ENG

სახელმწიფო ორგანიზაციები

უკან დაბრუნება

მაჟორიტარობის კანდიდატი

გიორგი ვოლსკი

გიორგი ვოლსკი

დიდუბე-ჩუღურეთი

გიორგი ვოლსკი

დაიბადა 1957 წელს, გოგოლის ქუჩაზე. სწავლობდა 24-ე საშუალო სკოლაში. 1978 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. 1978-1990 წლებში მუშაობდა საქართველოს ვაჭრობის სამინისტროს საინფორმაციო-გამოთვლით ცენტრში ინჟინრად, სამინისტროს ცენტრალურ აპარატში უფროს ეკონომისტად; საქართველოს რაიონულ, საქალაქო და ცენტრალურ პარტიულ ორგანიზაციებში. 1990-1991 წლებში მონაწილეობდა საქართველოს დამოუკიდებელი პროფკავშირების კონფედერაციის ჩამოყალიბებაში და აქვე მუშაობდა საორგანიზაციო განყოფილების უფროსად. ხელმძღვანელობდა პროფკავშირების წესდების ახალი რედაქციის პროექტის შედგენისათვის შექმნილ საზოგადოებრივ სამუშაო ჯგუფს.

1991-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლის მოადგილედ რუსეთის ფედერაციაში, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების გამგის მოადგილედ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის უფროს მრჩევლად, საგარეო საქმეთა სამინისტროს გაეროს სამმართველოს უფროსად, გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილედ. კოლეგებთან ერთად საფუძველი ჩაუყარა პირველი დიპლომატიური მისიების გახსნას ვაშინგტონსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში; მნიშვნელოვანი იყო მისი ჩართულობა ორმხრივი და მრავალმხრივი პოლიტიკური ურთიერთობების განვითარების საქმეში, საქართველოსთან საქმიანი დელეგაციების გაცვლის ორგანიზებაში, გაეროს უშიშროების საბჭოსა და სხვა სტრუქტურებში პოლიტიკური პოზიციების ფორმირების პროცესში. წარმოადგენდა საქართველოს გაეროს განიარაღების და ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტებში. მუშაობდა საგანგებო საკითხებში საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანაშემწედ.

2004-2006 წლებში იყო კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი. საქართველოში მეგობარი ქვეყნების, აგრეთვე გაეროს, ეუთოს, ევროკავშირის წარმომადგენლებთან ერთად მუშაობდა კონფლიქტების ტრანსფორმაციის მიზნით სტრატეგიული გეგმის (საგზაო რუკის) ჩამოყალიბებაში და კურირებდა მისი რეალიზაციის პროცესს. 2007-2011 წლებში იყო საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოში გაეროს განვითარების ფონდის პროექტების მონაწილე.

2012 წლიდან საქართველოს პარლამენტის წევრია. სხვადასხვა დროს იყო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და უმრავლესობის ლიდერი.

2019 წლის ნოემბრიდან პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეა. ხელმძღვანელობს პოლონეთის რესპუბლიკის და სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტებთან მეგობრობის ჯგუფებს. არის საპარლამენტთაშორისო კავშირისა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის შემადგენლობებში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრი.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.