27 მარტი, 2021

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი, პოლიტიკური საბჭოს წევრი შალვა პაპუაშვილი გახდა, რომლი ფუნქცია საზოგადოებასთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და პოლიტიკური კომუნიკაციის კოორდინაცია იქნება. მეორე საკითხი, რაზეც პოლიტიკური საბჭოს წევრებმა იმსჯელეს, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის ჩართულობით დაგეგმილი მოლაპარაკებები იყო. პოლიტიკური საბჭოს დასრულების შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა.

25 მარტი, 2021

შალვა პაპუაშვილის განცხადება

საარჩევნო რეფორმა, პარლამენტში ოპოზიციის როლის გაძლიერება, იყო ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების რეკომენდაციების და მედიაციის ერთ-ერთი მთავარი საკითხი. სწორედ ამ საკითხს შეეხებოდა მემორანდუმი, რომელიც ქართულ ოცნებასა და მოქალაქეებს შორის გაფორმდა, და რომელსაც შემდეგ ევროპელი სოციალისტებიც შემოუერთდნენ. 2 მარტს, სამუშაო ჯგუფის ერთთვიანი მუშაობის შედეგად დავაინიცირეთ რეფორმების პაკეტი, რომელიც ფუნდამენტურად ცვლის საარჩევნო პროცედურებს. რეფორმების პაკეტში მემორანდუმით გათვალისწინებული საკითხების გარდა, ასახულია სამუშაო ჯგუფში გამოთქმული მოსაზრებები, კერძოდ, 12 სარეფორმო პუნქტიდან 5 სწორედ სამუშაო ჯგუფის წევრების ინიციატივაა. დღეს ჩენ ვასრულებთ მემორანდუმის ბოლო პირობასაც და ვაინიცირებთ საკონსტიტუციო ცვლილებებს ორი მიმართულებით. პირველი. როგორც იცით, ქართული ოცნების ინიციატივით, 2020 წლის არჩევნები ჩატარდა 1%-იანი ბარიერის პირობებში, რის შედეგადაც საპარლამენტო მანდატი 9 საარჩევნო სუბიექტმა მიიღო.  2020 წლის არჩევნები 2024 წლისთვის დადგენილი 5%-იანი ბარიერით რომ ჩატარებულიყო, მანდატებს მიიღებდა მხოლოდ ორი სუბიექტი: ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სამწუხაროდ ჯერ კიდევ მაღალია პოლარიზაციის დონე. 3%-იანი ბარიერის პირობებში 2020 წლის არჩევნების შედეგად მანდატებს 6 პოლიტიკური სუბიექტი მიიღებდა, რაც უზრუნველყოფდა პარლამენტში პარტიულ მრავალფეროვნებას, და ამავდროულად მაღალი ალბათობით დატოვებდა პარლამენტში სტაბილური უმრავლესობის ფორმირების შესაძლებლობას. ჩვენი პოლიტიკური სისტემის განვითარების ამ ეტაპზე ამოცანას წარმოადგენს ორპოლუსიანი სისტემის მრავალპოლუსიანი სისტემით ჩანაცვლება, რამაც უნდა შეამციროს პოლარიზაციის ხარისხი ქართულ პოლიტიკაში და ხელი შუწყოს პარტიებს უკეთესი სასტარტო პირობებით მოემზადონ 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ამიტომ ჩვენ ვაინიცირებთ საკონსტიტუციო ცვლილებას, რომლითაც 2024 წლის არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი 5%-დან 3%-მდე დაიწევს. უახლოეს დღეებში შეიქმნება საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვის კომისია, რომლის ფარგლებშიც, მემორანდუმის შესაბამისად, განიხილება როგორც 2024 წლის არჩევნების უფრო დაბალი ბარიერით ჩატარების, ისე დაბალი ბარიერის უფრო ხანგრძლივი ვადით ამოქმედების შესაძლებლობაც. მეორე ცვლილება საპარლამენტო ოპოზიციის გაძლიერებას შეეხება. ოპოზიციის მიერ საკუთარი მანდატის ეფექტიანად განხორციელების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი საპარლამენტო ფრაქციის ფორმირებაა. დღევანდელი რეგულაციით ფრაქციის ფორმირებისთის საჭიროა პარლამენტის 7 წევრი. საპარლამენტო ოპოზიციის გაძლიერების მიზნით, ჩვენ ვაინიცირებთ საკონსტიტუციო ცვლილებას, რომლითაც ფრაქციის შექმნისთვის საჭირო წევრების რაოდენობა 2020 და 2024 წლის მოწვევის პარლამენტებში 7-დან 4-მდე დაიწევს. ამით იმ პარტიებს, რომლებმაც მიიღეს 4%-ზე ნაკლები მხარდაჭერა ვაძლევთ შესაძლებლობას შექმნან ჯამურად 5 საპარლამენტო ფრაქცია და შესაბამისად მიიღონ დამატებითი ბერკეტები საკანონმდებლო საქმიანობის განხორციელებისა და მთავრობის კონტროლისთვის. ამ ინიციატივით, ჩვენ კიდევ ერთ ნაბიჯს ვდგამთ მცირე პარტიების ხელშესაწყობად, რათა ოპოზიციის იმ ნაწილმა, რომელიც დღემდე უარს ამბობს საკუთარი ამომრჩევლების მიერ მინიჭებული მანდატის განხორციელებაზე, გაიაზროს ამ ცვლილებების მასშტაბი და მნიშვნელობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, უპასუხოს საკუთარი ამომრჩევლების მოლოდინს და გახდეს დემოკრატიული განვითარების მონაწილე. როგორც იცით, ამ ცვლილებებს სჭირდება პარლამენტის 113 წევრის ხმა. დღევანდელი მდგომარეობით პარლამენტის წევრის მანდატს 96 დეპუტატი ახორციელებს. შესაბამისად, იმისთვის, რომ ეს ცვლილებები განხორციელდეს საჭიროა პარლამენტს გარეთ მყოფი სულ მცირე 17 დეპუტატის მიერ საკუთარი ამომრჩევლის და ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის გააზრება და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში მონაწილეობის მიღება. ამ დღეებში ჩვენ ყველამ ვნახეთ, რომ ამ შენობის კედლებს შიგნით თანამშრომლობა არის ერთადერთი სწორი ნაბიჯი რომელსაც ჩვენგან ქართველი ხალხი, ჩვენი ევროპული ოჯახი და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები მოელიან.

24 მარტი, 2021

კახა კუჭავას განცხადება

გუშინ ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა საქართველოს მიმართ გააჟღერა მკაფიო გზავნილები: 2012 წლის შემდეგ საქართველოს დემოკრატიამ არაერთ ტესტს გაუძლო, განმტკიცდა და გაღრმავდა; ამერიკის შეერთებული შტატები ეყრდნობა ეუთო/ოდირის დასკვნას და საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს აღიარებს როგორც თავისუფალს, დემოკრატიულს და კონკურენტულს; ყველა თანხმდება, რომ ოპოზიცია პარლამენტში აუცილებლად უნდა შევიდეს; კანონის უზენაესობას ყველამ პატივი უნდა სცეს, მათ შორის პოლიტიკურმა ლიდერებმა; ისინი მოუწოდებენ ყველა მხარეს, მათ შორის პატარა პარტიებს, გადადონ მოკლე ვადიანი პოლიტიკური ინტერესები და მოემსახურონ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას; საქართველო არის მაგალითი სხვა ქვეყნებისთვის და ლიდერი რეგიონში. სენატში გამოხატული შეფასებების გათვალისწინებით, ოპოზიციას მოუწევს შემხვედრი ნაბიჯების გადმოდგმა შეთანხმებისთვის და მცდელობა, რომ მხოლოდ მოლაპარაკებებში მონაწილეობა იქნას წარმოჩენილი მათი მხრიდან კომპრომისად, საკმარისი არ და ვერ იქნება აღქმული ასეთად. შეთანხმება უნდა მიიღწეს და ოპოზიცია აუცილებლად უნდა შევიდეს პარლამენტში.მიუხედავად იმისა, რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს  ექნება მცდელობა, სენატში გამოთქმულ მოსაზრებებს სათავისო ინტერპრეტაცია გაუკეთონ, ფაქტი ფაქტად რჩება -სენატის შეფასებით საქართველო არის პრო-დასავლური დემოკრატიული ქვეყანა და მისაბაძი ლიდერი რეგიონში, ხოლო ქართულმა ოცნებამ, როგორც პროდასავლურმა ძალამ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს, რამაც დაგვაახლოვა ჩვენს სტრატეგიულ მიზანთან,  2024 წელს გავაკეთოთ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე.ბუნებრივია, გამოხატული იქნა წუხილი, რომ ოპოზიციონერი ლიდერი პატიმრობაში იმყოფება, თუმცა იქვე ხაზგასმით აღინიშნა, რომ კანონის უზენაესობა ხელშეუვალი ღირებულებაა, რომელიც ყველამ, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლებმა, უნდა დაიცვან.ქართული ოცნება იყო და რჩება ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის ერთგული და ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ერთად გავაგრძელებთ მუშაობას ყველა იმ გამოწვევის დასაძლევად, რომელთაც გუშინაც გაესვა ხაზი, იქნება ეს საარჩევნო, სასამართლო სისტემის რეფორმა, პანდემიით გამოწვეულ კრიზისი, ეკონომიკური აღმავლობა, გეოპოლიტიკა თუ ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული სხვა გამოწვევები.

11 მარტი, 2021

მამუკა მდინარაძის განცხადება

მსურს გამოვეხმაურო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI-ის) ტექნიკური საარჩევნო შეფასების მისიის საბოლოო ანგარიშს. IRI-ის შეფასებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და წინასაარჩევნო პერიოდი, ერთ-ერთი ყველაზე უფრო დემოკრატიული, თავისუფალი, მშვიდობიანი და კონკურენტული იყო, ვიდრე წინა წლებში. დოკუმენტში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ „ქართული ოცნების” ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმები მნიშვნელოვანი მიღწევა იყო საქართველოსთვის, რაც დემოკრატიული წინასაარჩევნო პერიოდის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა გახდა. IRI-ის შეფასებით, წინასაარჩევნო გარემო იყო მშვიდი და პოლიტიკურად კონკურენტული. პოლიტიკურ პარტიებსა და კანდიდატებს შეეძლოთ თავისუფლად ეწარმოებინათ კამპანია, ხოლო მოქალაქეებს ჰქონდათ წვდომა სხვადასხვა პოლიტიკურ მედიასაშუალებებსა და ინფორმაციაზე. ამასთანავე, დასკვნაში აღნიშნულია, რომ გლობალური პანდემიის ფონზე, ცესკომ გამოავლინა არჩევნების ჩატარების და ამომრჩეველთა ხმის მიცემის უფლების უზრუნველყოფისთვის მზაობა. საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა წესები COVID-19 პანდემიის დროს ხმის მიცემის ალტერნატიული გზების შესახებ, რაც საერთო ჯამში უპრეცედენტო და ცალკე აღსანიშნავი იყო. ეს, დასავლური ინსტიტუტების მხრიდან, კიდევ ერთი მკაფიო პასუხია არჩევნებში დამარცხებული რადიკალური ოპოზიციის სრულიად აბსურდულ ბრალდებებზე, არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დასკვნა, სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების შეფასებებთან ერთად, ადასტურებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები არათუ გაყალბდა, არამედ ეს არჩევნები ყველაზე დემოკრატიული, თავისუფალი, მშვიდობიანი და კონკურენტული არჩევნები იყო ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. დარწმუნებულნი ვართ, რომ საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული კანონპროექტის მიღება, კიდევ უფრო გააუმჯობესებს არჩევნების ხარისხს ჩვენს ქვეყანაში და შეფასებებიც შესაბამისი იქნება ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან. რაც შეეხება ჩვენს ოპონენტებს, აბსოლუტურად გულწრფელად, ყოველგვარი ნიშნისმოგების გარეშე მივმართავთ - სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და მას წინ ვერავინ და ვერაფერი დაუდგება. არ აქვს არანაირი აზრი ყალბი კამპანიების მოგონებას და წარმოებას. ეს დღეს კიდევ ერთხელ და მორიგ ჯერზე დადასტურდა. შესაბამისად, ამ მძიმე რეგიონული, პანდემიის, ეკონომიკური და რუსული ოკუპაციისგან მომდინარე გამოწვევების ფონზე, იქნებ შეძლონ უარი თქვან სიყალბეზე დაფუძნებულ რადიკალიზმზე და ყველამ ერთად ვიმოქმედოთ ქართული სახელმწიფოს საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.

05 მარტი, 2021

მამუკა მდინარაძის განცხადება

პანდემიით გამოწვეული რთული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის პირობებში დამაიმედებელ და პოზიტიურ ინფორმაციას გვინდა გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ამერიკული ორგანიზაციის, „ჰერითიჯის“ ფონდის მიერ გამოქვეყნებულ 2021 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით, საქართველო, 77.2 საერთო ქულით, მსოფლიოში მე-12, ხოლო ევროპის რეგიონის 45 სახელმწიფოს შორის მე-7 ყველაზე თავისუფალ ეკონომიკად არის დასახელებული. საქართველო მოთავსებულია ინდექსის უმეტესწილად თავისუფალი ეკონომიკების ჯგუფში. ფონდის მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლების მიხედვით, ჩვენს ქვეყანაში ბიზნესი თავისუფალია, ხოლო საინვესტიციო გარემო მიმზიდველი, რაც კორონავირუსით გამოწვეული რთული ეკონომიკური კრიზისის დაძლევისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რადგანაც პანდემიის დასრულებასთან ერთად, ეკონომიკის აღდგენის გზაზე, ჩვენს ქვეყანას დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა, ახალი ბიზნესების დაწყება სჭირდება, რაც საბოლოოდ სიღარიბის მაქსიმალურად შემცირებაზე, მოქალაქეთა შემოსავლების ზრდაზე, მათ დასაქმებასა და კეთილდღეობაზე აისახება. საქართველოს, ეკონომიკური თავისუფლების უკლებლივ ყველა ასპექტში წინსვლა აქვს, რაც სხვადასხვა სფეროში ხელისუფლების წარმატებულ ნაბიჯებთან და რეფორმებთანაა დაკავშირებული, როგორიცაა კორუფციასთან ბრძოლა, სასამართლოს ეფექტიანობა და მიუკერძოებლობა, გადასახადების გამარტივება, თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებები და ა.შ. დღეს, ეკონომიკა ეტაპობრივი აღდგენის გზაზეა. ხელისუფლება ეპიდემიოლოგიური ვითარების მართვას, მოლაქალეების ჯანმრთელობაზე ზრუნვასა და ბიზნესის სტიმულირებას შორის ოქროს შუალედის დაცვაზეა ორიენტირებული. ამავდროულად საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში, ბიზნესის კეთების სიმარტივითა და ინვესტიციებისთვის მიმზიდველი ქვეყნის სტატუსით კვლავაც მოწინავე პოზიციებზეა, რაც იმის თქმის საფუძველს გვაძლევს, რომ ჩვენი ქვეყანა სწრაფად დაუბრუნდება ეკონომიკური ზრდის იმ ტემპს, რაც პანდემიამდე გვქონდა და რასაც თითოეული ოჯახი საკუთარ თავზე იგრძნობს. (ამისთვის გარდა რეფორმების გატარებისა, დამატებით საჭიროა საზოგადოების მაქსიმალური კონსოლიდაცია კორონა ვირუსთან ბრძოლაში და პოლიტიკური სტაბილურობა ქვეყანაში, რაზეც აბსოლუტურად ყველა მხარემ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა).

18 თებერვალი, 2021

ირაკლი კობახიძის ბრიფინგი

როგორც მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. გიორგი გახარია იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრი. სამწუხაროა, რომ მან მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. ჩვენს პოლიტიკურ გუნდში ნამდვილად იყო დისკუსია ნიკანორ მელიას მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ვადებთან დაკავშირებით. გიორგი გახარიას ჰქონდა გუნდის სხვა წევრებისგან განსხვავებული პოზიცია ამ საკითხზე. თუმცა, სამწუხაროდ, არგუმენტები, რომლებიც გაამყარებდა მის პოზიციას, ჩვენ ვერ მოვისმინეთ. წყალგამყოფი იყო საკითხი, სახელმწიფომ უნდა აჩვენოს მყარად თავისი სახე, როგორც სახელმწიფომ, თუ არა. გუნდის დანარჩენი წევრებისთვის ამ კითხვაზე პასუხი იყო ერთმნიშვნელოვანი. ქვეყანა, სადაც არ არის უზრუნველყოფილი კანონის აღსრულება, მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც მას დამნაშავეები ასეთი უხეში გამოწვევის წინაშე აყენებენ, ვერ შედგება როგორც სახელმწიფო. უფრო მეტიც, სწორედ კანონის სათანადოდ არაღსრულებაა ის, რაც ხელს უწყობს პოლიტიკურ რადიკალიზაციასა და პოლარიზაციას ქვეყანაში. ჩვენი, როგორც ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, მყარად და მკაცრად დავიცვათ სახელმწიფოს ღირსება. პრემიერ-მინისტრის გადადგომის ფონზე, შინაგან საქმეთა მინისტრმა მიიღო სრულიად ლოგიკური გადაწყვეტილება ნიკანორ მელიას დაკავების პროცესის დროებით გადადების შესახებ. ახლა ჩვენი პოლიტიკური გუნდის ყურადღება მთლიანად იქნება კონცენტრირებული ახალი მთავრობის ფორმირებაზე. მოვუწოდებთ ნიკანორ მელიას, დაემორჩილოს კანონს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლება უზრუნველყოფს კანონის აღსრულებას და მის დაპატიმრებას. მთავრობის ფორმირება დაიწყება და დასრულდება კანონით გათვალისწინებულ უმოკლეს ვადებში.

13 თებერვალი, 2021

მამუკა მდინარაძის ბრიფინგი

დღეს, უმრავლესობის სხდომაზე განვიხილეთ მიმდინარე პოლიტიკური საკითხები, მათ შორის, საარჩევნო რეფორმა, კულტურის კომიტეტის შექმნის ინიციატივა, საგამოძიებო კომისიის საკითხი და პარლამენტში პროკურატურის მიერ შემოტანილი შუამდგომლობა ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერებასთან დაკავშირებით. ჩვენი, როგორც პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკურ ძალის ამოცანაა, უზრუნველვყოთ კანონის უზენაესობა, უპირობოდ დავიცვათ თანასწორობის პრინციპი და ჩვენი გადაწყვეტილებით არ შევაფერხოთ მართლმსაჯულების აღსრულება.  სამწუხაროდ, ნიკა მელიას, ისევე როგორც ნაციონალური მოძრაობის მიზანი არის აბსოლუტურად საპირისპირო და ისინი მიზანმიმართულ პროვოკაციას უწყობენ მართლმსაჯულების სისტემას, სახელმწიფოს და საზოგადოების ნდობას ინსტიტუტების მიმართ. ამავდროულად, მან საკუთარი თავი ასეთი ალტერნატივის წინაშე დააყენა - უწევს ან ბოდიში მოუხადოს საზოგადოებას, სახელმწიფოს და გადაიხადოს გირაო, ან თავადვე დაიმძიმოს აღკვეთის ღონისძიება. ჩვენ, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხის განხილვა აღარ გადავდეთ, რათა მან წინასწარ იცოდეს გუნდის საერთო პოზიცია, რომ უმრავლესობა მხარს დაუჭერს მისთვის იმუნიტეტის მოხსნას. შესაბამისად, მას კიდევ აქვს დრო და შესაძლებლობა მიიღოს არა პროვოკაციული დღის წესრიგით ნაკარნახევი, პოლიტიკური გადაწყვეტილება, არამედ პატივი სცეს საკუთარი ქვეყნის კანონმდებლობას და გადადგას სამართლებრივად სწორი, კანონის მოთხოვნების შესაბამისი ნაბიჯი. აქვე, საზოგადოებამ უნდა იცოდეს და ხაზგასმით აღვნიშნავთ - დღეს, ერთადერთი ადამიანი, ვისზეც ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების დამძიმება-არდამძიმების საკითხია დამოკიდებული, თავად ნიკა მელიაა და მას კიდევ რამდენიმე დღე რჩება, რომ კარგად გაიაზროს საკუთარი გადაწყვეტილება.

13 თებერვალი, 2021

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართა

08 თებერვალი, 2021

მამუკა მდინარაძის განცხადება

საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერით და თანხმობით, გვინდა გამოვხატოთ მკაფიო მხარდაჭერა იმ საარჩევნო რეფორმის მიმართ, რომელმაც სტარტი დღეს აიღო შესაბამისი სამუშაო ჯგუფის მიერ ამ საკითხთან დაკავშირებული პირველი შეკრებით.  ჩვენ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან ერთად, კიდევ ერთხელ გავიარეთ რეფორმასთან დაკავშირებული გარკვეული დეტალები, გავმართეთ დისკუსიაც ამ თემაზე. შესაბამისად უზრუნველყოფილი იქნება უმრავლესობის წევრების მაქსიმალური ჩართულობა ამ ისტორიულ და უპრეცედენტო საარჩევნო რეფორმაში.  აქვე, გვინდა ყურადღება შევაჩეროთ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე.  ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენი კოლეგებისგან ხშირად გვესმის პირობა, რომ თუკი ჩვენ დავთანხმდებით ნულოვან ბარიერს ყველა შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის, ისინი შემოვლენ პარლამენტში და გააგრძელებენ მუშაობას. ხვდებით, რომ ამ შემთხვევაში საუბარია პარტია „გირჩზე”. ისინი, ასევე აცხადებენ, რომ ამ შემთხვევაში პარლამენტში სხვა პარტიებიც შემოვლენ, ეს იყო როგორც საჯარო, ასევე პირად საუბრებშიც. შეგახსენებთ, რომ მემორანდუმით, რომელიც ღიაა ყველა საპარლამენტო პარტიისთვის, ჩვენ ისედაც გვაქვს აღებული ვალდებულება, რომ საკმარისი ხმების, ანუ მანდატების არსებობის შემთხვევაში, საარჩევნო ბარიერი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის დაიწევს 0-დან 3%-მდე. ეს იმას ნიშნავს, რომ მმართველი გუნდი ამ ფარგლებში ყველა ვარიანტს განიხილავს, მათ შორის უბარიერო სისტემასაც, თუმცა ამავე ფარგლებში ნებისმიერ გადაწყვეტილებას სჭირდება მყარი არგუმენტაცია, - რომელი ვარიანტია უკეთესი ქვეყნის გრძელვადიანი,  დემოკრატიული და სტაბილური განვითარებისთვის. სამწუხაროდ, ჩვენ დღემდე არ მოგვისმენია სხვა საპარლამენტო პარტიების დამოკიდებულება და პირობა იგივე საკითხთან დაკავშირებით, იზიარებენ თუ არა ისინი პარტია „გირჩის” ამ პოზიციას და პირობას საპარლამენტო ცხოვრებაში ჩართვასთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, საზოგადოება იმსახურებს იცოდეს მათი პოზიციაც ამ საკითხზე.

05 თებერვალი, 2021

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანის, მამუკა მდინარაძის განცხადება

მოგეხსენებათ, რომ გუშინ საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა დადგენილება 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ. რა თქმა უნდა ძალაში რჩება პირობა - თუ ერთპროცენტიან სიყალბეს და გადახრას „ქართული ოცნების" სასარგებლოდ გამოძიების შედეგად ვინმე იპოვნის საარჩევნო შედეგებში, ჩვენ ვატარებთ რიგგარეშე არჩევნებს. ერთადერთი, რაც ამის საპირისპიროდ ოპოზიციიდან არგუმენტად  ფრაგმენტულად გვესმის ხოლმე, არის ყოველგვარ საღ აზრს მოკლებული და გაუგონარი ვერსია, რომლის მიხედვითაც - უკვე გვიანია. საუბრობენ იმაზე, რომ „დოკუმენტები უკვე გასწორებულია" და ა.აშ. შეუძლებელია ამაზე განმარტება არ მოვითხოვოთ მათგან. ოპოზიციამ პასუხი უნდა გასცეს კითხვას, თეორიულადაც კი, რა უნდა მომხდარიყო, მათი ეს სპეკულაცია სიმართლეს რომ შეესაბამებოდეს. ოპოზიციის წარმომადგენელი 11 000-ზე მეტი კომისიის წევრის ხელმოწერა შეიძლება იყოს გაყალბებული თუ ეს 11 000-ზე მეტი ადამიანი მუქარით ან მოსყიდვით ვინმემ მიიყვანა და საარჩევნო დოკუმენტაციაზე ხელი ხელახლა მოაწერინა? ან შეიძლება სხვა ვერსია აქვთ თავიანთი აბსურდული არგუმენტების გასამყარებლად. ჩვენ ბუნებრივია ველით კითხვაზე პასუხს, თუმცა აქვე მოვუწოდებთ მათ, რომ ნუ მიაყენებენ შეურაცხყოფას ქართულ საზოგადოებას მსგავსი ცრუ ნარატივებით და ნუ იქნებიან დაბალი წარმოდგენის ხალხზე, რომელიც ამ საზოგადოებას წარმოადგენს.

04 თებერვალი, 2021

საქართველოს პარლამენტში საარჩევნო რეფორმის სამუშაო ჯგუფი იქმნება

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან, საქართველოში ჩატარებული ყველა არჩევნები საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ აღიარებულია როგორც სანდო, გამჭვირვალე და კონკურენტული. მიუხედავად ამისა, „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებდა, რათა მაქსიმალურად დაეხვეწა საარჩევნო სისტემა და აღმოფხვრილიყო ის მცირედი ხარვეზებიც კი, რაც წინა წლებში საარჩევნო პროცესს ახლდა თან.  ჩვენ, როგორც მმართველი პარტია, კარგად ვაცნობიერებთ იმ პასუხისმგებლობას, რაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საზოგადოებამ მოგვანიჭა. შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური კულტურის უფრო მაღალ საფეხურზე ასაყვანად, საარჩევნო სისტემის მაქსიმალური სრულყოფისთვის, ყველა შემდგომ არჩევნებთან დაკავშირებით ყოველგვარი სკეფსისის და დაუსაბუთებელი ინტერპრეტაციების გამოსარიცხად, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში იქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც მასშტაბურ საარჩევნო რეფორმას მოამზადებს.  „ქართული ოცნება“, როგორც პასუხისმგებლიანი, ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალა იწყებს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო საარჩევნო რეფორმას დამოუკიდებლად იმისაგან, საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი აღასრულებს მის საპარლამენტო მანდატს, თუ არა.  მოგეხსენებათ, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, ჩვენ უკვე გავაფორმეთ თანამშრომლობის მემორანდუმი პარტია „მოქალაქეებთან“. მემორანდუმი ათზე მეტი პუნქტისაგან შედგება და ითვალისწინებს ცვლილებებსა და პროცედურების დახვეწას მთელი რიგი მიმართულებებით, მათ შორის: შეიცვლება ცენტრალური, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების შემადგენლობის, მათ შორის ცესკოს თავმჯდომარის შერჩევის წესი. ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესაბამისად გადაისინჯება ნორმები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ. ასევე, გადაისინჯება საარჩევნო დავების განხილვასთან დაკავშირებული ნორმები, რათა უზრუნველყოფილი იყოს დავების დროული, გამჭვირვალე და ჯეროვანი გადაწყვეტა. საქართველოს დიდ ქალაქებში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება ოთხი ერთზე თანაფარდობით პროპორციულ და მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემებს შორის. სხვა მუნიციპალიტეტებში თანაფარდობა განისაზღვრება ინდივიდუალურად, არანაკლებ ორი ერთზე თანაფარდობით პროპორციული სისტემის სასარგებლოდ. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დაინერგება ელექტრონული ტექნოლოგიები, რაც გამორიცხავს როგორც ყოველგვარ მანიპულაციას, ისე ადამიანურ შეცდომას და სამუდამოდ აღმოფხვრის დაუბალანსებელი ოქმების 30-წლიან პრობლემას. გარდა ამისა, როგორც ვთქვით, ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ საარჩევნო ბარიერის დაწევა 0-3%-მდე ფარგლებში, თუ პარლამენტში შემოვა დეპუტატების ის რაოდენობა (113 დეპუტატი), რომელიც საჭიროა საკონსტიტუციო ცვლილების განსახორციელებლად. მემორანდუმის სხვა დეტალებზე თქვენს ყურადღებად აღარ შევაჩერებ, რადგან ტექსტი საჯაროა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მას გაეცნოს.  ჯგუფის მუშაობას წარმართავს ორი თანათავმჯდომარე საპარლამენტო უმრავლესობიდან და ოპოზიციიდან. სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარე უმრავლესობის მხრიდან ვიქნები მე, შალვა პაპუაშვილი, ხოლო ოპოზიციის მხრიდან თანათავმჯდომარე იქნება შეთანხმების მემორანდუმზე პირველი ხელმომწერი პარტიის წარმომადგენელი, საქართველოს პარლამენტის წევრი, ბატონი ლევან იოსელიანი. სამუშაო ჯგუფში, საპარლამენტო პარტიებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო პარტნიორებიც იქნებიან წარმოდგენილი. შესაბამისი კანონპროექტები პარლამენტს წარედგინება არა უგვიანეს 2021 წლის 1 მარტისა, ხოლო კანონპროექტები პარლამენტის მიერ მიიღება არაუგვიანეს 2021 წლის 1 მაისისა. დასასრულ, შეგახსენებთ, რომ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული მემორანდუმი ღიაა და სურვილის შემთხვევაში საპარლამენტო ოპოზიციას შეუძლია შეუერთდეს მას. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პარტიებს, რომლებიც უარს ამბობენ საპარლამენტო მუშობაში მონაწილეობის მიღებაზე, პირადი და პარტიული ინტერესები გვერდით გადადონ, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა, შემოვიდნენ პარლამენტში და არ გამოაკლდნენ ჩვენი ქვეყნისთვის ამ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელების პროცესს," - შალვა პაპუაშვილი.

02 თებერვალი, 2021

ირაკლი კობახიძის განცხადება

დღეს, პარტიის პოლიტიკური საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, ამ ეტაპზე, ოპოზიციის წარდგენით არჩეული 51 დეპუტატისთვის საპარლამენტო მანდატების შეწყვეტისგან თავის შეკავების თაობაზე. „ქართული ოცნების“ ეს პრაგმატული გადაწყვეტილება დაეფუძნა რამდენიმე ძირითად მოსაზრებას: - რადიკალური ოპოზიცია პროცედურული ინსტრუმენტების გამოყენებით ცდილობს განახორციელოს ის, რასაც ჩვენ ვუწოდებდით პარლამენტის საბოტაჟს და რაც გასულ ორშაბათს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ კიდევ უფრო მწვავედ შეაფასა, როგორც დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის მცდელობა. თუმცა, საქართველოს აქვს გამართული კონსტიტუცია, რომელიც დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართულ პროცედურულ ინსტრუმენტებს კიდევ უფრო ქმედით პროცედურულ ინსტრუმენტებს უპირისპირებს. სწორედ ამგვარი კონსტიტუციური ინსტრუმენტია პარლამენტის შესაძლებლობა, დაუპირისპირდეს პარლამენტის საბოტაჟს და საბოტაჟის განმახორციელებელ დეპუტატებს არ შეუწყვიტოს საპარლამენტო მანდატები. დღეს საქართველოს პარლამენტი სწორედ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ამ ინსტრუმენტს აამოქმედებს. - დღეს, საქართველოს პარლამენტში უკვე წარმოდგენილია სამი პოლიტიკური პარტია. შესაბამისად, რადიკალური ოპოზიციის მიერ დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის ყოველგვარი მცდელობა წარუმატებლობისთვის არის განწირული. თუმცა, ჩვენ მხედველობაში მივიღეთ ის გარემოება, რომ იმ დეპუტატებს, რომლებმაც წარადგინეს განცხადებები სადეპუტატო მანდატების შეწყვეტის თაობაზე, საპარლამენტო არჩევნებში მხარი ამომრჩევლის 39-მა პროცენტმა დაუჭირა. შესაბამისად, ჩვენ ამ დეპუტატებს მივეცით კიდევ ერთი შესაძლებლობა, პატივი სცენ მათი მხარდამჭერების ნებას, რომელთა ორი მესამედი, როგორც ეს უკანასკნელმა სოციოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, მათი ფავორიტი პარტიების პარლამენტში შესვლის მომხრეა. - გარდა ამისა, ჩვენ გავითვალისწინეთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დამოკიდებულება საკითხისადმი, რომელიც რადიკალური ოპოზიციისთვის კონსტრუქციულ რელსებზე გადასვლის კიდევ ერთი შანსის მიცემისკენ იხრება. - ბოლოს, გვაქვს ინფორმაცია, რომ დამატებით 20-მდე ოპოზიციონერ დეპუტატს სურს პარლამენტში შემოსვლა, თუმცა, შანტაჟისა და ბულინგის გამო ვერ ახერხებენ დღემდე ამ ნაბიჯის გადადგმას. შესაბამისად, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ამ დეპუტატებს მივცეთ საპარლამენტო მანდატების შენარჩუნების კიდევ ერთი შესაძლებლობა. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება არ ნიშნავს ჩვენი და ჩვენი მხარდამჭერების დამოკიდებულების ცვლილებას რადიკალური ოპოზიციის მიმართ. ჩვენი პოზიცია უცვლელია იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მონაწილეობა საპარლამენტო და პოლიტიკურ პროცესებში ასრულებს თვისებრივად უარყოფით და კონტრპროდუქტიულ როლს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის. თუმცა, ზემოთ ჩამოთვლილ მოსაზრებებზე დაყრდნობით, ჩვენ დღეს მათთვის საპარლამენტო მანდატების შეწყვეტისგან შევიკავებთ თავს.კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს მანევრირების ძალიან დიდი რესურსი, მაშინ, როდესაც რადიკალურ ოპოზიციას აქვს მხოლოდ ორი არჩევანი - პარლამენტში შესვლა ან არშესვლა. გვესმის, რომ ორივე არჩევანი მათთვის რთული და პრობლემურია, თუმცა, შეგახსენებთ, რომ ამ მდგომარეობაში მათ თავისივე არასწორი ქმედებებით ჩაიყენეს თავი.

01 თებერვალი, 2021

1-ელ ნოემბერს, „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გამოქვეყნებული პარალელური დათვლის ორი ძირითადი მიგნებიდან, ორივე მცდარი აღმოჩნდა

პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრის, შალვა პაპუაშვილის ბრიფი გვინდა, გამოვეხმაუროთ არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ მიერ 29 იანვარს ჩატარებულ პრესკონფერენციას, რომელიც უბნების 8%-ზე დისბალანსის შესახებ მათ თავდაპირველ განცხადებას ეხებოდა. როგორც იცით, „სამართლიანმა არჩევნებმა“ ჩაატარა 31 ოქტომბრის საპარლმენტო არჩევნების პარალელური დათვლა და 1 ნოემბერს წარმოდგენილ ანგარიშში ხაზი გაუსვა ორ ძირითად მიგნებას - კერძოდ, მათ მაშინ განაცხადეს, პირველი, რომ ცესკოს მონაცემები არ ემთხვეოდა პარალელური დათვლის შედეგებს დ ა მეორე, უბნების 8%-ში იყო მეტობით დისბალანსი, რასაც შესაძლებელია ჰქონოდა 4,1%-იანი გავლენა არჩევნების შედეგებზე.საზოგადოებას ახსოვს, რომ სწორედ ეს ორი მიგნება გამოიყენეს ჩვენმა ოპონენტებმა არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით დეზინფორმაციის კამპანიის წარმოებისთვის. საზოგადოებას ასევე ახსოვს, რომ ჩვენ პირველივე დღეებში შევიტანეთ ეჭვი ამ მიგნების სისწორეში და მოვუწოდებდით „სამართლიან არჩევნებს“ გადაემოწმებინა ეს შედეგები. არჩევნებიდან ერთი თვის თავზე, 11 დეკემბერს, „სამართლიანმა არჩევნებმა“ აღიარა, რომ პარალელური დათვლის შედეგები იყო მცდარი, ვინაიდან მათ ხმების საერთო რაოდენობაზე მითვლილი ჰქონდათ ბათილი ბიულეტენები და დაადასტურეს, რომ ამ მონაცემების შესწორების შემდეგ პარალელური დათვლის შედეგები დაემთხვა ცესკო-ს შედეგებს. ამასთან, გაირკვა ისიც, რომ სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელობამ ამ ხარვეზის შესახებ მალევე შეიტყო, თუმცა თითქმის ერთი თვე ამ ინფორმაციას არ უმჟღავნებდა საზოგადოებას.როგორც თქვენ გახსოვთ, ჩვენ ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენეთ მათი მეორე მიგნებაც, რომ თითქოს უბნების 8%-ზე იყო მეტობით დისბალანსი, რასაც შეეძლო არჩევნების შედეგებზე 4,1%-იანი გავლენა მოეხდინა. სწორედ ამ საკითხს, თითქმის სამი თვის დაგვიანებით, მიეძღვნა სამართლიანი არჩევნების 29 იანვრის პრესკონფერენცია და ამ პრესკონფერენციიდან ჩვენ გავიგეთ, რომ პირველი, მეტობით დისბალანსიანი უბნების დაანგარიშებისას „სამართლიან არჩევნებს“ არ ჰქონდა გათვალისწინებული შესწორების ოქმები, ხოლო მათი გათვალისწინების შემდეგ, მეტობით დისბალანსის მქონე უბნების რაოდენობა დაემთხვა ცესკო-ს მონაცემებს - კერძოდ, „სამართლიანი არჩევნების“ განახლებული მონაცემებით ეს იყო უბნების 0,4% და არა 8%, როგორც ისინი თავდაპირველად აცხადებდნენ, ხოლო ცესკო-ს მონაცემებით - 0,5%. და მეორე, „სამართლიანმა არჩევნებმა“ სრულად უკან წაიღო მისი თავდაპირველი განცხადება, რომ დისბალანსის შესაძლო გავლენა შედეგზე 4,1% შეიძლება ყოფილიყო. შესაბამისად, დადასტურდა რომ 1 ნოემბერს „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გამოქვეყნებული პარალელური დათვლის ორი ძირითადი მიგნებიდან, ორივე აღმოჩნდა მცდარი, რაც, თავის მხრივ, გამოწვეული იყო პარალელური დათვლის შედეგების შეჯამების პროცესში პროფესიული სტანდარტის დარღვევით. ამასთან, „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლებმა გამოთქვეს პრეტენზია ზოგიერთი უბნის შესწორების ოქმის მიმართ, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენი მრავალგზის მოწოდების მიუხედავად, ისინი დღემდე არ ასაჯაროებენ იმ კონკრეტულ უბნებს რომელთა მიმართაც მათ აქვთ პრეტენზია. ამის ნაცვლად, „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ შეხვდნენ ყველა დაინტერესებულ სუბიექტს და აუხსნან მათი პრეტენზიის არსი. საზოგადოებას აქვე შევახსენებთ, რომ შესწორების ოქმი არის იგივე სამართლებრივი ძალის მქონე დოკუმენტი, როგორც თავდაპირველი შემაჯამებელი ოქმი და რომ მასაც ხელს აწერენ იგივე კომისიის წევრები, მათ შორის, ოპოზიციის წარმომადგენლები. ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ, შევხვდეთ „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლებს, თუმცა, ამავე დროს, მიგვაჩნია, რომ იმის გათვალისწინებით, თუ რა რეზონანსი მოჰყვა მათ თავდაპირველ მცდარ ინფორმაციას და შემდეგ მის ეტაპობრივ შესწორებას, მნიშვნელოვანია, რომ „სამართლიანმა არჩევნებმა“ განსაკუთრებულად იზრუნოს ამ საკითხის გარშემო რაც შეიძლება მეტ გამჭვირვალობაზე და ყველა ის ინფორმაცია, რომელიც მათ სურთ, რომ დახურულ შეხვედრაზე მოგვაწოდონ, ასევე გახადონ საჯარო საზოგადოებისთვის. ამით ისინი, საზოგადოების ინფორმირებასთან ერთად, ეფექტიანად შეეწინააღმდეგებიან იმ დეზინფორმაციის კამპანიას, რომელსაც დღემდე ეწევა ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი, მათ შორის „სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშის გამოყენებით.

23 იანვარი, 2021

მამუკა მდინარაძის ბრიფინგი

მოგეხსენებათ, პარტიის რიგგარეშე მეექვსე ყრილობის შემდეგ, დღეს, ყრილობის მიერ არჩეული პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელმაც პარტიის სამდივნო აირჩია. აგრეთვე, პარტიის საორგანიზაციო საკითხებსა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ვისაუბრეთ. გაგაცნობთ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” სამდივნოს შემადგენლობას - გენერალური მდივანი უკვე იცით, რომ ბატონი კახა კალაძეა, პოლიტიკურ მდივნად, პოლიტიკურმა საბჭომ კვლავ ირაკლი ღარიბაშვილი აირჩია. პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, საერთაშორისო მდივანი კახა კუჭავა იქნება, რეგიონალური მდივანი დიმიტრი სამხარაძე, ხოლო რაც შეეხება აღმასრულებელ მდივანს, პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით აღმასრულებელი მდივანი ვიქნები მე და შევუდგები საქმიანობას.