03 აპრილი, 2023

„ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრსვლესობის სხდომა გაიმართა

უმრავლესობის წევრებმა მიმდინარე სასესიო კვირის პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს. 4 აპრილის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის ახალ წევრებად კენჭს გიორგი ჩაკვეტაძის, თენგიზ შარმანაშვილის, მერაბ ქვარაიას, სალომე ქურასბედიანის და ირაკლი კირცხალიას უფლებამოსილების საკითხს უყრიან. ხვალვე, უმრავლესობის წევრები საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარედ პაატა კვიჟინაძის, განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარედ კი - გივი მიქანაძის კანდიდატურებს დაუჭერენ მხარს. 5 აპრილს, დეპუტატები დაჩქარებული წესით განსახილველ საკითხებზე იმსჯელებენ, მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებზე საპროკურორო და საგამოძიებო ფუნქციების გადანაწილების შესახებ, რაც ევროკომისიის 12 რეკომენდაციის ერთ-ერთი პუნქტის შემადგენელი ნაწილია. ასევე, დეპუტატები კომიტეტების ანგარიშებს მოუსმენენ.

18 მარტი, 2023

ბორჯომში საპარლამენტო უმრავლესობისა და საქართველოს მთავრობის გასვლითი, სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ბორჯომში საპარლამენტო უმრავლესობისა და საქართველოს მთავრობის გასვლითი, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ - მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, მმართველი პარტიის გენერალური მდივანი, კახი კალაძე, აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, უმრავლესობის და მინისტრთა კაბინეტის წევრები. სამუშაო შეხვედრაზე განხილულ იქნა მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხები. საუბარი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესების გარდა, შეეხო საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის სამომავლო სამუშაო გეგმებს.

14 მარტი, 2023

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება

დღეს კიდევ ერთხელ გვსურს შევაჯამოთ საქართველოში გასული კვირის განმავლობაში განვითარებული მოვლენები. კიდევ ერთხელ გვინდა აღვნიშნოთ, რომ კანონპროექტმა უცხოელი აგენტების შესახებ ამოქმედების გარეშე მოიტანა იმაზე დიდი შედეგი, ვიდრე თუნდაც ამოქმედებით შეეძლო მოეტანა: პირველ რიგში, ყველამ აღიარა, რომ აგენტობა სათაკილოა, ვისი აგენტიც არ უნდა იყო - ჩრდილოეთის, დასავლეთის, სამხრეთის თუ აღმოსავლეთის; საზოგადოება ახლა უკვე ერთმანეთისგან უკეთ არჩევს უცხოური გავლენის აგენტებს ხალხის გავლენის აგენტებისგან. ყველასთვის ცხადი გახდა, რომ ის ორგანიზაციები, რომლებიც ცდილობდნენ ბაკურიანის გეგმის განხორციელებას, სცენიდან ითხოვდნენ მთავრობის გადადგომას, ცდილობენ ეკლესიის რეპუტაციის შერყევას, აწარმოებენ ლგბტ პროპაგანდას, უპირისპირდებიან ქვეყნის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას და ა.შ. - სინამდვილეში არა ქართველი ხალხის, არამედ უცხოური გავლენის აგენტები არიან; გარდა ამისა, კანონპროექტების გარშემო გაშლილი დისკუსია მომავალშიც ეფექტიანად აგვაცილებს თავიდან ბაკურიანის გეგმის განხორციელებას, ანუ ენჯეოების ჩართულობით ხელისუფლების გადატრიალებას. შეგახსენებთ, რომ ენჯეოების მეშვეობით ჩვენს ქვეყანაში 2003 წელს უკვე შედგა რევოლუცია, რომელმაც საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა, ავტორიტარიზმი, ადამიანების წამება, ბიზნესის რეკეტი, მედიის მიტაცება და ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია მოუტანა. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ უცხოური გავლენის აგენტების ხელით ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნებას ჩვენ არასოდეს დავუშვებთ. კანონპროექტი, რომლის ერთადერთი მიზანი არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა იყო, ამოქმედების გარეშეც გახდა ნამდვილი აგენტების ლუსტრაციის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი. გარდა ამისა, გასული კვირის განმავლობაში განვითარებულმა პროცესებმა კიდევ ერთხელ აჩვენა კოლექტიური ნაცმოძრაობის - გლობალური ომის პარტიის აგენტების ნამდვილი სახე. ამ პროცესებმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ნაცმოძრაობა უდრის ძალადობას. საზოგადოებას წინა ხელისუფლების პირობებშიც ახსოვს სპეცრაზმისა და მომიტინგეების ურთიერთდაპირისპირების მაგალითები. 2012 წლამდე სპეცრაზმი ძალადობდა მომიტინგეებზე, ხოლო ახლა მომიტინგეები ძალადობდნენ სპეცრაზმზე. ამას აქვს ერთადერთი ლოგიკური ახსნა - 2012 წლამდე ნაცმოძრაობა იდგა მოძალადე სპეცრაზმის უკან, ხოლო ახლა ნაცმოძრაობა იდგა მოძალადე მომიტინგეების უკან. იგივე ლოგიკით, 2012 წლამდე ნაცმოძრაობის მიერ მართული სპეცრაზმი ძალადობდა სახალხო დამცველზე, ახლა კი, სახალხო დამცველზე ნაცმოძრაობის მიერ მართულმა მომიტინგეებმა იძალადეს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ომბუდსმენზე თავდასხმა დღემდე არცერთ დიპლომატს, ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ან უცხოური გავლენის აგენტს არ დაუგმია. ეს ყველაფერი შეგვახსენებს, რომ სადაც არის ნაცმოძრაობა, იქ არის ძალადობა, იქნება ის ხელისუფლებაში თუ ოპოზიციაში. გასულ კვირაში, სპეცრაზმისა და მომიტინგეების ურთიერთდაპირისპირებაში ევროპა იყო არა მომიტინგეების, არამედ სპეცრაზმის მხარეს. კიდევ ერთხელ ვუხდით მადლობას თითოეულ პოლიციელს და სამართალდამცავებს, პირადად შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს ამისათვის. ხელისუფლებამ გასულ კვირაში კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი ჰუმანური სახე. ამის კიდევ ერთი გამოხატულება იყო კანონპროექტის გაწვევა იმ დროს, როდესაც სამართალდამცავ სტრუქტურებს მოძალადე ოპოზიციური დაჯგუფებების მიმართ სრული ძალისმიერი და მორალური უპირატესობა ჰქონდათ. ხელისუფლებისა და ნაცმოძრაობის ურთიერთდაპირისპირებაში კიდევ ერთხელ გათამაშდა „კავკასიური ცარცის წრე“. როდესაც ჩვენ დავინახეთ, რომ ნაცმოძრაობა „ბავშვს სასიკვდილოდ იმეტებდა“, ხელისუფლებამ მყისიერად გაუშვა მას ხელი. ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ რისკის ქვეშ ვერ დავაყენებდით ვერცერთი ადამიანის, ვერცერთი ახალგაზრდის ჯანმრთელობას და მით უმეტეს, სიცოცხლეს იმ პირობებში, როდესაც რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ნებისმიერი უმძიმესი პროვოკაციაც კი იყო მოსალოდნელი. უნდა აღინიშნოს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიმართ პროტესტი გამოხატეს ჩვენი ქვეყნის გულწრფელმა მოქალაქეებმაც. თუმცა, გასული კვირის განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა, ჩვენ მოგვცა ექსტრემისტული ახალგაზრდული პოლიტიკური დაჯგუფებების გაშიფვრის შესაძლებლობაც. სწორედ ამ დაჯგუფებების მეშვეობით იყო ორგანიზებული ძალადობრივი ქმედებები სახელმწიფოს წინააღმდეგ. თავად „ნაცმოძრაობასთან“, „გირჩი - მეტი თავისუფლებასთან“, „სირცხვილიასთან“ და „დროასთან“ ერთად, გასულ კვირაში გამოიკვეთა „ფრანკლინის კლუბის“ აქტიურობა. „ფრანკლინის კლუბი“ არის უცხოური გავლენის აგენტი, რომელიც ასეულობით ათასი ლარით ფინანსდება. მისი მხარდამჭერია ამერიკული ორგანიზაცია „ატლას ნეთვორქი“, რომელიც წარსულში არაძალადობრივ და ძალადობრივ პროტესტს აორგანიზებდა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, ასევე აქტიურად მუშაობდა „ბრექსიტზე“, ანუ ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გამოყოფაზე. „ფრანკლინის კლუბი“ პოლიტიკური აქტივიზმისთვის ახორციელებს როგორც სტუდენტების, ისე არასრულწლოვანი სკოლის მოსწავლეების რეკრუტირებას. სტუდენტების მობილიზაცია წარმოებს არსებითად ორი უნივერსიტეტის ბაზაზე. ესენია - კახა ბენდუქიძის მიერ თავის დროზე 1 ლარად მითვისებული „თავისუფალი უნივერსიტეტი“ და გიული ალასანიას მიერ ასევე 1 ლარად მითვისებული „საქართველოს უნივერსიტეტი“. აქტივობებისათვის „ფრანკლინის კლუბი“ აქტიურად იყენებს „საქართველოს უნივერსიტეტის“ ინფრასტრუქტურას. კლუბის მრჩეველთა საბჭოს წევრები არიან ორივე ზემოაღნიშნული უნივერსიტეტის რექტორები, ვატო ლეჟავა და კონსტანტინე თოფურია, აგრეთვე სხვა რეაქციონერი ნაციონალები, როგორებიც არიან ლევან რამიშვილი, გია ნოდია და სხვები. „ფრანკლინის კლუბში“ ტრენინგებს ატარებენ ზურაბ ჯაფარიძე, გიორგი მშვენიერაძე, გიორგი მელაძე და ოპოზიციის სხვა ექსტრემისტი ლიდერები, რომლებიც მსმენელებს რევოლუციურ გეგმებზე დაუფარავად ესაუბრებიან. გასულ კვირაში არსებითად სწორედ რადიკალური ოპოზიციის ექსტრემისტული ახალგაზრდული დაჯგუფებების მიერ იყო ორგანიზებული ძალადობრივი აქტები, რომლებიც სამართალდამცავი სტრუქტურების წინააღმდეგ განხორციელდა. ექსტრემისტული აქტივობები ძირითადად ხორციელდებოდა ჯინ შარპისა და პიტერ აკერმანის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელოების შესაბამისად. მათ შორის, სწორედ ამ სახელმძღვანელოებშია აღწერილი ისეთი სიმბოლური აქტები, როგორიცაა წყლის ჭავლთან დროშიანი მომიტინგის დაპირისპირება, სპეცრაზმელებთან ყვავილების მიტანა და ა.შ. აგენტების კანონის წინააღმდეგ აგორებულ პროტესტს წითელ ხაზად გასდევდა კამპანია, რომელიც ლიბერალური ფაშიზმის „საუკეთესო“ ტრადიციების შესაბამისად იყო დაგეგმილი. ორგანიზებული ჯგუფების მეშვეობით, ხორციელდებოდა უპრეცედენტო ზეწოლა პოლიტიკოსებზე, ცნობად სახეებზე და მათი ოჯახის წევრებზე, მათ შორის არასრულწლოვნებზე. გარდა ექსტრემისტული ახალგაზრდული პოლიტიკური დაჯგუფებებისა, ლიბერალური ფაშიზმის კამპანიაში დღემდე აქტიურად არიან ჩართული ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ყოფილი სახალხო დამცველი, რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერი ჟურნალისტები, ენჯეოების წარმომადგენლები, ისევე, როგორც რიგითი ნაციონალები. ლიბერალური ფაშიზმი ნაცმოძრაობის ძალადობრივი ბუნების კიდევ ერთი გამოხატულებაა. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ფაშისტური კამპანია, რომელიც უნივერსიტეტებსა და სკოლებში წარმოებდა. დაფიქსირდა ისეთი შემთხვევებიც კი, როგორიცაა სკოლის პედაგოგების მიერ საკუთარი მცირეწლოვანი მოსწავლეების მშობლების მოღალატეებად მოხსენიება, რაც ფაშიზმისა და ბოლშევიზმის უმძიმესი გამოხატულებაა. აგრეთვე დაფიქსირდა კამპანია საუნივერსიტეტო სასწავლო პროცესიდან პროფესორების ჩამოშორების მოთხოვნით. ამგვარი კამპანია საქართველოში ბოლოს წარმოებდა ზუსტად ერთი საუკუნის წინ ახალგაზრდა ბოლშევიკების მიერ, რომლებმაც საწინააღმდეგო შეხედულების მქონე პროფესორები (მათ შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამფუძნებელი, ივანე ჯავახიშვილი) უნივერსიტეტიდან გააძევეს. შემაშფოთებელი იყო ნაციონალი ლექტორების მიერ სახელმწიფო თუ კერძო უნივერსიტეტების პოლიტიკური პროპაგანდისთვის გამოყენება, რაც აკადემიური ეთიკის უხეში დარღვევაა. შეგახსენებთ, რომ ნაციონალი ლექტორები თავად შლიდნენ სასწავლო პროცესს, სტუდენტებს აქციებში მონაწილეობის სანაცვლოდ სთავაზობდნენ ნიშნების მომატებას და ა.შ. უნივერსიტეტების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაც ნაციონალური მოძრაობის უცვლელი ხელწერაა. დასასრულს, კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით გვინდა განვაცხადოთ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს არაფერი ქონდა საერთო რუსულ კანონთან. ამგვარი კანონები დიდი ხანია მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიასა და ისრაელში. ამჟამად, აქტიურად განიხილება ანალოგიური კანონების მიღება ევროკავშირში, დიდ ბრიტანეთსა და კანადაში. შესაბამისად, რადიკალური ოპოზიციისა და მისი მფარველების მიერ წარმოებული კამპანია ე.წ. რუსული კანონის შესახებ თავიდან ბოლომდე სიცრუეზე იყო დაფუძნებული. ათასობით ადამიანს გააპროტესტებინეს წაუკითხავი კანონი, რომელიც ენჯეოების დაფინანსების შესახებ მათივე ინფორმირებას ისახავდა ერთადერთ მიზნად. ეს იყო ერთგვარი „საუკუნის პიარ-თაღლითობა“, რომლის მთავარი მიზანი ძალადობრივი გზით ხელისუფლების გადატრიალება იყო. ეს გეგმა ჩავარდა, რადგან მას დაუპირისპირდა ჰუმანური, მაგრამ ძლიერი სახელმწიფო სისტემა, რომელიც დგას და კვლავაც მყარად იდგება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სადარაჯოზე. რაც შეეხება რუსულ ფაქტორს: სრული პასუხისმგებლობით გვინდა განვაცხადოთ, რომ რადიკალურ ოპოზიციას შარშანწინ, შარშან ან წელს თავისი რევოლუციური გეგმები რომ აღესრულებინა, თბილისში დღეს რუსული ტანკები იდგებოდა. ისინი ზუსტად ისევე შემოუძღვებოდნენ საქართველოში რუსულ ტანკებს, როგორც ეს 2008 წელს გააკეთეს. დღეს სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაა იმის გარანტი, რომ საქართველოში არ განხორციელდება მეორე ფრონტის სცენარი, რაც ჩვენს ქვეყანას რუსულ სამხედრო-პოლიტიკურ ინტერვენციას და უკრაინაზე მძიმე შედეგებს მოუტანდა. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ საქართველო შეინარჩუნებს მშვიდობას და განაგრძობს სწრაფ ეკონომიკურ ზრდას ჩვენი ქვეყნის ჭეშმარიტად ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად. ჩვენ ვივლით წინ ღირსებით ევროპისკენ! ღრმად გვწამს, რომ ევროკავშირის წევრობა არა ღირსებისა და დამოუკიდებლობის დათმობის ხარჯზე, მონური დამოკიდებულებითა და ცალ ფეხზე დგომით, არამედ მხოლოდ ღირსებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებით არის შესაძლებელი!

09 მარტი, 2023

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის ერთობლივი განცხადება

საზოგადოებას გვინდა ვაცნობოთ, რომ გაიმართა კონსულტაციები „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გარშემო მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით. ვხედავთ, რომ მიღებულმა კანონპროექტმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. სიცრუის მანქანამ შეძლო კანონპროექტის უარყოფითად წარმოჩენა და საზოგადოების გარკვეული ნაწილი შეცდომაში შეიყვანა. კანონპროექტს მიაკერეს „რუსული კანონის“ ყალბი იარლიყი, ხოლო მისი პირველი მოსმენით მიღება საზოგადოების ნაწილის თვალში ევროპული კურსიდან გადახვევად წარმოაჩინეს. გარდა ამისა, რადიკალურმა ძალებმა შეძლეს ახალგაზრდების ნაწილი კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში ჩაეთრიათ. მადლობა გმირ სამართალდამცავებს, რომლებმაც ძალადობას მოთმინებითა და უმაღლესი სტანდარტით უპასუხეს. ჩვენ ყველაზე მეტად უნდა გავუფრთხილდეთ მშვიდობას, სიმშვიდესა და ეკონომიკურ განვითარებას ჩვენს ქვეყანაში, ისევე, როგორც საქართველოს წინსვლას ევროპული ინტეგრაციის გზაზე. შესაბამისად, აუცილებელია, თითოეული ჩვენი თანამოქალაქის ენერგია არა დაპირისპირებაზე, არამედ ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარებაზე დაიხარჯოს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, როგორც საზოგადოების თითოეული წევრის წინაშე პასუხისმგებელმა მმართველმა ძალამ, მივიღეთ გადაწყვეტილება, უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე გავიწვიოთ ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი. ემოციური ფონის ჩაცხრომასთან ერთად, საზოგადოებას უკეთ განვუმარტავთ, თუ რას ემსახურებოდა კანონპროექტი და რატომ იყო მნიშვნელოვანი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა ჩვენს ქვეყანაში. ამისათვის, დავიწყებთ შეხვედრებს მოსახლეობასთან და ფართო საზოგადოებას გავაგებინებთ სიმართლეს საკითხის თითოეულ დეტალთან დაკავშირებით. ჩვენ ვმოქმედებთ იმ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით, რომელიც, როგორც მმართველ ძალას, საზოგადოების თითოეული წევრის წინაშე გვაკისრია. საქართველო შეინარჩუნებს მშვიდობასა და სტაბილურობას და განაგრძობს სვლას ღირსებით ევროპისკენ, რაც ქართული საზოგადოების პრინციპული არჩევანია.

08 მარტი, 2023

ირაკლი კობახიძის განცხადება

გუშინ თბილისში განვითარდა მოვლენები, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, უსიამოვნო სანახავი იყო ჩვენი თანამოქალაქეების უდიდესი უმრავლესობისთვის. რადიკალურმა ოპოზიციამ და მისმა მედიასაშუალებებმა საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი დაარწმუნეს, რომ პარლამენტის მიერ მიღებული ამერიკული კანონი იყო რუსული, რამაც გუშინ ადამიანების გულწრფელი ვნებათაღელვა გამოიწვია. თუმცა, როგორც ყოველთვის, რადიკალურმა ოპოზიციამ სცადა, ეს გულწრფელი ვნებათაღელვა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისა და დავალებების აღსრულებისთვის გამოეყენებინა. რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერების მხრიდან დაფიქსირდა უპრეცედენტო ძალადობა სამართალდამცავებზე. თუ 2012 წლამდე ნაციონალური მოძრაობის დავალებით, სამართალდამცავები ძალადობდნენ მომიტინგეებზე და სახალხო დამცველზე, გუშინ იმავე ნაციონალური მოძრაობის დავალებით, მომიტინგეები ძალადობდნენ სამართალდამცავებზე და სახალხო დამცველზე. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ეს ადამიანები არასოდეს შეიცვლიან საკუთარ ბუნებას, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი - ხელისუფლებაში თუ ოპოზიციაში. მნიშვნელოვანია, ყველამ, ვინც გუშინ უხეშად არღვევდა კანონს და ძალადობდა, კანონის მთელი სიმკაცრით აგოს პასუხი. გამოვთქვამთ გულისტკივილს თითოეული მშვიდობიანი მომიტინგის გამო, რომელმაც გუშინ თუნდაც უმნიშვნელო დაზიანება მიიღო. მადლობას ვუხდით თითოეულ პოლიციელს და სამართალდამცავს გუშინდელი მოთმინებისთვის და ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტით მოქმედებისთვის. კიდევ ერთხელ გვინდა გავამახვილოთ ყურადღება ორ საკითხზე, რომელზეც უკანასკნელ დღეებში რადიკალების მიერ გაშლილი კამპანია იყო აგებული: ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოური გავლენის აგენტებად მოხსენიება და საქართველოს ევროპული მომავალი. პირველ რიგში, კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი არ ეხება ჯაშუშურ საქმიანობას. კანონპროექტი აზუსტებს მხოლოდ იმას, თუ ვისი კეთილსინდისიერი თუ არაკეთილსინდისიერი მიზნებისა და ამოცანების რეალიზებას ემსახურებიან კონკრეტული ორგანიზაციები - ქართველი ხალხის თუ უცხოური ძალის. რაც შეეხება ჯაშუშის (და არა უცხოური გავლენის აგენტის) იარლიყის მიწებებას. ამასთან დაკავშირებით, გვინდა შეგახსენოთ, რომ ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც რუსეთის ფედერაციას საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ჩააბარა და შემდეგ მოღალატეობრივ რეზოლუციაზე ხელი მოუწერა, ჯერ კიდევ 2012 წლიდან მოიხსენიებს „ქართულ ოცნებას“ პრორუსულ ძალად. ამ იარლიყს გვაწებებდნენ ისინი, როდესაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ვაწერდით ხელს, ხელს ვაწერდით თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ევროკავშირთან, მივიღეთ ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, უპრეცედენტოდ გავაფართოეთ თანამშრომლობა ნატოსთან. ჩვენ არ გვახსენდება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვა სუბიექტების მღელვარება, როდესაც რადიკალური ოპოზიცია ჩვენი ხელისუფლების სტიგმატიზაციას ცდილობდა. სამწუხაროდ, არ გვახსენდება იარლიყების მიწებების დაგმობა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების შედარება სანდრო ახმეტელთან და ტიციან ტაბიძესთან, როდესაც რადიკალები იარლიყებს გვაწებებდნენ. სამაგიეროდ, დღეს კონკრეტული ძალები სანდრო ახმეტელსა და ტიციან ტაბიძეს ადარებენ გიგა მაქარაშვილს და ბაია პატარაიას, რომლებიც, თავისი არსით, ჩვენი ღირსეული წინაპრების სრული ანტიპოდები არიან. ამავე დროს, გვინდა შეგახსენოთ, რომ სანდრო ახმეტელიც და ტიციან ტაბიძეც სწორედ ჯაშუშებმა დახვრიტეს, ჯაშუშებმა მოკლეს ილია ჭავჭავაძეც, ჯაშუშები შემოუძღვნენ 1921 წელს რუსულ ჯარს საქართველოში. თავის დროზე ჯაშუშებისთვის თავისი სახელი რომ დაერქმიათ, საქართველო ბევრ ტკივილს აიცილებდა თავიდან. დღეს ბოლშევიკური სული ცოცხლობს თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეებში და გიგლა ბერბიჭაშვილებში - მიხეილ სააკაშვილში, გიგა ბოკერიაში, გიორგი ვაშაძეში, ზურაბ ჯაფარიძეში, ლევან ხაბეიშვილში და რადიკალური ოპოზიციის სხვა ლიდერებში. მათ მიერ ბაკურიანის ცნობილ შეხვედრაზე გაწერილი გეგმა რომ განხორციელებულიყო, გასული წლის ივნისში მოხდებოდა ხელისუფლების გადატრიალება და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ - დღეს თბილისში რუსული ტანკები იდგებოდა. ისინი ზუსტად ისევე შემოუძღვებოდნენ რუსულ ტანკებს საქართველოში, როგორც ეს 2008 წლის აგვისტოში გააკეთეს. საქართველოში 2003 წელს მოხდა ჯაშუშების რევოლუცია, რომელმაც საქართველოს ანტიევროპული 9 წელი - ადამიანების წამება, ბიზნესის რეკეტი, მედიის მიტაცება და საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის დაკარგვა მოუტანა. მაშინ ჯაშუშებმა შეძლეს მანიპულირება საზოგადოების გულწრფელი ემოციებით და პრინციპული შეცდომა დააშვებინეს. დღეს ქართული საზოგადოება საკმარისად მომწიფებულია იმისათვის, რომ იმავე ჯაშუშების ახალი რევოლუცია და ქვეყნის წარსულში დაბრუნება არ დაუშვას. საქართველო არის სახელმწიფო და ქვეყნის არევის ყველა მსურველი კანონის ფარგლებში, კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს. საბოლოოდ, ვნებათაღელვა ჩაცხრება და საზოგადოებას შედეგად დარჩება არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსების გამჭვირვალობა, რომელსაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უზრუნველყოფს. საზოგადოებას ზუსტად ეცოდინება, ვისი დაფინანსებით გაიმართა ბაკურიანის შეკრება, ვინ აფინანსებს „სირცხვილიას“, „დროას“ და სხვა ექსტრემისტულ ორგანიზაციებს, ვისი დაფინანსებით წარმოებს მართლმადიდებელი ეკლესიის საწინააღმდეგო ბოლშევიკური პროპაგანდა, ვისი დაფინანსებით ფერხდება ქვეყნის ენერგეტიკული განვითარება და სხვა. ვფიქრობთ, რომ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია ამ ყველაფრის შესახებ და ამის მიხედვით უნდა გამოიტანოს დასკვნები. ამ ყველაფერს არაფერი აქვს საერთო ევროპასთან და ევროპულ ღირებულებებთან. თუ ჩვენ სახელმწიფოს არ დავიცავთ ჯაშუშების გეგმებისგან, არა მხოლოდ ევროკავშირის წევრები ვერ გავხდებით, არამედ სუვერენიტეტსაც დავკარგავთ. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ცალ ფეხზე სიარულით, ევროკავშირში ვერასოდეს შევალთ. როდესაც ხელისუფლების მიერ ევროპული ინსტიტუტების პატივისცემაზეა საუბარი, გვინდა შეგახსენოთ, რომ დაპირებისამებრ, ჩვენ უკვე გავაგზავნეთ კანონპროექტი ვენეციის კომისიაში დასკვნის მისაღებად და შესაბამისად, მისი განხილვა მხოლოდ რამდენიმე თვეში, ვენეციის კომისიიდან დასკვნის მიღების შემდეგ გაგრძელდება. აქედან ჩანს, თუ სინამდვილეში რამდენად უსაფუძვლოა წუხილი, რომელიც კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას უკავშირდება. საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მომავალს და 90 პროცენტზე მეტი ნდობას უცხადებს მართლმადიდებელ ეკლესიას. აქედან ცხადად ჩანს, რომ ეკლესიის მაგინებლები ვერასოდეს შეიყვანენ საქართველოს ევროკავშირში. ჩვენ ვივლით წინ ქრისტიანობით ევროპისკენ! ჩვენ ვივლით წინ სუვერენიტეტით ევროპისკენ! ჩვენ ვივლით წინ ღირსებით ევროპისკენ!

07 მარტი, 2023

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადება

როგორც მოგეხსენებათ, დღეს საქართველოს პარლამენტმა მიიღო უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება და პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.პირველ რიგში, მადლობას ვუხდი რა თქმა უნდა ყველა პარლამენტარს, რომელმაც ზეწოლისა და მუქარის მცდელობის მიუხედავად, მხარი დაუჭირა ამ კანონპროექტს.როგორც ქართული, ისე ამერიკული კანონპროექტის მიმართ რადიკალურ ოპოზიციას და მის მედიასაშუალებებს ფართოდ ჰქონდათ გაშლილი სიცრუეზე აგებული კამპანია.თავიდან ბოლომდე სიცრუეზე დაყრდნობით ცდილობდნენ კანონპროეტებისთვის რუსული კანონის იარლიყი მიეკერებინათ. გარდა ამისა, ვრცელდებოდა უამრავი სიცრუე, რომ ამ კანონპროექტით აგენტებად გამოცხადდებოდნენ სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანები, შეიზღუდებოდა მათი საქმიანობა , საუბარი იყო შშმ პირთა მიმართ მზრუნველობაზე და ამის შეზღუდვაზე, სოფლის მეურნეობის პროექტების გაჩერებაზე, საუბარი იყო სტუდენტებისთვის აგენტის წოდებაზე , რომლებიც იღებენ დაფინანსებას უცხოეთიდან. ეს ყველფერი არის მარტივი, მტკნარი სიცრუე , რაც მარტივად დასტურდება ელემენტარულად ამ კანონპროექტის შინაარსის გაცნობით, თუმცა თქვენ ხედავთ რომ არავინ ინტერესდებოდა რეალურად ამ კანონპროექტების შინაარსით, თავიდან ბოლომდე წარიმართებოდა ზედაპირული სიცრუეზე აგებული კამპანია, იარლიყების მიკერებით, სტიგმატიზაციით, რასაც არაფერი საერთო არ ქონდა სინამდვილესთან. ეს ყველაფერი არის ტყუილი და ჩვენ ამასთან დაკავშირებით ეტაპობრივად მივაწვდით ინფორმაციას ბუნებრივია საზოგადოებას. სინამდვილეში, ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ რამეს - ეს არის უცხოური დაფინანსებით მოქმედი არასამეწარმეო იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების საქმიანობის გამჭვირვალობა. ეს არის ერთადერთი საკითხი რაც წესრიგდება ამ კანონპროექტით . ქართული კანონის თანახმად, უნდა შეიქმნას რეესტრი, რომელშიც აისახება ყველა ამგვარი ორგანიზაციის შემოსავლებისა და ხარჯების ყოველწლიური ანგარიში. ეს არის ერთადერთი რამ , რასაც ითვალისწინებს ჩვენს მიერ მიღებული კანონპროექტი. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების გამჭვირვალობის მიმართ აგრესიული დამოკიდებულება შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ იმას, ვისაც რაღაც მნიშვნელოვანი აქვს დასამალი.ვფიქრობთ, საზოგადოების ინტერესებშია იცოდეს, ვისი დაფინანსებით ცდილობენ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები მაგალითად ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის დასუსტებას, მაგალითად აგინებენ ეკლესიას, ვისი დაფინანსებით აყალბებენ არჩევნების პარალელური ხმის დათვლის შედეგებს, სცენიდან ითხოვენ მთავრობის გადადგომას და ა.შ. ასეთი ფაქტების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია და მე მგონი საზოგადოებისთვის საინტერესოა ვის მიერ ფინანსდებიან, რა დაფინანსებით მოქმედებენ შესაბამისი ორგანიზაციები, ეკლესიის მაგინებლები , მთავრობის გადადგომის მომთხოვნი სუბიექტები და ა.შ როდესაც იქნება უზრუნველყოფილი ამ ყველაფრის გამჭვირვალობა მაშინვე ამას ბუნებრვია ექნება პრევენციული ეფექტი და ელემენტარულად მოხდება უარის თქმა თუნდაც დაფინანსებაზე ისეთი ორგანიზაციებისა , რომლებიც პირდაპირ უპირისპირდებიან ქვეყნის ინტერესებს, ეკკლესიის ინტერესებს და ყველაფერ იმას, რასთანაც დაჯავშირებულია ჩვენი ქვეყნის იდენტობა. კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება იყო სერიოზული დარტყმა ნაციონალური მოძრაობისთვის და აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაა ის ისტერიკა, რომლითაც რადიკალური ოპოზიცია ჩვენს გადაწყვეტილებას შეხვდა.ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი ბერკეტი, რომელიც შეამცირებს რადიკალიზმს და ე.წ. პოლარიზაციას ქართულ პოლიტიკაში, ხელს შეუწყობს პოლიტიკური პროცესების სტაბილურ განვითარებას და არავის მისცემს მშვიდობის დარღვევის საშუალებას.ჩვენ გაგებით ვეკიდებით ყველა იმ ადამიანის წუხილს, რომელსაც მასშტაბური დეზინფორმაციის გამო, კანონპროექტის შესახებ მცდარი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდა. მზად ვართ, ნებისმიერ ფორმატში მივაწოდოთ მათ დეტალური ინფორმაცია კანონპროექტის შინაარსისა და ამოცანების შესახებ.კანონპროექტის მიღებით დაზარალებული ერთადერთი მხარე არის რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც მასთან დაკავშირებული ენჯეოების ფინანსების გასაჯაროება მოუწევს. შესაბამისად, როგორც უკვე ითქვა, ეს კანონი უზრუნველყოფს რადიკალიზმის შემცირებას ქართულ პოლიტიკაში. ქვეყნის ევროპულ კურსთან კანონპროექტის დაკავშირება არის ყველაზე მძიმე დეზინფორმაცია, რაც კი ამ დღეებში გაჟღერდა. ევროპა ნიშნავს სწორედ რომ გამჭვირვალობას და დერადიკალიზაციას, რასაც ჩვენს მიერ მიღებული კანონპროექტი ემსახურება. ჩვენ აუცილებლად ვივლით წინ ევროპისკენ და ამას გავაკეთებთ ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოს ღირსების დაცვით.დასასარულს, მინდა გაცნობოთ, რომ როგორც ქართული, ისე ამერიკული კანონპროექტი დაუყოვნებლივ გაიგზავნება ვენეციის კომისიაში, საიდანაც სამართლებრივ დასკვნას, სავარაუდოდ, ივნისის პირველ ნახევარში მივიღებთ.დღეს ვრცელდებოდა ამაზეც დეზინფორმაცია , თითქოს საბოლოოდ იყო მიღებული ეს კანონპროექტი ჩვენს მიერ, სინამდვილეში მინიმუმ 3 თვე დასჭირდება ვენეციის კომისიიდან დასკვნის მიღებას , ამის შემდეგ გაგრძელდება დისკუსია და საბოლოო ჯამში ჩვენ ვენეციის კომისიის დასკვნის გათვალისწინებით მივიღებთ ამ კანონპროექტს. ასევე მინდა მოვუწოდო, რა თქმა უნდა, ყველას სიმშვიდისკენ , ჩვენ ვხედავთ რომ არის დემონსტრაცია პარლამენტის შენობასთან , იქ არის რა თქმა უნდა გულწრფელი პროტესტიც, თუმცა არიან ადამიანები რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც ცდილობენ და აუცილებლად შეეცდებიან რომ სარგებელი ნახონ ამ გულწრფელი პროტესტიდან, რომელიც არის საზოგადოების გარკვეულ ნაწილში. ასევე ვიტყვი, რომ დაფიქსირდა ძალადობის შემთხვევები სამართადამცავების მიმართ , არის სერიოზული ფიზიკური დააზიანების შემთხვევები სამართალდამცველების შემთხვევაში ,რა თქმა უნდა , ნებისმიერი კანონდამრღვევი , კანონის მთელი სიმკაცრით იქნება დასჯილი. და ბოლო საკითხი, რასაც ასევე მინდა შევეხო ვრცელდება კანონპროექტის ინიციატორების , არა მარტო ინიციატორების, მხარდამჭერი დეპუტატების მისამართები იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ევროპელობაზე დებენ თავს, ეს არის ფაშიზმი და ფაშიზმს არაფერი კავშირი არ აქვს ბუნებრივია ევროპასთან. მე ძალიან მაინტერესებს რას იტყვიან ფაშიზმის ამ გამოვლინებასთან დაკავშირებით ის ორგანიზაციები რადიკალურ ოპოზიციასთან დაკავშირებული ენჯეოები , რომელთა გამჭვირვალობასაც ითვალისწინებს ჩვენს მიერ დღეს მიღებული კანონპროექტი . მე მგონია, რომ მათი გამჭვირვალობა საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს იმას , რომ ფაშიზმის ასეთი გამოვლინების მიმართაც მომავალში მათ ექნებათ ცოტა განსხვავებულიი დამოკიდებულება.

07 მარტი, 2023

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის ტრადიციული სხდომა გაიმართა

„ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის ტრადიციული სხდომა გაიმართამმართველმა გუნდმა მიმდინარე სასესიო კვირის განსახილველი საკითხები შეათანხმა ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე გაახმოვანა გუნდის მიერ შეჯერებული საკითხები: ქართული ოცნება მხარს დაუჭერს სახალხო დამცველის ვაკანტურ პოზიციაზე ლევან იოსელიანის კანდიდატურას. კენჭისყრა გაიმართება სამშაბათს განხილული იქნება სამხედრო სავალდებულო სამსახურის ახალი კანონპროექტი ხუთშაბათის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობა პირველი მოსმენით მიიღებს „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ ამერიკულ კანონს აგენტების თაობაზე და მის ქართულ ვარიანტს ასევე შედგება სხვა მიმდინარე კანონპროექტების კენჭისყრა, მათ შორის ერთ-ერთია ევრორეკომენდაცია ქალთა ფინანსური გაძლიერების თაობაზე დღის წესრიგი ბიუროს სხდომაზე დამტკიცდება

22 თებერვალი, 2023

„ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება

„ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დანიშნა პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის შუალედური არჩევნები ფოთის, ხობისა და სენაკის საარჩევნო ოლქში და მერების შუალედური არჩევნები ცაგერისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში. ცესკოს გადაწყვეტილებით, არჩევნები 29 აპრილს გაიმართება. დღეს ჩატარდა პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა, რომელზეც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აღნიშნულ საარჩევნო ოლქებში კანდიდატების დასახელების შესახებ. პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ფოთის, სენაკისა და ხობის საარჩევნო ოლქში პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატად პარტია წარადგენს გიორგი ხახუბიას კანდიდატურას. პირველ რიგში, აუცილებლად გვინდა აღვნიშნოთ, რომ გიორგი არის ჩვენი კოლეგის, ირაკლი ხახუბიას შვილი. ბუნებრივია, ირაკლის სახელი და მის მიერ ფოთში, ხობსა და სენაკში შექმნილი ავტორიტეტი დაეხმარება გიორგის არჩევნებში გამარჯვებაში. თუმცა, ამასთან ერთად, გიორგი თავადაც გამოირჩევა პიროვნული თვისებებით, განათლებითა და პროფესიული გამოცდილებით, რომელთა გამოც პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ ის უპირობოდ საუკეთესო კანდიდატად მიიჩნია. გიორგის მიღებული აქვს განათლება კავკასიის უნივერსიტეტში, ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობით. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, მას აქვს მდიდარი სამუშაო გამოცდილება. სხვადასხვა დროს ის იყო საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ფინანსური დეპარტამენტის უფროსი და მოგვიანებით ამავე კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე. გარდა ამისა, გიორგი წლების მანძილზე წარმატებით ეწეოდა კერძო სამეწარმეო საქმიანობას. გასულ წლებში, გიორგი ფოთში, ხობსა და სენაკში აქტიურად იყო ჩართული „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბებისა და პარტიული ორგანიზაციების მუშაობაში. წარმატებებს ვუსურვებთ გიორგი ხახუბიას. დარწმუნებული ვართ მის გამარჯვებაში. პარტიის პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერად წარმოგიდგენთ ლევან ზალკალიანის კანდიდატურას. ლევანი არის წარმატებული იურისტი და საჯარო მოსამსახურე. მას იურიდიული განათლება მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სხვადასხვა დროს ლევანი მუშაობდა პროკურატურის სისტემაში გამომძიებლად და პროკურორად, მათ შორის 11 წლის მანძილზე - ამბროლაურის რაიონულ პროკურორად. ლევანს მინიჭებული აქვს იუსტიციის უფროსი მრჩევლის წოდება. დღემდე ლევან ზალკალიანი იკავებდა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის თანამდებობას. წარმატებებს ვუსურვებთ ლევან ზალკალიანს. პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერად წარმოგიდგენთ მანუჩარ რობაქიძის კანდიდატურას. მანუჩარი არის სპეციალობით ისტორიკოსი. მას დამთავრებული აქვს იოანე პეტრიწის სახელობის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს, ის იყო მუნიციპალური საკრებულოს წევრი, კერძო კომპანიებში - „ზესტაფონ გაზსა“ და „სოკარში“ მუშაობდა სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე, იყო თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის უფროსი და ეკავა თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის თანამდებობა. 2021 წელს მანუჩარ რობაქიძე დაინიშნა თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილედ, ხოლო 2022 წლიდან ის ასრულებს თერჯოლის მერის მოვალეობას. მანუჩარს ვუსურვებთ წარმატებებს და თერჯოლის მერად არჩევას. წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს სამივე კანდიდატს. დარწმუნებული ვართ, რომ ისინი მოიპოვებენ ამომრჩევლის ნდობას და აუცილებლად გაიმარჯვებენ არჩევნებში.

20 თებერვალი, 2023

„ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართასხდომაზე საუბარი შეეხო პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას ფასების დარეგულირებასთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ საქართველოს პარლამენტში შევა შესაბამისი კანონპროექტი, რომელსაც უმრავლესობა მხარს დაუჭერს. განიხილეს ასევე მიგრაციის საკითხი.უმრავლესობის წევრებმა იმსჯელეს „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ.“ აღინიშნა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა კანონპროექტის პრინციპებს მხარს უჭერს, დეტალებზე მსჯელობა გაგრძელდება. უმრავლესობის წევრებმა მიმდინარე სასესიო კვირის პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს. 21 თებერვალს, „მინისტრის საათის“ ფორმატში შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ. 22 თებერვლის სხდომაზე, განიხილავენ სხვადასხვა კანონპროექტებს და კომიტეტების ანგარიშებს მოისმენენ.

06 თებერვალი, 2023

„ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომელსაც მმართველი პარტიის გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე ესწრებოდა

„ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომელსაც მმართველი პარტიის გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე ესწრებოდა. სხდომაზე უმრავლესობის წევრებმა მხარი დაუჭირეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას საწვავის და სურსათის ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ პრემიერის ამ ინიციატივას პარლამენტის მხარდაჭერა ექნება საჭიროების შემთხვევაში საკანონმდებლო ინიციატივების თვალსაზრისითაც.სხდომაზე საუბარი შეეხო ცესკო-ს მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ამომრჩეველთა 90%-ს საშუალება ექნება თავისი არჩევანი ელექტრონული წესით გააკეთოს. ასევე ისაუბრეს ევროკომისიის 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების მიმდინარეობაზე და სხვა აქტუალურ პოლიტიკურ თემებზე. უმრავლესობის წევრებმა იმსჯელეს 2023 წლის საგაზაფხულო სესიის პირველი კვირის პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებზე. 7 თებერვალს, პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს კანონპროექტს „საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანულ კანონში“ ცვლილებების შესახებ, „საარჩევნო კოდექსში“ გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებულ ცვლილებს და სხვა კანონპროექტებს. ხვალვე დეპუტატები პარლამენტის რამდენიმე კომიტეტის ანგარიშს მოისმენენ. 8 თებერვალს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშისა და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმის შესახებ მოხსენებას წარადგენს.

03 თებერვალი, 2023

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება

დღეს გამოქვეყნდა ევროკომისიის შეფასების დოკუმენტი, რომელიც საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიერ შარშან შევსებულ კითხვარებს ეფუძნება. პირველ რიგში, მადლობას ვუხდით ევროკომისიას ჩვენი ქვეყნის ძალიან დადებითი შეფასებისთვის. შეფასების დოკუმენტით ევროკომისიამ თავადვე დაადასტურა ის, რასაც გასული წლის ივნისიდან ვამტკიცებდით: ანგარიშიდან ცხადად ჩანს, რომ საქართველო ყველა პარამეტრით იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს. საქართველო მნიშვნელოვნად, მთელი 12 ქულით უსწრებს მოლდოვას და თითქმის ყველა საკვანძო პარამეტრით უსწრებს უკრაინას.ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რამდენად სამართლიანი იყო ევროკავშირის სტრუქტურების მიერ შარშან მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება, ამის განსჯა საზოგადოებისთვის მიგვინდია. გვინდა შეგახსენოთ, რომ შარშან რადიკალურმა ოპოზიციამ, მასთან დაკავშირებულმა ენჯეოებმა და მედიასაშუალებებმა ევროპული სტრუქტურების გადაწყვეტილება ქვეყანაში ვითარების არევისა და პოლარიზაციის გაღრმავების მცდელობისთვის გამოიყენეს. ამ გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით, ყველაზე მდიდარი ენჯეოები მთავრობის გადადგომასაც კი ითხოვდნენ. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ქართულ საზოგადოებას, რომელმაც მაშინ ყველაფერი სწორად შეაფასა და ანტისახელმწიფოებრივი მიზნებით მოქმედ ძალებს ქვეყანაში ვითარების არევისა და მშვიდობის დარღვევის შესაძლებლობა არ მისცა. ევროკომისიის შეფასების დოკუმენტი ცხადყოფს, რომ ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების პირობებში, საქართველომ წელს აუცილებლად უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

29 იანვარი, 2023

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს ბილბაოში საბინო არანას ფონდის უმაღლესი ჯილდო გადაეცა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს ბილბაოში საბინო არანას ფონდის უმაღლესი ჯილდო გადაეცა ჯილდო მმართველი პარტიის თავმჯდომარეს ქართულ-ბასკური მეგობრობის გაღრმავებისთვის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის მიანიჭეს. ღონისძიება ბილბაოს თეატრში ბასკეთის მმართველი პარტიის ორგანიზებით შედგა. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა ირაკლი კობახიძემ „უპირველეს ყოვლისა, მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო საბინო არანას ფონდს ჯილდოსთვის. ჩემთვის დიდი პატივია იმ ადამიანად ყოფნა, ვინც ერთგულია ბასკებთან და ბასკეთთან მეგობრობის.მე წარმოვადგენ პატარა, მაგრამ ძალიან ამაყ ქვეყანას - საქართველოს. ჩემს ერს საუკუნეების განმავლობაში მოუწია ბრძოლა თავისი იდენტობის, მიწის, რელიგიისა და ენის დასაცავად. ამიტომ ჩვენ, ქართველები განსაკუთრებულად ვაფასებთ პატრიოტიზმს და სამშობლოს ერთგულ ადამიანებს. შესაბამისად, მე განსაკუთრებით ვამაყობ ჯილდოს მიღებით, რომელიც დიდი პატრიოტის - საბინო არანას სახელს ატარებს.რამდენიმე მეცნიერული დასკვნით დასტურდება, რომ ბასკებსა და ქართველებს შორის ისტორიული კავშირი არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ბასკეთსა და საქართველოს შორის გეოგრაფიული მანძილი საკმაოდ დიდია, აშკარაა მსგავსება კულტურაში, ტრადიციებსა და ფოლკლორში. მეღვინეობა ჩვენი კულტურების არსებითი მახასიათებელია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ საერთო ფესვები გვაქვს. ასევე ქართული და ბასკური ენები სტრუქტურულად ახლოსაა ერთმანეთთან. ქართველებმა კარგად იციან ეს კავშირი და ძალიან ამაყობენ ამით.ამ კავშირმა მოტივაცია მისცა ქართველების წინა თაობებს, ასევე მე და ჩემს კოლეგებს, რომ მხარი დავუჭიროთ ჩვენს ხალხებს შორის მეგობრობის შემდგომ გაღრმავებას. თბილისი და ბილბაო, ვიტორია და ქუთაისი, ლაგუარდია და გურჯაანი ათწლეულების მანძილზე დაძმობილებული ქალაქები არიან. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბასკური ენის განყოფილება დაარსდა. არსებობს უწყვეტი პარტნიორობა, მაგრამ ასევე ძალიან ფართო სივრცე კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, გასტრონომიისა და ინვესტიციების სფეროებში თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის. ნება მომეცით აღვნიშნო ისიც, რომ ჩვენ მთელი საქართველოს მასშტაბით დავრგეთ რამდენიმე გერნიკას ხე, რაც ბასკ და ქართველ ხალხებს შორის ძლიერი კავშირისა და მეგობრობის სიმბოლოს გამოხატავს.თქვენ გაქვთ ძალიან ლამაზი ქვეყანა საოცრად ლამაზი ბუნებით, პეიზაჟებით, ქალაქებითა და სოფლებით. მაგრამ ბასკეთის ყველაზე ღირებული სილამაზე მისი თბილი ხალხია. თითოეულმა ბასკმა, ვისაც ჩვენ შევხვედრილვართ, კიდევ უფრო მეტი მოტივაცია მოგვცა, გაგვეძლიერებინა ჩვენი მეგობრობა. დიდი მადლობა ამისთვის!ჩემი ქვეყანა - საქართველო დღესდღეობით რამდენიმე ფუნდამენტური გამოწვევის წინაშე დგას. ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ და მისი მშვიდობიანი დეოკუპაცია ჩემი ხალხის ერთ-ერთი მთავარი ეროვნული მიზანია. უკრაინაში მიმდინარე ომის კონტექსტში არსებობდა საფრთხე, რომ სამხედრო კონფლიქტი საქართველოზეც გავრცელდებოდა. ეს იყო ჩვენი მთავრობის მთავარი მიზანი, რომ თავიდან აგვერიდებინა ომი ჩვენს ქვეყანაში და ჩვენ ამას წარმატებით მივაღწიეთ. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და გმობს რუსეთის სამხედრო აგრესიას ყველა საერთაშორისო ფორუმზე. ამავდროულად, ჩვენ ვატარებთ პრაგმატულ პოლიტიკას, რათა თავიდან ავიცილოთ ესკალაცია და ხელი შევუწყოთ მშვიდობას რეგიონში. საქართველო ასევე ცდილობს, ფასილიტატორის როლი შეასრულოს ორ მეზობელ ქვეყანას - სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. და ბოლოს, ჩვენ გვჯერა, რომ მშვიდობასა და განვითარებას ალტერნატივა არ აქვს და ყველა ერი თანმიმდევრულად უნდა გაჰყვეს ამ გზას.მიუხედავად იმისა, რომ პატარა ქვეყანაა, საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად. საქართველო გეოგრაფიულად აკავშირებს ევროპას აზიასთან და აქვს დიდი პოტენციალი შემდგომ განავითაროს სატრანზიტო ფუნქცია და შესაძლებლობები. ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკით ჩვენ უზრუნველვყოფთ ნაყოფიერ ნიადაგს ეკონომიკური საქმიანობისა და ინვესტიციებისთვის ჩვენს ქვეყანაში. მშვიდობისა და თანმიმდევრული პოლიტიკის წყალობით, ჩვენ მოვახერხეთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მიღწევა 2021 და 2022 წლებში. ამ ტენდენციით საქართველო ხდება კიდევ უფრო მიმზიდველი ქვეყანა თანამშრომლობისთვის მისი ყველა მეგობრისა და პარტნიორისთვის.ჩვენი მიზანია გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ჩვენ შევიტანეთ ოფიციალური განაცხადი და იმედია საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მიმდინარე წლის დეკემბერში მიიღებს. თქვენი მხარდაჭერა ძალზე მნიშვნელოვანია ამ მიზნის მისაღწევად.საერთო ჯამში, ასევე ზოგადი კონტექსტი იძლევა ნაყოფიერ ნიადაგს ბასკეთსა და საქართველოს შორის მეგობრობის შემდგომი განმტკიცებისა და თანამშრომლობის განვითარებისათვის. მე მივიჩნევ ამას, როგორც ჩემს პასუხისმგებლობას, გავაკეთო ყველაფერი ამ პოზიტიური ტენდენციის ხელშეწყობისთვის.ნება მომეცით კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო საბინო არანას ფონდს და ყველა ჩვენს ბასკ კოლეგას ჯილდოსთვის, ასევე შესანიშნავი მეგობრობისა და სტუმართმოყვარეობისთვის!” - ირაკლი კობახიძე

23 იანვარი, 2023

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ტინი კოქსს შეხვდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ტინი კოქსს შეხვდა. ირაკლი კობახიძემ ტინი კოქსს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე მეორე ვადით არჩევა მიულოცა. თავის მხრივ, ტინი კოქსმა ირაკლი კობახიძეს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ევროპის საბჭო სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესში. ხაზი გაესვა საქართველოში რეფორმების მიმართულებით გაწეულ პროგრესს. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. მმართველი პარტიის ხელმძღვანელთან ერთად, შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიქოვანი და ევროპის საბჭოში საქართველოს ელჩი, თამარ ტალიაშვილი.

23 იანვარი, 2023

„ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სტრასბურგში, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, მარია ბურიჩს შეხვდა

„ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სტრასბურგში, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, მარია ბურიჩს შეხვდა. მმართველი პარტიის ხელმძღვანელთან ერთად აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიქოვანი და ევროპის საბჭოში საქართველოს ელჩი, თამარ ტალიაშვილი. შეხვედრაზე ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა საქართველოს დელეგაციას აქტიური მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. საუბარი შეეხო ევროპის საბჭოს მიერ საქართველოს მხარდაჭერის მნიშვნელობას. მარია ბურიჩმა ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს რეფორმების მიმართულებით და აღნიშნა, რომ ევროპის საბჭო სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესში. შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ და მარია ბურიჩმა რეგიონში შექმნილი პოლიტიკური ვითარება განიხილეს.

23 იანვარი, 2023

„ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება

ორიოდე დღის წინ, სი-ენ-ენის ჟურნალისტმა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს დაუსვა კითხვა, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებულ ყალბ ინფორმაციას ეფუძნებოდა. კერძოდ, ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ვრცელდება ცნობები სხვადასხვა ქვეყნის და განსაკუთრებით, საქართველოს გავლით რუსეთში სანქცირებული საქონლის შეტანის თაობაზე და იკითხა, გადაჭრიდა თუ არა ევროკავშირის სანქციების მომდევნო პაკეტი ამ პრობლემას. სი-ენ-ენი არ არის რიგითი მედიასაშუალება და ამ ფაქტიდან კარგად ჩანს, რამდენად მასშტაბურია კოორდინაცია, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული. შესაბამისად, სი-ენ-ენის ჟურნალისტის მიერ გაჟღერებული ყალბი ინფორმაცია მყისიერ რეაგირებას საჭიროებს. საქართველო რუსეთში სანქცირებულ პროდუქციას რომ ატარებდეს, 2022 წელს საქართველოდან რუსეთში ექსპორტი არაპროპორციულად უნდა გაზრდილიყო. თუმცა, ვნახოთ, რა ხდება სინამდვილეში: 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, საქართველოს მთლიანი ექსპორტის ზრდამ 33 პროცენტი შეადგინა, ხოლო იმავე პერიოდში რუსეთში ექსპორტი მხოლოდ 7 პროცენტით გაიზარდა. ანალოგიურ პერიოდში, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი გაიზარდა 20 პროცენტით, აზერბაიჯანში - 27 პროცენტით, თურქეთში - 35 პროცენტით, აშშ-ში - 36 პროცენტით, ბულგარეთში - 67 პროცენტით, სომხეთში - 129 პროცენტით, ხოლო ყაზახეთში - 148 პროცენტით. რუსეთში ექსპორტის წილი საქართველოს საერთო ექსპორტში 2022 წელს არათუ არ გაზრდილა, არამედ მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც სი-ენ-ენის ჟურნალისტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის სიყალბეს უტყუარად ადასტურებს; აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოდან შეტანილი საქონელი რუსეთის 2022 წლის საერთო იმპორტის მხოლოდ 0,3 (!) პროცენტს შეადგენს. ამ ფონზე, როდესაც კონკრეტული უცხოური მედიასაშუალებები ამტკიცებენ, რომ რუსეთი საქართველოდან შეტანილი საქონლით ითქვამს სულს, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან დიდი ტყუილია; ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წელს საქართველოდან რუსეთში გატანილი საქონლის 3/4-ზე მეტი ალკოჰოლურმა და არაალკოჰოლურმა სასმელებმა, სოფლის მეურნეობის პროდუქციამ და ფეროშენადნობებმა შეადგინა; ბოლოს, შეგახსენებთ, რომ ვიდრე ჩვენს ქვეყანას რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების შენარჩუნების გამო კიცხავენ, ევროკავშირის ქვეყნები რუსეთს იმპორტირებულ საქონელში ყოველდღიურად (!) ასეულობით მილიონ ევროს უხდიან. ამასთან, 2022 წლის თებერვალ-აგვისტოში, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გერმანიაში რუსეთიდან იმპორტი გაიზარდა 33 პროცენტით, პოლონეთში - 24 პროცენტით, იტალიაში - 100 პროცენტით, საფრანგეთში - 84 პროცენტით, ნიდერლანდებში - 51 პროცენტით, ბელგიაში - 78 პროცენტით, უნგრეთში - 132 პროცენტით, საბერძნეთში - 142 პროცენტით, ესპანეთში - 51 პროცენტით, ავსტრიაში - 139 პროცენტით, სლოვაკეთში - 71 პროცენტით, ბულგარეთში - 116 პროცენტით, რუმინეთში - 55 პროცენტით, ჩეხეთში - 31 პროცენტით, სლოვენიაში - 346 პროცენტით, ხორვატიაში - 68 პროცენტით, კვიპროსში - 138 პროცენტით, ხოლო ლუქსემბურგში - 262 პროცენტით. როცა გავლენიანი უცხოური მედიასაშუალებები ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ამ მასშტაბის სიცრუეს ავრცელებენ, ეს ცალკე პრობლემაა. თუმცა, ამაზე დიდი პრობლემაა, როდესაც იგივე სიცრუეს ქართული რადიკალური ოპოზიცია და მისი კუთვნილი მედიასაშუალებებიც ტირაჟირებენ. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ ადამიანებისთვის საქართველოს ეროვნული ინტერესები არაფერს ნიშნავს და სინამდვილეში, ისინი არა საქართველოს, არამედ მის მიმართ მტრულად განწყობილი ძალის სამსახურში დგანან. ასევე, სამწუხაროა, როდესაც ამ სიცრუის ტირაჟირებაში პრეზიდენტიც აიყოლიეს, რომელმაც ბრალდებებზე „კატეგორიული და ფაქტებით გამყარებული პასუხის“ გაცემა მოითხოვა. ეს არის ჩემი კატეგორიული და ფაქტებით გამყარებული პასუხი ცრუ ბრალდებაზე, რომელიც რუსეთის მიერ ქართული ექსპორტით „სულის მოთქმას“ და სანქციების გვერდის ავლას შეეხება.

11 იანვარი, 2023

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა

21 დეკემბერი, 2022

მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა

მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართასხდომაზე მმართველი გუნდის წევრებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს.სახალხო დამცველის კანდიდატებთან დაკავშირებით, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებით მიღებულია გადაწყვეტილება, რომ გაგრძელდეს მუშაობა. აქედან გამომდინარე, ხვალინდელი კენჭისყრა იქნება ფორმალური და არც ერთ კანდიდატს არ ექნება უმრავლესობის წევრების მხარდაჭერა.„პროცესის ჩაგდება გამოიწვია ოპოზიციის მიერ შერჩევის პროცესში ულტიმატუმის ენით საუბარმა და შესაბამისად, მათ მიერ კანდიდატების შერჩევის სამუშაო პროცესის მიზანმიმართულად შეფერხებამ. ოპონენტებმა არ მოინდომეს არც ერთ კანდიდატთან დაკავშირებით მხარდაჭერის დაფიქსირება, აქედან გამომდინარე, ვერ შევძლებთ ვერც ომბუდსმენის და ვერც იუსტიციის საბჭოს წევრის არჩევას. მმართველი გუნდი საგაზაფხულო სესიისთვის კვლავ შეეცდება, რომ აღმოიფხვრას ეს ხარვეზი და მივაღწიოთ კონსესუსს კანდიდატებთან დაკავშირებით“, - ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძეგარდა ამისა, ხვალ გაიმართება სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ანგარიშების მოსმენა.