა ხელშესახებია ყველა სფეროში, საშინაო თუ საგარეო ფლანგზე, ყველა მიმართულებით, სახელმწიფო მოქალაქეს გვერდში დაუდგა, გავათავისუფლეთ დატერორებული ბიზნესი და მედია. რაც მთავარია, ხელისუფლება ხალხის სამსახურში ჩადგა და მოქალაქეზე ორიენტირებული გახდა. ხელისუფლება ხალხის ნაწილად იქცა, რომელიც უსმენს და გრძნობს მოქალაქეების მაჯისცემას და რაც მთავარია, ხელისუფლება ემსახურება ხალხს. დღეს, ჩემო ძვირფასებო, აღარავის უნდა მხოლოდ წარსულზე საუბარი, რადგანაც წინ უამრავი საქმე გვაქვს გასაკეთებელი, საქართველოს და ჩვენი ხალხის წინაშე მრავალი პრობლემა და გამოწვევაა. ვებრძვით პანდემიას, ვიმყოფებით ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, ტერიტორიების 20% სააკაშვილის გაუაზრებელი თუ მოღალატეობრივი პოლიტიკის შედეგად დროებით ოკუპირებულია,ეკონომიკა ჯერ კიდევ არ არის განვითარების იმ დონეზე, როგორც დემოკრატიაა, ჯერ კიდევ ბევრ ადამიანს სჭირდება დახმარება, დიდ გამოწვევად რჩება უმუშევრობა და სიღარიბე. დიახ, ჩვენ მომავალზე უნდა ავიღოთ სწორება, თუმცა, წარსულის გახსენება და შეხსენება ძალიან მნიშვნელოვანია.ისტორია ყველაზე კარგი მასწავლებელია და უნდა გვახსოვდეს საიდან მოვდივართ, რა გზა გამოვიარეთ და რომ აღარ უნდა დავუშვათ, აღარ უნდა გავიმეოროთ წარსულის შეცდომები, გამოუსწორებელი შეცდომები, სამოქალაქო ომი, ტერიტორიების დაკარგვა, ქვეყანაში კრიმინალური ბანდების თარეში, დიქტატორი სააკაშვილის მჩაგვრელი რეჟიმის მმართველობა...ჩვენ ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ აღვადგინეთ სამართლიანობა, დავაკავეთ მჩაგვრელი და მოძალადე რეჟიმის მთავარი შემოქმედები, ახალაია,  მერაბიშვილი, უგულავა, ციხის ჯალათები, მწამებლები და მკვლელები... სააკაშვილის ერთ-ერთი მთავარი ჯალათი, მეგის ქარდავა, რამდენიმე კვირის წინ ჩამოვიყვანეთ უკრაინიდან საქართველოში, 1 ოქტომბერს კი თავად ამ სისხლიანი და მოძალადე რეჟიმის მთავარ შემოქმედს, საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობაზე უარის მთქმელ, ქვეყნის მოღალატე და ხალხის მჩაგვრელ, საქართველოდან გაქცეულ და ახლახანს ლაჩრულად, ქურდულად შემოპარულ მიხეილ სააკაშვილს კუთვნილი ადგილი დიდი ხნით მივუჩინეთ ციხეში.ადრე თუ გვიან, ძვირფასებო, სამართალი ყველასთან მივა და ჩვენ არავის ვაპატიებთ ჩვენი ხალხის ჩაგვრას,არავის ვაპატიებთ ჩვენი ტერიტორიების დაკარგვას,არავის ვაპატიებთ ჩვენი მიწის გაყიდვას,არავის ვაპატიებთ ჩვენი პატრიარქის, სასულიერო პირებისა და ქართული სახელმწიფოს ფუნდამენტის, მართლმადიდებლური ეკლესიის ლანძღვასა და შეურაცხყოფას.არ შემიძლია არ გავიხსენო ჩვენი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვები, რომ საქართველოს დასაკარგი და მოსაკვეთი არავინ ჰყავს. როგორი დანაშაულებიც არ უნდა ჰქონდეთ ჩადენილი კონკრეტულ პირებს, ჩვენ მათ მოვექცევით არა ისე, როგორც თავად იმსახურებენ, არამედ როგორც ამას ჩვენი ქვეყანა და თქვენ, ხალხი იმსახურებს. ჩვენ არ მოვექეცით და არ მოვექცევით მათ ისე, როგორც მტრებს, როგორც თავად ექცეოდნენ წლების განმავლობაში ჩვენს ხალხს, ჩვენ მათ ჩვენი ღირსებით, მაგრამ მკაცრად და სამართლიანად ვაგებინებთ პასუხს. დაე, ყველამ იცოდეს და კარგად გაიგოს, რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული და სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც კანონის უზენაესობა უმთავრესია და მართლმსაჯულება ყველასთვის თანაბრად განხორციელდება. ჩვენ დღეს, აქ შეკრებით ჩვენ მთელ მსოფლიოს ვაჩვენეთ ქართველი ხალხის არჩევანი, ქართველი ხალხის, თქვენი ძალა, ძალა, რომელიც დაამარცხებს ნებისმიერ ბოროტებას, ძალა, რომელიც დაასრულებს დესტაბილიზაციას, დაასრულებს ბოროტი ძალების რევანშს და ქვეყნის გრძელვადიან, სტაბილურ და მშვიდობიან განვითარებას უზრუნველყოფს. რამდენიმე დღეში, ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გავაკეთოთ რჩევანი. არა უბრალოდ არჩევანი ერთ და მეორე პოლიტიკურ პარტიას შორის, არამედ არჩევანი სამართლიანობასა და უსამართლობას, სიკეთესა და ბოროტებას, შორის, მშვიდობასა და ქაოსს, ზრუნვასა და ჩაგვრას, განვითარებასა და რეგრესს, საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყნის მომავალსა და წარსულში დაბრუნებას შორის.ეს არის ცივილიზაციური არჩევანი, ეს იქნება ჩვენი ხალხის არჩევანი, რომელიც კიდევ ერთხელ გაარკვევს, თუ რა სურს ჩვენს დიდებულ ხალხს, სურს, რომ დარჩენილი 20 მუნიციპალიტეტების მართვის სადავეები ანტიეკლესიურმა და ანტიეროვნულმა ძალებმა, მკვლელებმა და მწამებლებმა აიღონ და რეგიონებში შეიტანონ მუდმივი საბოტაჟი, ბოიკოტი, ქაოსი და არეულობა - თუ ჰუმანური, ნამდვილად დემოკრატიული, ევროპული და ეროვნული ღირებულებების მქონე პატრიოტმა ხელისუფლებამ, რომელსაც აქვს რეალური ხედვა და რესურსი, ჩვენი ხალხის უმრავლესობის ნდობა, ერთხელ და სამუდამოდ უზრუნველყოს ქვეყნის სტაბილური და მშვიდობიანი განვითარება?! აი ამ კითხვაზე ჩვენ უნდა გავცეთ პასუხი 30 ოქტომბერს. რამდენიმე დღეში მაქსიმალური მობილიზაციით კიდევ ერთხელ უნდა დავირაზმოთ, რათა 2 ოქტომბრის ტრიუმფალური გამარჯვება ბოლომდე მივიყვანოთ ! ჩვენ საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, მოგეხსენებათ, რომ მოვიარეთ მთელი საქართველო, უშუალოდ შევხვდით მოსახლეობას და მათი პრობლემები და გამოწვევები მოვისმინეთ, ხალხს სჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა, სამუშაო ადგილები, კეთილდღეობა და არა ეს არეულობა, ქაოსი, დესტაბილიზაცია, ბოიკოტი და რევანში! ჩვენ ერთად, ერთობლივი ძალისხმევით, ყველა პრობლემის დაძლევას შევძლებთ! მე დარწმუნებული ვარ და მტკიცედ მჯერა, მომდევნო წლები იქნება აღმშენებლობის, მშვიდობისა და სტაბილურობის წლები! გაერთიანების წლები!ჩემი დიდი სურვილია, დავასრულოთ დაპირისპირება და გავერთიანდეთ! გავერთიანდეთ ისევე, როგორც ამას ჩვენი ეროვნული განძი და კულტურის სიამაყე, ჩვენი წინაპრების შექმნილი ქართული პოლიფონია გვასწავლის, ჩვენი მრავალჟამიერი გვასწავლის, სადაც განსხვავებული ხმები ერთიან ჰარმონიას ქმნიან. ჩვენ ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ, თბილისი გაიმარჯვებს!ზუგდიდი გაიმარჯვებს! ქუთაისი გაიმარჯვებს! ბათუმი გაიმარჯვებს!ოზურგეთი გაიმარჯვებს! რუსთავი გაიმარჯვებს! ფოთი გაიმარჯვებს!თელავი გაიმარჯვებს! თიანეთი გაიმარჯვებს! ქარელი გაიმარჯვებს!ხაშური გაიმარჯვებს! ცაგერი გაიმარჯვებს! ბაღდათი გაიმარჯვებს !  წყალტუბო, სენაკი გაიმარჯვებს! მარტვილი გაიმარჯვებს!  ხობი გაიმარჯვებს! წალენჯიხა გაიმარჯვებს! ჩხოროწყუ გაიმარჯვებს !ხელვაჩაური გაიმარჯვებს და საქართველო გაიმარჯვებს!ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!

27 ოქტომბერი, 2021

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადება

პირველ რიგში, კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება და სტაბილურობა, ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული ევროპული მომავალი, ვისაც უნდა, რომ იცხოვროს ისეთ ქვეყანაში, სადაც ადამიანის უფლებების უზენაესობა აღიარებულია, შემოგვიერთდით ჩვენი პოლიტიკური გუნდის საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე, რომელიც იქნება ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეკრება. დღეს ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ უჩვენებს ყველას, რომ ღირებულებით არჩევანს სიკეთის, ჰუმანურობისა და პროგრესის სასარგებლოდ აკეთებს და ბოროტებას, ძალადობასა და რეგრესს მკაფიო უარს ეუბნება! ამავდროულად, მინდა მადლობა გადავუხადო იმ ათობით ათას ადამიანს, რომელიც დღეს თავისუფლების მოედანზე ქართული ოცნების საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ ღონისძიებას უერთდება და ღირებულებით არჩევანში საკუთარ მყარ პოზიციას აფიქსირებს. ასევე, მადლობას ვუხდით ძალიან ბევრ ჩვენს მხარდამჭერს, რომლებსაც დიდი სურვილი ჰქონდა დღეს ჩვენს გვერდით ფიზიკურად ყოფილიყო, თუმცა, კონკრეტული მიზეზების გამო ისინი შეკრებაზე მოსვლას ვერ ახერხებენ, მაგრამ სოციალური ქსელებისა და მედიის საშუალებით თვალს გვადევნებენ და, რაც მთავარია, ჩვენი შეკრების სულისკვეთებას თავიდან ბოლომდე იზიარებენ. კარგად გვესმის, რომ ხალხმრავალმა, ბოლო წლების ერთ-ერთმა ყველაზე მასშტაბურმა შეკრებამ, შესაძლოა, ჩვენი მოქალაქეებისთვის გადაადგილების პროცესში გარკვეული დისკომფორტი შექმნას, თუმცა, მადლობას ვუხდით ქართულ საზოგადოებას, რომელმაც ზუსტად იცის, რომ, როდესაც საქმე ქვეყნის მომავალს ეხება, ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ეს საკითხია. რაც შეეხება უშუალოდ შეკრებას, მოსალოდნელია, რომ მთელი რიგი პარტიული აქტივისტებისა და სამწუხაროდ, მედიების მხრიდან ტრადიციულად იქნება მცირე პროვოკაციები, ეცდებიან შექმნან დაძაბულობის ფონი, თუმცა ყველა ჩვენს მხარდამჭერს გთხოვთ და მოგიწოდებთ, ნუ აყვებით ამ მდარე პროვოკაციას. დარწმუნებული ვარ, ისინი ვერ შეძლებენ ჩვენი შეკრებისთვის ჩრდილის მიყენებასა და მათთვის სასურველი სურათის შექმნას. ბოლოს, კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია წლების მანძილზე ბრძოლით მოპოვებული თავისუფლების დაცვა, განვითარება თუ სამართლიანობა, შემოგვიერთდით და ყველას ერთად ვუჩვენოთ სად, რომელი ღირებულებების მხარეს დგას ჩვენი ქვეყანა და ქართული საზოგადოება! გამარჯვება მივიყვანოთ ბოლომდე!

26 ოქტომბერი, 2021

„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის შალვა პაპუაშვილის განცხადება

როგორც საზოგადოებამ იცის, რამდენიმე დღის წინ საარჩევნო ადმინისტრაციამ შეაჯამა 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგები. ამ შედეგების მიხედვით 64-დან 44 მუნიციპალიტეტში მერად არჩეულია ქართული ოცნების კანდიდატი, მეორე ტურებში გავიდა ყველა ჩვენი კანდიდატი, ქვეყნის მასშტაბით მოვიპოვეთ საკრებულოს მანდატების 65% და გავიმარჯვეთ ოპოზიციის მიერ გამოცხადებულ ხალხის ნდობის ე.წ. რეფერენდუმში.საერთაშორისო დამკვირვებლებმა არჩევნების დღე, ხმის მიცემის და დათვლის პროცესი შეაფასეს როგორც კარგად ორგანიზებული და ამაში ცესკოს როლი განსაკუთრებით აღნიშნეს. დღეს გვინდა, წინა არჩევნებთან შედარების ჭრილში, წარმოგიდგინოთ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ზოგიერთი სტატისტიკური მონაცემი.  ეს მონაცემები კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად ყალბი იყო ოპოზიციის მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ აგორებული ე.წ. „გაყალბებული არჩევნების“ კამპანია. პარლამენტის ექვსთვიანი საბოტაჟის პირობებში, რომელიც ფასილიტაციის და მედიაციის ფონზე მიდიოდა, ისინი რიცხვების მანიპულირებით და დასკვნების ფაბრიკაციით პირდაპირ ატყუებდნენ, როგორც ქართულ საზოგადოებას, ისე ჩვენს უცხოელ პარტნიორებს.  ჩვენ ვნახეთ, რომ წელსაც იყო იგივე მცდელობა. წელსაც ვიხილეთ ოპოზიცია, რომელიც აფრიალებდა ე.წ. გაყალბებულ ბიულეტენებს და ოქმებს, ქვეყნის მტრად და თავდასხმის ობიექტად აცხადებდა საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს. მაგრამ წელს საარჩევნო სტატისტიკით მანიპულაციის მათი მცდელობა თავიდანვე ჩაიშალა. გადამწყვეტი როლი ამაში საარჩევნო რეფორმისას ჩვენი ინიციატივით ჩადებული უბნების 10% გადათვლის მექანიზმმა შეასრულა, რაც სტატისტიკურად იმდენად დიდი და რეპრეზენტატული ოდენობაა, რომ ყოველგვარ სპეკულაციას წერტილი დაუსვა. ასევე განსაკუთრებით აღსანიშნავია ცესკოს აქტიური საკომუნიკაციო სტრატეგიის ფარგლებში ოპოზიციის ნებისმიერ დეზინფორმაციაზე მყისიერი რეაგირება. 2 ოქტომბრის არჩევნებამდე ჩვენ ვაცხადებდით, რომ ოპოზიცია არა 2 ოქტომბრისთვის და არჩევნებისთვის, არამედ 3 ოქტომბრისთვის და არეულობისთვის ემზადებოდა. ეს ჩვენი ვარაუდი გამართლდა. ჩვენ ვნახეთ, თუ რა იყო ოპოზიციის რეალური გეგმა და ამ გეგმას ერქვა მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა და მისი თაოსნობით ქვეყანაში დაპირისპირების და არეულობის მოწყობა. თუმცა, შესაბამისი სამსახურების მიერ მიხეილ სააკაშვილის დაკავებამ ეს გეგმა ჩაშალა. დღესაც, თუკი მათ კამპანიას მოვაცილებთ სრულად პოპულისტურ სატყუარებს, რომლებსაც არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ყალბი გაერთიანების დაანონსებით და ყალბი დაპირებების სახით გასცემენ, დავინახავთ, რომ მათი მთავარი გეგმა კვლავ მიხეილ სააკაშვილს უკავშირდება. დღესაც, მათი გეგმა არის არა 30 ოქტომბრის მეორე ტურისთვის მზადება, არამედ, მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური მდგომარეობით სპეკულირება. ამიტომ მოსალოდნელია რომ არჩევნებამდე დარჩენილი დღეების განმავლობაში და არჩევნების დღეს მაქსიმალურად ეცდებიან ამ თემით საზოგადოების დაზაფვრას და სხვადასხვა სახის პროვოკაციების მოწყობას. თუმცა, ისევე როგორც 2 ოქტომბერს, ამ ჯერზეც ჩვენ, ქართველ ხალხთან ერთად, მათ ამ გეგმების განხორციელების შესაძლებლობას არ მივცემთ.ქართველ ხალს არ უნდა ქაოსი, რადიკალური პოლიტიკური დღის წესრიგი და წარსულში დაბრუნება, არამედ მშვიდობიანი, პროგრესზე ორიენტირებული და ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული განვითარება.  ამიტომ მოვუწოდებ ყველას ვისთვისაც მნიშვნელოვანია ეროვნული ღირებულებები, ღირსება, თავისუფლება, მშვიდობა და განვითარება შევიკრიბოთ ხვალ 27 ოქტომბერს 17:00 სთ-ზე თავისუფლების მოედანზე და გამარჯვება მივიყვანოთ ბოლომდე.

25 ოქტომბერი, 2021

დასრულდა საქართველოს პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეხვედრები რეგიონების იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ჩატარდება

დასრულდა საქართველოს პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეხვედრები რეგიონების იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ჩატარდება. ბოლო შეხვედრა ხაშურში გაიმართა, სადაც პრემიერ-მინისტრი და მმართველი პარტიის თავმჯდომარე მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატს თენგიზ ჩიტიაშვილს, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს და მხარდამჭერებს შეხვდნენ.  შეხვედრას ესწრებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი ზაალ დუგლაძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლის მხარეში ვალერიან მჭედლიძე. პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მეორე ტურის წინასაარჩევნო შეხვედრები აჭარის, სამეგრელოს, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის, იმერეთის, ქვემო ქართლის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის რეგიონების 20 მუნიციპალიტეტში გამართეს.